სიძულვილის ენა საჯარო სამსახურში

2019 წლის 2 ოქტომბერს, გაიმართა GDI-ის მიერ მომზადებული კვლევის  “სიძულვილის ენა საჯარო სამსახურში: ეთიკის ნორმების დარღვევაზე რეაგირების მექანიზმების ანალიზი” პრეზენტაცია.

კვლევაში განხილულია საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც ადგენს საჯარო სექტორში დასაქმებული პირების მიერ სიძულვილის ენის გამოუყენებლობას. ამ მხრივ განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია მთავრობის N200 დადგენილებაზე („საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განსაზღვრის შესახებ“) და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს დისციპლინური წარმოების პროცედურებს. კვლევის პროცეში მოხდა  იმ საჯარო მოხელეთა იდენტიფიცირება, რომლებიც იყენებენ სიძულვილის ენას საჯარო სივრცეში.

კვლევაში ასევე გაანალიზებულია კონკრეტულ პირთა საქმეები, რომელთა წინააღმდეგაც მოხდა განცხადების შეტანა დისციპლინური წარმოების დაწყების მოთხოვნით. აღნიშნულის შესაბამისად კი ყურადღება გამახვილებულია კვლევის განხორციელებისას აღმოჩენილ ხარვეზებზე და მომზადებულია შესაბამისი რეკომენდაციები.

კვლევის ფარგლებში გამოვლენილ ხარვეზებს შორის აღნიშვნის ღირსია ის, რომ უწყებებში იგრძნობა გამოხატვის თავისუფლებისა და დისკრიმინაციის საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაციის სიმწირე და არასწორი აღქმა უფლების ფარგლებთან დაკავშირებით; ამავდროულად, სამართლებრივ აქტებში სიძულვილის ენის განმარტების არ არსებობა ართულებს საჯარო უწყებებისათვის მის იდენტიფიცირებას;

აქვე მისასალმებელია ის ფაქტი, რომ სამართლებრივ დოკუმენტებში გაწერილი პროცედურების არარსებობის მიუხედავად, უწყებათა აბსოლუტური უმრავლესობა ჩვენს განაცხადზე ახდენდა რეაგირებას და იწყებდა საქმის შესწავლას.

კვლევა განხორციელდა საქართველოს გაეროს ასოციაციისა (UNAG) და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის“ (PITA) პროგრამის ფარგლებში.