სასამართლომ მესაზღვრის უკანონო როტაცია ბათილად ცნო

დღეს, 2020 წლის 17 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბათილად ცნო საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის ბრძანება, სამოქალაქო აქტივისტის, გიორგი მუმლაძის ძმის, მანუჩარ მუმლაძის სამსახურებრივი და თანამდებობრივი როტაციის თაობაზე. მანუჩარ მუმლაძის ინტერესებს სასამართლოში GDI-ის სტრატეგიული სამართალწამოების მიმართულების ხელმძღვანელი ედუარდ მარიკაშვილი  იცავდა.

მანუჩარ მუმლაძე, რომელიც არის მესაზღვრე, სასაზღვრო პოლიციის უფროსის, 2019 წლის 01 აგვისტოს ბრძანებით, როტაციის ფორმალური საფუძვლით, მის ძირითად საცხოვრებელ და სამუშაო ადგილს 500 კილომეტრით დააშორეს. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით განხორციელდა მ. მუმლაძის არა მხოლოდ ტერიტორიული, არამედ თანამდებობრივი როტაციაც და შედეგად ის დააქვეითეს. საყურადღებოა, რომ მ. მუმლაძემ აღნიშნულის შესახებ მხოლოდ ბრძანების გამოცემის შემდგომ შეიტყო.

სასამართლოში ვამტკიცებდით, რომ მანუჩარ მუმლაძის მიმართ მიღებული, უკანონო და ლოგიკურ დასაბუთებას მოკლებული, გადაწყვეტილება სადამსჯელო ღონისძიების ხასიათს ატარებდა. მანუჩარ მუმლაძე ფიქრობდა, რომ მისი დასჯა, მისი ძმის, გიორგი მუმლაძის სამოქალაქო აქტიურობას უკავშირდებოდა.

გადაწყვეტილების მიღებამდე, თბილისის სააპელაციო სასამართლომ, შეაჩერა მანუჩარ მუმლაძის როტაციის შესახებ ბრძანება, როგორც აშკარად უკანონო და მოსარჩელე როტაციამდელ სამუშაო ადგილზე დააბრუნა.

სადავო ბრძანების გაუქმებისა და მანუჩარ მუმლაძის როტაციამდელ პოზიციაზე აღდგენის რეკომენდაციით მიმართა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსს საქართველოს სახალხო დამცველმაც.

შედეგად, თბილისის საქალაქო სასამართლომ, გაიზიარა ჩვენი პოზიცია და მანუჩარ მუმლაძის როტაციის შესახებ ბრძანება, როგორც უკანონო და დაუსაბუთებელი, ბათილად გამოაცხადა.