არჩევნები ავტორიტარულ რეჟიმებში - მოკლე თეორიული მიმოხილვა

ვასილ ჟიჟიაშვილი

შესავალი

Freedom House-ის დემოკრატიის ინდექსის მიხედვით, საქართველოს შეფასება ყოველ წელს იკლებს და ამჟამად იგი მიჩნეულია გარდამავალ/ჰიბრიდულ რეჟიმად დემოკრატიასა და ავტორიტარიზმს შორის.[1] ამ ფონზე საყურადღებოა საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ევროკავშირთან ასოცირების თვალსაზრისით. კერძოდ, ევროკომისიის 2023 წლის ნოემბერში გამოქვეყნებულ დასკვნაში მითითებულია, რომ ევროკავშირი საქართველოსგან მოელის თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფას და ეუთო-ოდირის რეკომენდაციების სრულად გათვალისწინებას. ასევე, არჩევნებამდე გონივრული დროით ადრე საარჩევნო რეფორმების დასრულებას, ამომრჩევლის ადეკვატური წარმომადგენლობის უზრუნველყოფით[2]. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, 2024 წლის არჩევნები საქართველოს ევროპული, დემოკრატიული მომავლისთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენა იქნება. ამ ბლოგის მიზანი ავტორიტარიზმის კვალდაკვალ არჩევნების როლისა და მნიშვნელობის დახასიათებაა.

თუკი დემოკრატიულ რეჟიმებში არჩევნების მთავარ დანიშნულებას ხელისუფლების ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა წარმოადგენს, ავტოკრატიული რეჟიმებისთვის უცხოა ანგარიშვალდებულების დემოკრატიული მექანიზმების არსებობა. ამის მიუხედავად ავტოკრატები ხშირად ატარებენ არჩევნებს, რომლებიც მეტ-ნაკლები დემოკრატიული ელემენტებით ხასიათდება. აღნიშნული ბლოგი მიმოიხილავს ავტოკრატების არჩევნებით დაინტერესების საფუძვლებს - იმ სარგებელს, რასაც ავტორიტარები არჩევნების ჩატარებით შეიძლება იღებდნენ. ასევე იმ საფრთხეებსაც, რომელიც თან ახლავს ავტოკრატების მიერ ჩატარებულ არჩევნებს.

რისთვის სჭირდებათ ავტორიტარებს არჩევნები?

რამდენად უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, არჩევნების ჩატარება ავტოკრატებს ხშირად შესაძლებლობას აძლევს გადაფარონ ავტორიტარული რეჟიმის არსებობით შექმნილი ინსტიტუციური თუ სოციალური პრობლემები. ავტოკრატების მიერ ავტორიტარულ რეჟიმებში ჩატარებული არჩევნებით მიღებულ სარგებელთან დაკავშირებით შეგვიძლია გამოვყოთ სამი ძირითადი მიმართულება. პირველი, არჩევნების შედეგები ავტოკრატებს მათი ელექტორალური მხარდაჭერის მობილიზაციის შესაძლებლობას აძლევს. მეორე, არჩევნების შედეგებით ავტოკრატებს შეუძლიათ შეაფასონ მმართველი ელიტის კომპეტენტურობა და პოპულარობა და ამასთან ერთად შეაფასონ ოპოზიციის შესაძლებლობებიც (ინფორმაციის მიღების ეფექტი). მესამე, ავტოკრატებისთვის არჩევნების გამოყენება შესაძლოა ეფექტიანი ინსტრუმენტი იყოს გაერთიანებული ოპოზიციის დასაშლელად და მათ შორის არსებული კოორდინაციის ჩასახშობად.[3]

ამდენად, ავტორიტარულ რეჟიმებში ჩატარებულ არჩევნებს ავტოკრატებისთვის ნამდვილად შესაძლოა ჰქონდეს სარგებლის მომტანი შედეგები, რაც გადაფარავს ავტორიტარული მმართველობით შექმნილ პრობლემებს. თუმცა, არჩევნების ჩატარებისას არსებობს რისკი, რომ ავტოკრატების მიერ მანიპულირებულ არჩევნებში შესაძლოა ოპოზიციამ გაიმარჯვოს, ანდაც არჩევნების მანიპულირების სიმძიმის გათვალისწინებით მასობრივი არეულობის ფონზე შეიცვალოს ავტორიტარული რეჟიმი. შესაბამისად, ავტოკრატების გადაწყვეტილება არჩევნების ჩატარების შესახებ წარმოადგენს ელექტორალურ დილემას, რომელიც იმის მიხედვით წყდება არჩევნების ჩატარების შედეგად მიღებული სარგებელი უფრო მეტია, თუ არჩევნებში დამარცხების რისკი.[4]

ელექტორალური დილემის არჩევნების ჩატარების სასარგებლოდ გადაწყვეტა მოითხოვს ავტორიტარების მიერ არჩევნების მანიპულირებას. გასათვალისწინებელია, რომ არჩევნების მანიპულირებისას ავტოკრატი ლიდერები ფრთხილად აფასებენ არჩევნების მანიპულირების სიმძიმესა და მანიპულირების შედეგად მიღებულ სარგებელს შორის კავშირს. ამის საფუძველია ის, რომ აბსოლუტურად მანიპულირებულმა არჩევნებმა შესაძლოა უკუეფექტი გამოიღოს და ავტორიტარს ვერ მიაღწევინოს ვერცერთი იმ შედეგისთვის, რომლის გამოც მას არჩევნების ჩატარება სასარგებლოდ მიაჩნია.

„რისკისა და სარგებლიანობის მექანიზმი“

ავტორიტარ ლიდერებს არჩევნების მანიპულირებისთვის არსენალში ბევრი ინსტრუმენტი გააჩნიათ. აღნიშნული სტრატეგიები განსხვავდება როგორც ეფექტებით, ასევე შედეგებით, თუმცა ისინი შეგვიძლია დავაჯგუფოთ როგორც ელექტორალური მანიპულაციისა და ეკონომიკური მანიპულაციის კატეგორებად.[5] ელექტორალური მანიპულაცია გულისხმობს არჩევნების შედეგების მანიპულირებას როგორც ინსტიტუციური თვალსაზრისით, ასევე ამომრჩევლის ნებაზე პირდაპირ ზემოქმედებას, მათ შორის იძულებას, შედეგების გაყალბებას, ხმების მოსყიდვას, ოპოზიციური პარტიების დევნას და სხვა.[6] ამისგან განსხვავებით, ეკონომიკური მანიპულირება გულისხმობს ავტორიტარების ხელში არსებული დოვლათის მიზნობრივ გადანაწილებას, მათ შორის გარკვეული სოციალური ჯგუფებისთვის სარგებლის მიცემას, მმართველი ელიტების გულის მოგებას და სხვა. ეკონომიკური მანიპულაციის გამოყენება მიზნად ისახავს მისი ადრესატების ეკონომიკური გაძლიერების ფონზე, მათი მხარდაჭერის მიღებას.[7] ეკონომიკური მანიპულაციის შედეგად შესაძლოა მივიღოთ როგორც ავტორიტარისადმი კლიენტალისტური დამოკიდებულება, ასევე pork barrel politics-ს. კლიენტალიზმი გულისხმობს რესურსების მიზნობრივ გადანაწილებას, რომელშიც პოლიტიკური ლიდერი მატერიალურ სარგებელს მის კლიენტებს სთავაზობს ხმის მიცემის ან პოლიტიკური მხარდაჭერის სხვა ფორმების სასარგებლოდ. ამის მაგალითად შეგვიძლია მოვიაზროთ, წინასაარჩევნოდ საჯარო მოხელეებისთვის ხელფასების გაზრდა და ბონუსების გაცემა, რათა შესაძლებელი გახდეს მათი მობილიზაცია.[8] ამისგან განსხვავებით, pork barrel politics-ის შემთხვევაში ავტოკრატის მიერ რესურსების გადანაწილების შედეგად მიღებულ სარგებელს პირობად არ უდევს სანაცვლოდ პოლიტიკური მხარდაჭერის ინტერესი.[9] ამის მაგალითად შეგვიძლია დავასახელოთ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, საჯარო მნიშვნელობის მქონე რეფორმების განხორიცელება (ჯანდაცვის, განათლების რეფორმა და სხვ) და სხვა.

არჩევნების მანიპულირების რომელ მეთოდს მიმართავს ავტორიტარი, დამოკიდებულია მის მიერ მასების მობილიზაციის შესაძლებლობებზე. თუკი ავტოკრატისთვის შესაძლებელია ეკონომიკური მანიპულაციის შედეგად მასების მობილიზება/შედეგებზე გავლენის მოხდენა, პრაგმატულია, რომ ადგილი არ ექნება უხეშ ელექტორალურ მანიპულაციას. ამის საპირისპიროდ, ისეთ შემთხვევაში როდესაც ავტორიტარები ეკონომიკური მანიპულირების ხარჯზე ვერ ახერხებენ მასების მობილიზებას, საჭიროა ელექტორალური მანიპულაციის ინსტრუმენტების გამოყენება. მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ რაც უფრო მძიმე ხარისხის ელექტორალურ მანიპულაციას გამოიყენებს ავტორიტარი არჩევნების მოსაგებად, მით მეტად  მცირდება მისთვის არჩევნების სარგებლიანობა - იზრდება არჩევნებში დამარცხების ან/და არჩევნების მანიპულირების შემდეგ მისთვის არასასურველი პროცესების განვითარების რისკი.

არჩევნების მანიპულირების სათანადო მეთოდის გამოყენებამდე ავტორიტარები მხედველობაში იღებენ ისეთ გარემოებებს, როგორიცაა: 1. ავტოკრატების ფინანსური შესაძლებლობები; 2. ფორმალურ და არაფორმალურ ორგანიზაციულ გაერთიანებების არსებობას, რაც ავტორიტარს შესაძლებლობას აძლევს აკონტროლოს მმართველი ელიტის დისციპლინა და რესურსების მასებზე გადანაწილების ჯაჭვი; 3. ოპოზიციის მიერ მასების მობილიზაციის შესაძლებლობები, რაც თავის მხრივ ასუსტებს ავტორიტარის მიერ მასების მობილიზების შესაძლებლობებს.[10]

დასკვნა

ავტოკრატიული არჩევნების ზემოთ განხილული თეორია კარგად გვაჩვენებს ავტორკატების ელექტორალურ მისწრაფებებს და დასახული მიზნების რეალიზებისთვის მათ მიერ იმ ზომების მიღების არეალს, რაც არჩევნების მანიპულირებით ცვლის მოსახლეობის ნებას და ძირს უთხრის ანგარიშვალდებულების მექანიზმის არსებობას. ავტოკრატების თვალით დანახულ არჩევნებზე დაკვირვებით შეგვიძლია ზუსტად ამოვიცნოთ რა შეიძლება იდგეს მათ მიერ არჩევნების ინსტიტუციური რეფორმებისა თუ წინასწაარჩევნო პერიოდში მასების მობილიზების პრაქტიკების უკან. ამ თეორიული მიმოხილვით კი შესაძლებელია საქართველოში 2024 წელს ჩასატარებელი არჩევნების წინარე მოლოდინებისა და მიმდინარე პოლიტიკურ პროცესების განსხვავებული, ავტორიტარიზმისგან მომდინარე საფრთხეების ჭრილში გააზრება.

 


[2] EUROPEAN COMMISSION, COMMUNICATION FROM THE COMMISSION TO THE EUROPEAN PARLIAMENT, THE COUNCIL, THE EUROPEAN ECONOMIC AND SOCIAL COMMITTEE AND THE COMMITTEE OF THE REGIONS 2023 Communication on EU Enlargement Policy, Brussels, 8.11.2023 COM(2023) 690 final.

[3] Higashijima, Masaaki. The Dictator’s Dilemma at the Ballot Box: Electoral Manipulation, Economic Maneuvering, and Political Order in Autocracies. University of Michigan Press, 2022, 35.

[4] Ibid, 36.

[5] Ibid, 47.

[6] Ibid.

[7] Ibid, 49.

[8] Ibid.

[9] Ibid.

[10] Ibid.

სხვა პოსტები