საკონსტიტუციო სასამართლოს როლი ადამიანის უფლებების დაცვაში

ვასილ ჟიჟიაშვილი

როგორც წინა ბლოგში ვახსენეთ, საკონსტიტუციო სასამართლო საკუთარ როლს ხელისუფლების კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში ფუნქციონირების უზრუნველყოფასთან ერთად ადამიანის უფლებების დაცვაშიც ხედავს.  დღევანდელ ბლოგში განვიხილავ როგორ ბოჭავს ადამიანის უფლებები ჩვენს მიერ არჩეულ პოლიტიკოსებს გადაწყვეტილებების მიღებისას და რა როლი აქვს ამ პროცესში საკონსტიტუციო სასამართლოს.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ადამიანის უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით(1). როგორ უნდა გავიგოთ კონსტიტუციის მოცემული ჩანაწერი? ჩვენს მიერ არჩეული პარლამენტარები, ან აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელებისას ხშირად იღებენ გადაწყვეტილებებს, რომელსაც გავლენა აქვს ადამიანის უფლებებზე. კონსტიტუციის აღნიშნული ჩანაწერიც სწორედ იმაზე მიანიშნებს, რომ საკანონმდებლო და აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას პატივი უნდა სცენ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს.  პოლიტიკოსებისგან ხშირად ვისმენთ მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება როგორ კეთილშობილურ მიზნებს ატარებს: უმუშევრობის აღმოფხვრა, სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვა, ჯანსაღ გარემოზე ზრუნვა და სხვა. თუმცა, როგორი კეთილშობილურიც არ უნდა იყოს კანონის მიღების მიზანი, საჭიროა იგი შესაბამისობაში მოდიოდეს კონსტიტუციით დაცულ ადამიანის უფლებების სტანდარტებთან. ნებისმიერი კანონის ცვლილებისას პოლიტიკოსების მიერ მოხმობილ კეთილშობილურ მიზნებთან ერთად მოქალაქეებს უნდა გვაინტერესებდეს რა შედეგს გამოიღებს ესა თუ ის ცვლილება და როგორ აისახება იგი ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე. 

ცხადია კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერები პრაქტიკაში ყოველთვის არ მუშაობს, შესაბამისად, საკანონმდებლო თუ აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან ხშირად ხდება გადაწყვეტილებების მიღების დროს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების გაუმართლებელი შეზღუვდა. საკონსტიტუციო სასამართლოც სწორედ ასეთი შემთხვევებისთვის არსებობს, რომელმაც უნდა განიხილოს რამდენად შეიბოჭეს თავი საკანონმდებლო თუ აღმასრულებელმა ხელისუფლების შესაბამისმა პირებმა კანონის/რეფორმის მიღების დროს ადამიანის უფლებებით. საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია განიხილოს კონსტიტუციური სარჩელები და შესაბამისი დასაბუთების არსებობის შემთხვევაში არაკონსტიტუციურად სცნოს საკანონმდებლო თუ აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ მიღებული აქტები კონსტიტუციით დაცულ უფლებებთან მიმართებით.

რა შემთხვევაში ცნობს საკონსტიტუციო სასამართლო ნორმას არაკონსტიტუციურად?

 

იმის შესაფასებლად საკანონმდებლო თუ აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ მიღებული კანონები შეესაბამება თუ არა კონსტიტუციით დაცულ ადამიანის უფლებებს საკონსტიტუციო სასამართლო თანაზომიერების ტესტს იყენებს. თანაზომიერების ტესტი ვიზუალურად ასე გამოიყურება:

იმისთვის, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ნორმა კონსტიტუციურად მიიჩნიოს, იგი ზემოთ ჩამოთვლილ ყველა კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს. შესაბამისად, თუ ნორმა რომელიმე კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებს, მას საკონსტიტუციო სასამართლო არაკონსტიტუციურად მიიჩნევს. 

სამართლებრივმა ტერმინებმა რომ არ დაგაბნიოთ, განვიხილოთ კონკრეტული საქმე

საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც სასამართლოს მანდატურების სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკი განსაზღვრულია 50 წლით. ეს ნიშნავს, რომ როგორც კი სასამართლოს მანდატურს 50 წელი შეუსრულდება, იძულებულია დატოვოს დაკავებული თანამდებობა. განვიხილოთ რამდენად აკმაყოფილებს ასეთი საკანონმდებლო ჩანაწერი კონსტიტუციით იმ მანდატურის საჯარო თანამდებობის დაკავების უფლებას, რომელსაც 50 წელი შეუსრულდა და იძულებულია დატოვოს დაკავებული თანამდებობა.

ლეგიტიმური მიზანი

ასეთ შემთხვევაში საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონის ლეგიტიმურ მიზნად შეგვიძლია მოვიაზროთ სასამართლოს მანდატურის სამსახურის ეფექტური და შეუფერხებელი საქმიანობა. სასამართლოს მანდატურის ფუნქციების სრულფასოვნად და ეფექტურად განხორციელება, საერთო სასამართლოებისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ნამდვილად მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესია. შესაბამისად, ასეთი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად შესაძლოა შეიზღუდოს საჯარო თანამდებობის დაკავების უფლება. ეს ნიშნავს, რომ თანაზომიერების პირველი კრიტერიუმი დაკმაყოფილებულია, რის შემდეგაც უნდა შევამოწმოთ არის თუ არა შეზღუდვა გამოსადეგი საშუალება.

გამოსადეგობა

ლეგიტიმური მიზნის არსებობასთან ერთად, მნიშვნელოვანია, რომ კანონმდებლის მიერ დადგენილი შეზღუდვა ემსახურებოდეს დასახული ლეგიტიმური მიზნის მიღწევას.  როგორც უკვე აღვნიშნეთ, მანდატურის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკის 50 წლით განსაზღვრა ემსახურება მიზანს, რომ ამ თანამდებობაზე საქმიანობის განხორციელება მოხდეს შესაბამისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ფიზიკური მონაცემების მქონე პირების მიერ. იმისათვის რომ დავადგინოთ, არის თუ არა შეზღუდვა გამოსადეგი შემდეგ კითხვას უნდა ვუპასუხოთ: 50 წელს მიღწეული ყველა ადამიანი კარგავს თუ არა იმ უნარებს, რაც მანდატურის თანამდებობისთვის არის საჭირო? 

მართალია ასაკის მატება იწვევს ბუნებრივ დაბერებას და იწვევს ფიზიკური თუ კოგნიტური უნარების გარკვეული დონით დაქვეითებას, თუმცა ამის მიუხედავად არასწორი იქნებოდა იმის დაშვება, რომ ყველა ადამიანი, რომელიც 50 წელს მიაღწევს კარგავს იმ უნარებს, რაც მანდატურის ფუნქციებს უკავშირდება. არსებობენ ადამიანები, რომელთა ჯანმრთელობის კონდიციები სრულიად შეესაბამება მანდატურის ფუნქციების განხორციელებისთვის საჭირო უნარებს, შესაბამისად, ყველა 50 წელს მიღწეული ადამიანისთვის მანდატურის თანამდებობიდან გათავისუფლება არ არის გონივრული. თანაზომიერების ტესტის ენაზე, არ არის გამოსადეგი საშუალება ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად.

50 წელს მიღწეული მანდატურების სამსახურიდან ავტომატიურად გათავისუფლების სანაცვლოდ  სახელმწიფოს შეუძლია ყოველ 50 წელს მიღწეულ მანდატურს შესაბამისი ნორმატივების ჩაბარება მოსთხოვოს და მხოლოდ მას შემდეგ გაათავისუფლოს სამსახურიდან, თუკი ის ვერ დააკმაყოფილებს კანონმდებლობით გათავისუფლებულ მოთხოვნებს. ასეთ შემთხვევაში, კანონი აღარ დაარღვევს ადამიანის უფლებებს, რადგან ის იქნება მიზნის მიღწევის გამოსადეგი საშუალება(2).

ვინაიდან ჩვენს მიერ განსახილველმა ნორმამ თანაზომიერების ტესტის ერთ-ერთი კრიტერიუმი  - გამოსადეგობა, ვერ დააკმაყოფილა, შეგვიძლია ვთქვათ რომ ის არაკონსტიტუციურია, რადგან პარლამენტმა მისი მიღების დროს არ გაითვალისწინა საჯარო თანამდებობის დაკავების უფლებიდან მომდინარე სტანდარტები. 

როგორც ვხედავთ, იმის შეფასება საკანონმდებლო თუ აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ მიღებული კანონების კონსტიტუციურობის შეფასება არც თუ ისე რთულია, თუკი არგუმენტაციისას თანაზომიერების ტესტს ვიყენებთ. საკონსტიტუციო სასამართლოც სწორედ ამგვარად აფასებს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიღებისას შესაბამისმა ორგანოებმა გაითვალისწინეს თუ არა კონსტიტუციით დაცული ადამაინის უფლებები. 

 

 ____________________________________
(1)საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 4, პუნქტი 2.

(2)აღნიშნული სტანდარტი გამომდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის N3/2/767,1272 გადაწყვეტილებიდან საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ჯიმშერ ცხადაძე და მამუკა ჭანტურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, ხელმისაწვდომია: https://www.constcourt.ge/ka/judicial-acts?legal=1296

 

სხვა პოსტები