მიუხედავად იმისა, რომ არსებობს დემოკრატიის მრავალნაირი ფორმა, როდესაც დემოკრატიაზე ვსაუბრობთ, როგორც წესი გვახსენდება სისტემა, სადაც მოქალაქეები მონაწილეობენ საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, დაცულია ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, ხელისუფლება დანაწილებულია შტოებს შორის, ანგარიშვალდებულია საზოგადოების წინაშე და დაცულია სამართლის უზენაესობა. ჩემი მიზანი არ არის დემოკრატიის სხვადასხვა პროცედურული გარანტიების მიმოხილვა და იმის გარჩევა როგორი სისტემაა ნამდვილი დემოკრატია(True democracy). ბლოგში განვიხილავ იმას, უკავშირდება თუ არა საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნქციონირება დემოკრატიის დაცვას და რა შემთხვევაში შეიძლება იგი მოგვევლინოს დემოკრატიის მტრად.
საკონსტიტუციო სასამართლო გადამწყვეტ როლს ასრულებს დემოკრატიის დაცვაში კონსტიტუციის მცველის როლში და უზრუნველყოფს კანონების, მთავრობისა და სხვა ინსტიტუტების ქმედებების ქვეყნის უზენაესი კანონის, კონსტიტუციასთან შესაბამისობის შემოწმებას. ამ მხრივ საინტერესოა თავად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეფლექსიაც საკუთარი როლის გააზრების შესახებ დემოკრატიულ საზოგადოებაში: „საკონსტიტუციო სასამართლო, თავისი ფუნქციური დატვირთვიდან გამომდინარე, ზოგადად, ორ მიზანს ემსახურება – ხელისუფლების კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში ფუნქციონირების უზრუნველყოფას (ხელშეწყობას) და ადამიანის უფლებების დაცვას ხელისუფლების მხრიდან არათანაზომიერი ჩარევისაგან (უფლების დარღვევისაგან)“1. იშვიათად თუ შეხვდებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებში განმარტებას, სასამართლოს როგორც დემოკრატიის მცველის შესახებ. თუმცა, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საკუთარი ფუნქციის აღქმა სწორედ დემოკრატიული ღირებულებების დაცვას ემსახურება. ადამიანის უფლებების დაცვაც და ხელისუფლების დანაწილებაც დემოკრატიისთვის ფუნდამენტური ღირებულების მქონე სიკეთეებია.
მეტიც, ზოგადად კონსტიტუციონალიზმის იდეა მჭიდროდ უკავშირდება დემოკრატიული მმართველობის არსს. კონსტიტუციონალიზმი არის პრინციპების, მოქმედების მეთოდებისა და ინსტიტუციური მოწყობების ერთობლიობა, რომელიც ტრადიციულად ხელისუფლების შესაზღუდად გამოიყენება2. საკონსტიტუციო სასამართლო ხელისუფლების უფლებამოსილებების შეზღუდვის წინაპირობად ადამიანის უფლებებს ან სამართლის უზენაესობის პრინციპებს იყენებს და ამგვარად თავისი საქმიანობით განამტკიცებს დემოკრატიული მმართველობის პრინციპებს.
ამის მიუხედავად სახელმწიფოში საკონსტიტუციო სასამართლოს არსებობა a priori არ მიანიშნებს მის დემოკრატიულობაზე. ავტორიტარული მმართველობის თანამედროვე მეთოდები ხშირ შემთხვევაში შესაძლოა მესამე პირისთვის დამაბნეველიც იყოს. თუკი ქვეყანაში არსებობს ძირითადი დემოკრატიული ინსტიტუტები, რეგულარულად ტარდბა არჩევნები, არსებობს კონსტიტუცია, რომელიც იცავს ადამიანის უფლებებს რატომ არ არის ეს საკმარისი დემოკრატიისთვის? საქმე იმაშია, რომ დღესდღეობით ავტორიტარი ლიდერები ეროვნულ თუ საერთაშორისო ასპარეზზე საკუთარი თავის „დემოკრატიულ ლიდერად“ შესაფუთად უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას სწორედ დემოკრატიული ინსტიტუტების მეშვეობით ახდენენ. თუკი რომელიმე ავტორიტარს კონკრეტული პირის ციხეში ჩასმა სურს, ამას ტრადიციულად ერთპიროვნული გადაწყვეტილებით და ყველასთვის დასანახი ძალაუფლების ბოროტად გამოყენებით კი არ გააკეთებს, არამედ საგამოძიებო ორგანოების, პროკურატურისა და სასამართლოს ხელში ჩაგდების შემდეგ სწორედ ამ ორგანოების მიერ კანონის პროცედურული დაცვით ჩასვამენ ამ ადამიანს ციხეში. როგორც ხედავთ ასეთ დროს პროცედურული დემოკრატია სახეზეა: ერთი შეხედვით კანონი არ დარღვეულა, პირი ციხეში სასამართლომ გაუშვა - ე.ი ყველაფერი თითქოს ისეა როგორც დემოკრატიულ სახელმწიფოში. თუმცა ასეთ რეჟიმებს არაფერი აქვთ საერთო დემოკრატიასთან გარდა იმისა, რომ ფორმალურად არსებობს დემოკრატიული ინსტიტუტები.
როგორ “დაიმეგობრა” ვიქტორ ორბანმა უნგრეთის საკონსტიტუციო სასამართლო3
ზემოთ განხილული აბსტრაქტული მსჯელობა ბუნდოვანი რომ არ იყოს შეგვიძლია განვიხილოთ პრაქტიკული მაგალითი იმისა, თუ როგორ მიიტაცა ვიქტორ ორბანმა უნგრეთის საკონსტიტუციო სასამართლო.
უნგრეთის 2010 წლის საპარლამენტო არჩევნები დაემთხვა მსოფლიო ფინანსური კრიზისის შემდგომ ქვეყანაში არსებულ მძიმე პერიოდს. არჩევნებამდე ქვეყანას 8 წლის განმავლობაში მართავდა სოციალისტური პარტია, რომელიც 2010 წლის არჩევნებზე დაამარცხა ყველაზე დიდმა ოპოზიციურმა პარტიამ ფიდეშმა, რომელიც კოალიციაში შევიდა ქრისტიან-დემოკრატიულ პარტიასთან. მიუხედავად იმისა, რომ ფიდეშის საარჩევნო კამპანია კონსტიტუციურ ცვლილებებს არ მოიაზრებდა პარტიის ლიდერმა ვიქტორ ორბანმა პარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვების შემდგომ მალევე დაიწყო საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება. ცვლილებების პირველი სამიზნე კი სწორედ საკონსტიტუციო სასამართლო გახდა.
1990-იანი წლების შემდგომ უნგრეთის ერთპალატიან საპარლამენტო რეჟიმში საკონსტიტუციო სასამართლო წარმოადგენდა ყველაზე ძლიერ ორგანოს, რომელიც ხელისუფლების შემოწმება გაწონასწორებისა და კონსტიტუციური სტრუქტურის ფარგლებში მოქცევას აბალანსებდა. ვიქტორ ორბანის ხელისუფლებაში მოსვლის პირველ წლებში კონსტიტუციის არაერთხელ ცვლილებასთან ერთად ცვლილება შევიდა 800-ზე მეტ საკანონმდებლო აქტში, რომელმაც აბსტრაქტულ დონეზეც კი მოსპო საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ხელისუფლების საქმიანობის კონტროლის შესაძლებლობა.
2010 წლის 5 ივლისის კონსტიტუციურის ცვლილებით შეიცვალა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა და სასამართლოს თავმდჯომარის არჩევის პროცედურა. ცვლილების შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის არჩევა შესაძლებელია პარლამენტის სრული შემადგენლობის 2/3-ით, ხოლო მოსამართლეების ნომინირება ხდება იმ საპარლამენტო კომიტეტების მიერ, რომელსაც ორბანი სრულად აკონტროლებს. აქედან გამომდინარე, მხოლოდ მმართველი პარტიის ხმები საკმარისია მოსამართლეთა ასარჩევად, სხვა პოლიტიკურ პარტიებს კი არ აქვთ მოსამართლეების საკუთარი შეხედულებისამებრ ნომინირების ან არჩევის შესაძლებლობა.
შემდეგი კონსტიტუციური ცვლილებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადატვირთულობის არგუმენტზე დაყრდნობით ორბანის პარტიამ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობა 11-დან 15-მდე გაზარდა, ახალი მოსამართლეების დანიშვნით სასამართლოში ორბანისადმი ლოიალური მოსამართლეების უმრავლესობის შექმნის შესაძლებლობას იძლეოდა. ორბანმა აღნიშნულ მიზანს უკვე 2013 წელს მიაღწია, როდესაც ახალი მოსამართლეების დაკომპლექტებით მოიპოვა მმართველი პარტიისადმი ლოიალური მოსამართლეების უმრავლესობა.
ორბანის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში საკუთარი მოსამართლეების დანიშვნის პროცესში სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო ორბანის ხელისუფლებაში მოსვლამდე ხელისუფლებაში მყოფი პირებისთვის სამსახურებრივი დანამატების გაუქმების მომსწესრიგებელი კანონმდებლობა. საპასუხოდ ორბანის პარტიამ მიიღო ახალი კონსტიტუციური ცვლილებები, რომლითაც საკონსტიტუციო სასამართლოს ჩამოართვა კონკრეტულ ფინანსურ საკითხებზე საქმის განხილვის უფლებამოსილება.
მეოთხე და ყველაზე მძიმე კონსტიტუციური ცვლილება, გულისხმობდა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 1990-2011 წლებში დადგენილი პრეცედენტული სამართალწარმოების ნულიფიკაციას - სამართლებრივი ძალის დაკარგვას. ორბანის მიერ საკუთარი დომინაციის საბოლოოდ განსამტკიცებლად კონსტიტუციური ცვლილებები ასევე გამორიცხავდა სასამართლოს უფლებამოსილებას შეემოწმებინა თავად კონსტიტუციური ცვლილებების თავსებადობა ძირითადი კანონის ფუნდამენტურ პრინციპებთან მიმართებით.
ამგვარი კონსტიტუციური ცვლილებებით ვიქტორ ორბანმა წარსულში არსებული დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო, რომელიც გამოირჩეოდა ხელისუფლების ქმედებების მკაცრი კონტროლით და ადამიანის უფლებების დაცვის პოზიციით, გარდაიქმნა მმართველი პარტიის დაქვემდებარებაში მყოფ ინსტიტუტად. ჩვენი ბლოგის თემას თუ დავუბრუნდებით, მნიშვნელოვანია დავსვათ კითხვა - რაში იყენებს ორბანი მიტაცებულ საკონსტიტუციო სასამართლოს?
ორბანის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს მიტაცება დროში წინ უსწრებდა ყველა სხვა ინსტიტუტზე თავდასხმას. ეს იმით აიხსნება, რომ ჯიბის საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია მწვანე შუქი აუნთოს ორბანის მიერ მიღებულ ნებისმიერ საკონსტიტუციო თუ საკანონმდებლო ცვლილებას და იგი გამოაცხადოს უზენაეს კანონთან თავსებადობაში. ეს ორბანს შესაძლებლობას აძლევს ფორმალურად გამოჩნდეს როგორც კანონითა და კონსტიტუციით შებოჭილი ხელისუფალი როგორც შიდა ასევე გარე აქტორებთან მიმართებით.
დასკვნა
ავტორიტარიზმის თანამედროვე ტენდენციები საკმაოდ მოდერნულია და ყოველთვის ცდილობს რეჟიმის ფორმალური მხარე მიამსგავსოს დემოკრატიას. ეს კი ავტორიტარ ლიდერებს შესაძლებლობას აძლევს დემოკრატიული სახელმწიფოს ილუზიაში აცხოვროს ერთი მხრივ საკუთარი მოქალაქეები, ხოლო მეორე მხრივ საერთაშორისო საზოგადოების თვალში დემოკრატიულად შეიფუთოს ძალაუფლების ბოროტად გამოყენება. ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი შეუძლია ჰქონდეს საკონსტიტუციო სასამართლოს. ამიტომ არის ის ავტორიტარების სასურველი მეგობარი. ამიტომ “დაიმეგობრა” ორბანმა საკონსტიტუციო სასამართლო.
არის თუ არა კავშირში ეს ყველაფერი საქართველოსთან? ამაზე მომდევნო ბლოგებში ვისაუბრებ.
___________________________________
1 საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება N1/466 საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ", II-18.
2 ანდრაშ შაიო, ხელისუფლების თვითშეზღუდვა, გვ. 22, ხელმისაწვდომია: https://tinyurl.com/3rvcv6bc
3 ბლოგში განხილული მაგალითი ეყრდნობა სტატიას: Kovács, Kriszta; Scheppele, Kim Lane (2018) : The fragility of an independent judiciary: Lessons from Hungary and Poland–and the European Union, Communist and Post-Communist Studies, ISSN 1873-6920, Elsevier, Amsterdam, Vol. 51, Iss. 3, pp. 189-200, available: https://www.sciencedirect.com/science/article/abs/pii/S0967067X18300473