რეჟიმების ნამდვილობაში დარწმუნებას ფაქტები სჭირდება. თუ არ არსებობს რეჟიმის მიერ ჩადენილი კორუფციის, დანაშაულის ან/და გადაცდომის ფაქტი, მაშინ საუბარი ამა თუ იმ ხელისუფლების გადაცდომებზე სერიოზულად არ აღიქმება.
რაც არ ჩანს, ყოველთვის არ ნიშნავს რომ არ არსებობს. დაფარულს კი, ან უნდა მიაგნო და გამოავლინო, ან მან უნდა გაამხილოს ვის თვალწინაც გადაცდომა ხდება.
მხილებას დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია საზოგადოებისთვის. მეტიც, მხილების ინსტიტუტი განუყოფელია სამოქალაქო პასუხისმგებლობისგან, განუყოფელია ეფექტიანი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული საჯარო სამსახურის არსისგან. საჯარო მოხელის პასუხისმგებლობა, არა მხოლოდ მისი ვალდებულებების პირნათლად შესრულება, არამედ, საჯარო სამსახურის დაცვაა - კორუფციისგან, გადაცდომებისგან, დანაშაულისგან ან სხვა საშიში ქმედებისგან, რაც საფრთხეს უქმნის საზოგადოების ინტერესს. ამით, საჯარო მოხელე ერთგული რჩება ქვეყნის, საჯარო სამსახურისა და საზოგადოების.
საზოგადოებებში მამხილებელთა სიმწირე საჯარო სამსახურის ან პოლიტიკური გარემოს გამართულად ფუნქციონირებაზე იმდენად არა, რამდენადაც სხვა საყურადღებო ფაქტორებზე შესაძლოა მიუთითებდეს. კერძოდ:
- კარგად ორგანიზებული და შენიღბული კორუფციის სქემები ხელისუფლების, საჯარო უწყებების შიგნით;
- კარგად ორგანიზებული თანამშრომელთა ფილტრაციისა და კონტროლის სისტემა საჯარო სამსახურებში, რომელსაც უსაფრთხოების სამსახურები უმაგრებს ზურგს და რომელსაც, ნულამდე დაჰყავს მხილების შესაძლებლობა;
- მამხილებლის დაცვის ნაკლოვანი საკანონდებლო მოწესრიგება. ასეთი, კანონმდებლობის მიზანი, არა მამხილებელთა დაცვა, არამედ მხილების შემთხვევების მაქსიმალურად ხელისუფლების კონტროლში მოქცევა და გადაცდომების საჯაროობისგან პრევენციაა.
- მხილების შემთხვევაში მამხილებლის დევნა მასზე შურისძიების მიზნით. მისი სამაგალითოდ დასჯის წარმატებული საქმეები.
- Საზოგადოებაში არსებული ნეგატიური დამოკიდებულება მამხილებელთა მიმართ.
მამხილებლის დაცვისთვის მედიის/სამოქალაქო საზოგადოების არასათანადო რეაგირება. მამხილებელთა მხარდაჭერისთვის არასაკმარისი ძალისხმევის გამოვლენა და სხვა.
ეს ყველაფერი მნიშვნელოვანი დილემის წინაშე აყენებს მამხილებელს - არჩევანი გააკეთოს მხილებასა და პირად თუ მისი ოჯახის უსაფრთხოებას შორის, რადგან შურისძიების შემთხვევაში პირისპირ და ხშირ შემთხვევაში მარტო აღმოჩნდება სახელმწიფოს უზარმაზარი რეპრესიული მანქანის წინაშე.
საქართველოს უახლესი რეალობის ანალიზი მარტივად გვიპასუხებს კითხვაზე, თუ სად არიან მამხილებლები. Მამხილებლების ნაწილი ციხეში, ნაწილი ქვეყნის გარეთ თავშესაფრის ძიებაში, ნაწილიც კი ქვეყნის შიგნით დევნაში - სამსახურის გარეშე დარჩენილი, არსებობისთვის იბრძვის. Მხილების წარმატებული მაგალითი, სადაც კანონმდებლობამ, სახელმწიფო ინსტიტუტებმა, სასამართლომ და საზოგადოებამ წარმატებით იმუშავეს შეიძლება ითქვას არ არსებობს.
საქართველოს რეალობის ანალიზი, ასევე მარტივად პასუხობს კითხვას , თუკი ქვეყანაში კორუფცია ნორმაა, სასამართლო, სახელმწიფო ინსტიტუტები მხოლოდ პოლიტიკური დღის წესრიგით ოპერირებენ, მაშინ სად არის ხალხი ვინც ამ ყველაფერს ამხელს. ნუთუ მთელი საჯარო სამსახური კორუფციაში, დანაშაულში, პოლიტიკური დავალებების შესრულებაში, საკუთარი სურვილით, სიამოვნებით მონაწილეობს.
ადამიანები ვისაც სურთ საჯარო სამსახურებში ამხილონ კორუფცია, დანაშაული და სხვა გადაცდომები ჩვენს გარშემო მრავლად არიან. Მათ დიდი სურვილი აქვთ ერთგულნი იყვნენ ქვეყნის, საჯარო სამსახურისა და მთელი საზოგადოების, თუმცა, კარგად ორგანიზებული რეპრესიული სისტემის წინაშე მარტო დარჩენის შიში, მამხილებელთა სამაგალითოდ დასჯის შემთხვევები და საზოგადოების, ინსტიტუტების ჩავარდნა მათი დაცვის პროცესში, აიძულებთ არჩევანი პირადი და ოჯახის უსაფრთხოების სასარგებლოდ გააკეთონ.
Შეგვიძლია კი განვსაჯოთ ისინი ამ არჩევანის გამო. ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არც თუ ისე მარტივია.
თუმცა, დროის გასვლასთან ერთად, უფრო და უფრო ნათელი ხდება, რომ რაც მეტ გამოცდილებას აგროვებს სისტემა, მით მეტად რთულდება მისი ნაკლოვანებების გამოვლენა, მით მეტად სიცოცხლისუნარიანი ხდება ის. ასეთი სისტემის დამარცხების საშუალებად კი რაღაც მომენტში შესაძლოა მხოლოდ მამხილებელთა გამბედაობა დარჩეს. ამიტომ, მათთან საზოგადოებას ნდობის ჩამოყალიბება, ერთგულებისა და თავგანწირვის მაგალითების ჩვენება სჭირდება. Მათ უნდა სჯეროდეთ, რომ თუკი პირადი და ოჯახის უსაფრთხოების ნაცვლად, არჩევანს საზოგადოებისთვის სიკეთის მოტანაზე შეაჩერებენ, სისტემის მხრიდან შურისძიებისას მარტო და დავიწყებულნი არასდროს აღმოჩდებიან.