რა არის საკონსტიტუციო სასამართლო?

ვასილ ჟიჟიაშვილი
8 წუთი საკითხავი

ფართო საზოგადოებაში სასამართლოს მიმართ ცნობადობა, როგორც წესი დაკავშირებულია საერთო სასამართლოებთან. როდესაც ვსაუბრობთ დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს საჭიროებაზე, სასამართლოში არსებულ პრობლემებსა და სასამართლოს მიმართ საზოგადოებრივი ნდობის დაბალ ხარისხზე, ხშირად ყურადღებას ვამახვილებთ მხოლოდ საერთო სასამართლოებზე, და ხშირად მხედველობის მიღმა გვრჩება საკონსტიტუციო სასამართლო. ამის მიზეზი ბევრი რამ შეიძლება იყოს, მაგალითად ის, რომ ზოგადად საკონსტიტუციო სასამართლო არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ სამართლებრივი სისტემისთვის შედარებით ახალი ინსტიტუციაა (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო  1996 წელს შეიქმნა), საკონსტიტუციო სასამართლოს არსისა და მნიშნელობის მიმართ საზოგადოების დაბალი ცნობადობა, საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის შესახებ არასაკმარისი საზოგადოებრივი დისკუსია, არასათანადო მედია გაშუქება და სხვა.   სასამართლოს ფართო საზოგადოება მაინც სისხლის სამართლის საქმეებთან აკავშირებს, ან სამოქალაქო და ადმინისტრაციულ დავებთან, და ძალიან იშვიათ შემთხვევაში საკონსტიტუციო დავებთან. ამ ბლოგის მიზანი არ არის იმ ფაქტორების სიღრმისეული კვლევა, რაც  საზოგადოებაში საკონსტიტუციო სასამართლოსადმი საზოგადოების დაბალ ცნობადობას განაპირობებს, არამედ იმის ახსნა  თუ რა არის საკონსტიტუციო სასამართლო, რით განსხვავდება იგი სხვა სასამართლოებისგან და რა როლი აკისრია მას . 

და მაინც რა არის საკონსტიტუციო სასამართლო?

საკონსტიტუციო სასამართლო სპეციალიზებული და დამოუკიდებელი სასამართლოა, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყნის კონსტიტუციის ინტერპრეტაციასა (განმატრება) და კონსტიტუციური კონტროლის განხორციელებაზე. საკონსტიტუციო სასამართლოს კონკრეტული უფლებამოსილებები და პასუხისმგებლობები განსხვავდება ქვეყნისა და მისი სამართლებრივი სისტემის მიხედვით, მაგრამ ზოგადად, საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს უფლება განიხილოს კანონებისა და მთავრობის ქმედებების კონსტიტუციასთან შესაბამისობა. აღნიშნული  მოიცავს სასამართლოს უფლებამოსილებას გააუქმოს (ძალადაკარგულად გამოაცხადოს) ის ნორმატიული აქტები (კანონები და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები)  რომლებიც მიჩნეულია არაკონსტიტუციურად, და დაადგინოს, რომ დაირღვა კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის ცალკეული უფლებები და თავისუფლებები. 

როგორ აკეთებს ამას საკონსტიტუციო სასამართლო?

საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნქცია  კონსტიტუციური კონტროლის განხორციელებაა. თავის მხრივ, კონსტიტუციური კონტროლი არის სასამართლოს, უფლებამოსილება, განიხილოს და არაკონსტიტუციურად გამოაცხადოს ხელისუფლების საკანონმდებლო და აღმასრულებელი შტოების მიერ მიღებული აქტები. განსხვავებული სამართლებრივი სისტემის მქონე ქვეყნების გათვალისწინებით კონსტიტუციური კონტროლი შესაძლოა წარმოადგენდეს საერთო სასამართლოების ფუნქციას, თუმცა, ძირითად შემთხვევებში მას საერთო სასამართლოების სისტემისგან გამიჯნული საკონსტიტუციო სასამართლო ახორციელებს. 

კონსტიტუციური კონტროლი ემყარება იმ აზრს, რომ სასამართლოებს აქვთ კონსტიტუციის ინტერპრეტაციის უფლებამოსილება, რათა  უზრუნველყონ ხელისუფლების სხვა შტოების მიერ მიღებული კანონებისა და ქმედებების კონსტიტუციასთან შესაბამისობა. 

კონსტიტუციური კონტროლის იდეა სათავეს  ამერიკის შეერთებული შტატებიდან იღებს, სადაც უზენაესმა სასამართლომ პირველად გამოიყენა აღნიშნული პრინციპი 1803 წელს საქმეში Marbury v. Madison. მოცემულ საქმეში სასამართლომ დაადგინა, რომ მას ჰქონდა უფლება განეხილა კონგრესისა და პრეზიდენტის აქტები, რათა შეემოწმებინა შეესაბამებოდნენ თუ არა  ისინი კონსტიტუციას, ქვეყნის უმაღლესი კანონს. 

კონსტიტუციური კონტროლის ფარგლები შეიძლება განსხვავდებოდეს ქვეყნიდან ქვეყანაში და ის შეიძლება ხასიათდებოდეს გარკვეული თავისებურებებით, რაც დამოკიდებულია საკანონმდებლო სისტემასა და კონსტიტუციურ მოდელზე. განსხვავებების მიუხედავად, კონსტიტუციური კონტროლი მნიშვნელოვანია, რადგან ის საშუალებას აძლევს სასამართლოებს აკონტროლონ ხელისუფლების სხვა შტოების მიერ ძალაუფლების განხორციელება კონსტიტუციურობის შემოწმებით და უზრუნველყონ მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა. 

როდის შეიძლება დაგვჭირდეს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვა?

თვალსაჩინოებისთვის განვიხილოთ საქმე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ1. მოცემულ საქმეზე ბექა წიქარიშვილს ბრალი წარუდგინეს მარიხუანას დიდი ოდენობით შენახვა-შეძენისთვის, რომელიც ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან თოთხმეტ წლამდე. თუკი ბექა წიქარიშვილი მისი სისხლის სამართლის საქმის განმხილველ მოსამართლეს დაუსაბუთებდა, რომ პირადი მოხმარების მიზნით მარიხუანას შეძენა-შენახვისთვის ადამიანის 7-14 წლამდე ციხეში გაშვება უსამართლოა (ეწინააღმდეგება ღირსების უფლებას) მოსამართლე მოკლებული იყო მისი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების შესაძლებლობას. ასეთი იყო კანონი, მოსამართლე კი გეტყოდათ, რომ გადაწყვეტილების მიღებისას იგი მოქმედებდა კანონის შესაბამისად.  

სისხლის სამართლის მოსამართლეს შეუძლია გადაწყვიტოს კონკრეტული საქმის გარემოებებით დგინდება თუ არა პირის ბრალეულობა. მაგრამ, რა ხდება მაშინ, როდესაც კანონი, რომლითაც სისხლის სამართლის მოსამართლემ უნდა იხელმძღვანელოს წინააღმდეგობაში მოდის ქვეყნის კონსტიტუციით დაცულ ადამიანის უფლებებთან? 

სწორედ ამ დროს შეიძლება დაგვჭირდეს საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც როგორც უკვე აღვნიშნეთ ხელისუფლების მიერ მიღებული კანონების კონსტიტუციასთან შესაბამისობას ამოწმებს. მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის  შემდგომ შეძლო ბექა წიქარიშვილმაც იმის დამტკიცება, რომ მარიხუანას პირადი მოხმარების მიზნებისთვის პირის ციხეში გაშვება წინააღმდეგობაში მოდის ღირსების უფლებასთან. აღნიშნული საქმის გავლენით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი მარიხუანას პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვის  გამო სასჯელის სახით პატიმრობის გამოყენება. საქმის შედეგით კი ისარგებლა არა მხოლოდ ბექა წიქარიშვილმა, არამედ ყველა იმ პირმა, რომლისთვისაც პირადი მოხმარების მიზნით მარიხუანას შეძენა-შენახვის გამო შესაძლოა ბრალი წარედგინათ ან უკვე სასჯელს იხდიდა აღნიშნული ქმედებისთვის.  ამაში მდგომარეობს საკონსტიტუციო სასამართლოსა და სხვა სასამართლოების ფუნქციური განსხვავება.

სად არის საკონსტიტუციო სასამართლოს ადგილი ხელისუფლების დანაწილების ვერტიკალში?

როგორც აღინიშნა, საკონსტიტუციო სასამართლო არის დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც მოქმედებს ხელისუფლების საკანონმდებლო და აღმასრულებელი შტოებისგან დამოუკიდებლად და ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს ხელისუფლების დანაწილების რეალიზებაში. საკონსტიტუციო სასამართლო, როგორც წესი, შედგება მოსამართლეთა კოლეგიისგან, რომლებიც არიან კონსტიტუციური სამართლის ექსპერტები. სასამართლო  მოქმედებს ხელისუფლების სხვა შტოებისგან დამოუკიდებლად,  ნიშნავს, რომ ინსტიტუციურ დონეზე სასამართლო არ ექვემდებარება საკანონმდებლო ან აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლს, მისი გადაწყვეტილებები არის საბოლოო და სავალდებულო. 

ხელისუფლების დანაწილება მმართველობის პრინციპია, რომელიც ყოფს ხელისუფლების ფუნქციებს სხვადასხვა შტოებსა თუ დონეებს შორის, რათა თავიდან აიცილოს ძალაუფლების კონცენტრაცია რომელიმე შტოში. უმეტეს ქვეყნებში საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო შტო განცალკევებული და დამოუკიდებელია, თითოეულ შტოს აქვს განსხვავებული პასუხისმგებლობები და უფლებამოსილებები. საკონსტიტუციო სასამართლო ხშირად განიხილება სასამართლო შტოს ნაწილად და მისი როლი არის საკანონმდებლო ხელისუფლების მიერ მიღებული კანონებისა და აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედებების განხილვა მათი კონსტიტუციურობის უზრუნველსაყოფად. 

ამგვარად, საკონსტიტუციო სასამართლო ითავსებს ხელისუფლების სხვა შტოების ძალაუფლების შემოწმების ფუნქციას, რათა მათ არ გადაუხვიონ თავიანთ უფლებამოსილებებს და არ დაარღვიონ კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები და თავისუფლებები. უმრავლეს ქვეყნებში საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნქციებს ასევე განეკუთვნება ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს შორის დავების განხილვაც.

 

მთლიანობაში, საკონსტიტუციო სასამართლო მნიშვნელოვან როლს ასრულებს ხელისუფლების დანაწილებისა და მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვაში, ხელისუფლების ქმედებების კონსტიტუციასთან შესაბამისობის უზრუნველყოფის გზით.

 

 

_______________________________

1 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე “საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”.

სხვა პოსტები