როგორც წინა ბლოგში აღვნიშნეთ, საკონსტიტუციო სასამართლო სპეციალიზებული და ინსტიტუციურად დამოუკიდებელი სასამართლოა, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყნის კონსტიტუციის ინტერპრეტაციასა (განმატრება) და კონსტიტუციური კონტროლის განხორციელებაზე. სწორედ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების ხელშია საბოლოო სიტყვა თუ რამდენად თავსებადია ქვეყანაში მოქმედი სამართლებრივი წესები ქვეყნის უზენაეს კანონთან - კონსტიტუციასთან. საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კარგად ინფორმირებული საზოგადოების არსებობა, კი ხელს უწყობს სასამართლოს ანგარიშვალდებულებას. აქედან გამომდინარე, დღევანდელი ბლოგის განსახილველი საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს დაკომპლექტების პროცედურა იქნება, რა დროსაც უფრო მეტ ყურადღებას გავამახვილებთ საქართველოში არსებულ პრაქტიკაზე.
ვინ ნიშნავს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს?
კანდიდატების შერჩევის უფლებამოსილება განსხვავდება სახელმწიფოების სამართლებრივი და პოლიტიკური სისტემების მიხედვით. ზოგიერთ სამართლებრივ სისტემაში კანდიდატების შერჩევა მხოლოდ აღმასრულებელი ხელისუფლების პრეროგატივაა, მაშინ როდესაც ზოგიერთ ქვეყანაში აღნიშნულ უფლებამოსილებას საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებებიც იზიარებენ.
როგორც წესი, საპრეზიდენტო სისტემებში საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების ნომინირების უფლებამოსილება აღმასრულებელ ხელისუფლებას ეკუთვნის, მათი დანიშვნა კი საკანონმდებლო ხელისუფლების კომპეტენციას განეკუთვნება. ამისგან განსხვავებით, საპარლამენტო სისტემებში გარდა აღმასრულებელი ხელისუფლებისა მოსამართლეთა კანდიდატების ინიცირება საკანონმდებლო ან სასამართლო ხელისუფლების მიერაც ხდება.
მიუხედავად იმისა თუ რომელი ორგანოს კომპეტენციას განეკუთვნება კანდიდატად ინიცირების უფლებამოსილება, მნიშვნელოვანია ნომინირების პროცესი მიუკერძოებლობისა და გამჭირვალეობის მაღალ სტანდარტს აკმაყოფილებდეს.
საქართველოში საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა ინიცირების უფლებამოსილება ხელისუფლების სამივე შტოზეა გადანაწილებული. საქართველოში საკონსტიტუციო სასამართლო 10 წლის ვადით არჩეული 9 მოსამართლისგან შედგება. კონსტიტუციო სასამართლოს სამ წევრს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი, სამ წევრს არანაკლებ 90 ხმით (სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედის უმრავლესობით) ირჩევს საქართველოს პარლამენტი, ხოლო სამ წევრს ნიშნავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
ამჟამად საქართელოს საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტის მიერ არჩეული მოსამართლეები არიან: მერაბ ტურავა (2015 წელი), მანანა კობახიძე (2017 წელი) და ევა გოცირიძე(2017 წელი). საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული მოსამართლეები: ირინე იმერლიშვილი (2016 წელი), გიორგი თევდორაშვილი(2021 წელი) და გიორგი კვერენჩხილაძე (2016 წელი). ხოლო უზენაესი სასამართლოს მიერ არჩეული წევრები: ვასილ როინიშვნილი (2020 წელი), ხვიჩა კიკილაშვილი (2020 წელი) და თეიმურაზ ტუღუში (2016 წელი) არიან.
როგორია საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის პროცედურა?
განსხვავებული სამართლებრივი სისტემების მიუხედავად, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის პროცედურა როგორც წესი შედგება შემდეგი ეტაპებისგან:
- ნომინირება: ნომინირების პროცესი უნდა იყოს ღია და გამჭვირვალე, რაც ფართო საზოგადოებას კანდიდატების მოსმენის შესაძლებლობას მისცემს;
- ვეტინგი: ნომინანტთა კვალიფიკაციისა და მიუკერძოებლობის შესაფასებლად უნდა ჩატარდეს საფუძვლიანი შემოწმების პროცესი. ეს შეიძლება მოიცავდეს კანდიდატის იურიდიული გამოცდილების, განათლებისა და პირადი რეპუტაციის მიმოხილვას, ასევე საჯარო მოსმენებს, სადაც საკანონმდებლო შტოს წევრებს და საზოგადოებას შეუძლიათ გამოხატონ თავიანთი შეხედულებები კანდიდატის შესახებ.
- არჩევა/დანიშვნა: დანიშვნის/არჩევის პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე და როგორც წესი უნდა მოიცავდეს საკანონმდებლო ორგანოს კენჭისყრას.
- ფიცის დადება: ფიცის დადების ცერემონია ღია უნდა იყოს საზოგადოებისთვის და ხაზს უსვამდეს სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის მნიშვნელობას.
მოსამართლეთა დანიშვნის აღნიშნული ეტაპები უნდა გამოირჩეოდეს ფართო წარმომადგენლობით, რომელიც უზრუნველყოფს სასამართლოში საუკეთესო კანდიდატების შერჩევას და აამაღლებს საზოგადოების ნდობას მართლმსაჯულების განხორციელების მიმართ.
განვიხილოთ რა ეტაპებს მოიცავს ხელისუფლების სხვადასხვა შტოების მიერ მოსამართლეთა შერჩევის ეტაპები საქართველოში.
საქართველოში საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 35 წლის ასაკიდან, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება და გამორჩეული პროფესიული კვალიფიკაცია. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა შერჩევისას საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტი და უზენაესი სასამართლო ითვალისწინებენ კანდიდატის პროფესიულ გამოცდილებას, რომელიც უნდა შეეფერებოდეს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის მაღალ სტატუსს.
პარლამენტის მიერ მოსამართლეთა არჩევა
პარლამენტში ნომინირების უფლებამოსილება გააჩნიათ პარლამენტის თავმჯდომარეს, ფრაქციას და უფრაქციო პარლამენტის წევრთა არანაკლებ შვიდკაციან ჯგუფს, რომელიც საქართველოს პარლამენტს წარუდგენს კანდიდატურას საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის თანამდებობაზე.
ინიცირებულ კანდიდატს პარლამენტი არანაკლებ 90 ხმით (სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით), ამავდროულად სხვა კანდიდატზე მეტი ხმით ირჩევს საკონსტიტუციო სასამართლოს 3 წევრს. კანდიდატების საქართველოს კანონმდებლობასთან შსაბამისობის დადგენის შემდეგ იურიდიულ საკითხთა კომიტეტი სხდომაზე უსმენს თითოეულ კანდიატს, თუმცა კანონმდებლობა არ განსაზღვრავს რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს კანდიდატის მოსმენა. კანდიდატის მოსმენა გულისხმობს სიტყვით გამოსვლას კომიტეტის წინაშე, რა დროსაც კანდიდატს შესაძლოა კითხვები დაუსვან პარლამენტის წევრებმა. მაგალითისთვის, პარლამენტის მიერ ბოლოს არჩეული საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის ევა გოცირიძის მოსმენა მხოლოდ 45 წუთს გაგრძელდა[1]. პარალელს თუ გავავლებთ ამერიკის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატეიბის მოსმენის პროცესთან, იგი შესაძლოა რამდენიმე კვირა გაგრძელდეს. კანონმდებლობის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა თანამდებობაზე არჩევისას ტარდება ფარული კენჭისყრა, რა დროსაც პლენარულ სხდომაზე აღარ ხდება კანდიდატის მოსმენა.
უზენაესი სასამართლოს მიერ მოსამართლეთა არჩევა
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა 3 წევრის დანიშვნის უფლებამოსილება უზენაესი სასამართლოს პლენუმს ეკუთვნის. კანდიდატს ასახელებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, კენჭისყრის შედეგად არჩეულად მიიჩნევა ის პირი, რომელიც დამსწრეთა ხმების 2/3-ს მიიღებს. აღნიშნული პროცედურის გარდა კანონმდებლობა არ განსაზღვრავს კანდიდატის მოსმენის სავალდებულოობას, კანდიდატის არჩევამდე წინასწარ დასახელების ვალდებულებას, პროცესის საჯაროობის ვალდებულებას და სხვა.
უზენაესი სასამართლოს პლენუმის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის პროცედურის გაუმჭირვალობის საილუსტრაციო შეგვიძლია მოვიყვანოთ 2020 წელს დანიშნული ორი მოსამართლის მაგალითი. 2020 წელს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში უზენაესი სასამართლოს კვოტით ორი წევრი აირჩია. პირველი იყო მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი, რომელიც, მოწოდებების მიუხედავად, თანამდებობაზე საგანგებო მდგომარეობის დროს, 2020 წლის 3 აპრილს განწესდა (რამაც პროცესში დაინტერესებული პირების ჩართულობის შესაძლებლობა მკვეთრად შეამცირა). როგორც გაირკვა კანდიდატის ვინაობის შესახებ წინასწარ ინფორმაცია თავად პლენუმის წევრებსაც არ ჰქონდათ. არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ პროცესი უარყოფითად შეფასდა. თუმცა, შემდგომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ არ გაითვალისწინა აღნიშნული კრიტიკა და იმავე ხარვეზებით წარიმართა პროცესი 2020 წლის 29 მაისსაც, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად ვასილ როინიშვილი დანიშნის დროს.2
პრეზიდენტის მიერ მოსამართლეთა დანიშვნა
ამ შემთხვევაში პროცედურა უფრო მარტივი, შესაბამისად ბუნდოვანაია. კანონმდბელობით მხოლოდ ის არის დადგენილი თუ რა ვადაში უნდა დანიშნოს საქართველოს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე. კანდიდატთა ინიცირების, შესაბამისობისა და კომპეტენტურობის შემოწმების თვალსაზრისით პრეზიდენტი ფართო დისკრეციით სარგებლობს. ეს პროცესი მხოლოდ პრეზიდენტის შეხედულებებზეა მინდობილი.
შეჯამება
მნიშვნელოვანია საზოგადოებას წინასწარ ჰქონდეს ინფორმაცია ვინ შეიძლება გახდეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, რათა შემდგომში მოქალაქეებს ჰქონდეთ რწმენა, რომ მათ საქმეს დამოუკდიებელი, მიუკერძოებელი და კვალიფიციური მოსამართლეები განიხილავენ. მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის პროცედურაში ხელისუფლების სხვადასხვა შტოები მონაწილეობენ, ერთიანობაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა დაკომპლექტების პროცედურა არ არის სათანადოდ გამჭირვალე და ვერ უზრუნველყოფს საზოგადოების სათანადოდ ინფორმირებულობას. ამდენად, საჭიროა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა დაკომპლექტების არსებული წესის გადააზრება და მისი ისე ფორმირება, რომ უზრუნველყოფილი იქნას პროცესის გამჭირვალეობა, მრავალფეროვნება და საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა.