საქართველოს სახალხო დამცველმა მ. მუმლაძის საქმეზე საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსს რეკომენდაციით მიმართა

2020 წლის 06 თებერვალს, საქართველოს სახალხო დამცველმა, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსს, მანუჩარ მუმლაძის საქმეზე რეკომენდაციით მიმართა. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მანუჩარ მუმლაძის როტაციის შესახებ გადაწყვეტილება არღვევს ადმინისტრაციულ კანონმდებლობას, არ არის არგუმენტირებული და მოკლებულია გონივრულ დასაბუთებას. შესაბამისად, სახალხო დამცველი სასაზღვრო პოლიციის უფროსს, თემურ კეკელიძეს, ურჩევს, ბათილად ცნოს მ. მუმლაძის როტაციის შესახებ ბრძანება და ის აღადგინოს როტაციამდელ სამუშაო ადგილზე.

 

სახალხო დამცველი რეკომენდაციაში მიუთითებს სასაზღვრო პოლიციის მხრიდან ადმინისტრაციული კანონმდებლობის დარღვევაზე, მ. მუმლაძის როტაციის საფუძვლების არ არსებობასა და სადავო ბრძანების გაუქმების აუცილებლობაზე. სახალხო დამცველის განმარტებით სადავო ბრძანება ლახავს მ. მუმლაძის შრომის, ასევე პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის კონსტიტუციით დაცულ უფლებებს.

 

მანუჩარ მუმლაძე, რომელიც არის სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი და სამოქალაქო აქტივისტის, გიორგი მუმლაძის ძმა, სასაზღვრო პოლიციის უფროსის, 2019 წლის 01 აგვისტოს ბრძანებით, როტაციის ფორმალური საფუძვლით, მის ძირითად საცხოვრებელ და სამუშაო ადგილს 500 კილომეტრით დააშორეს. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით განხორციელდა მ. მუმლაძის არა მხოლოდ ტერიტორიული, არამედ თანამდებობრივი როტაციაც და შედეგად ის დააქვეითეს. საყურადღებოა, რომ მ. მუმლაძემ აღნიშნულის შესახებ მხოლოდ ბრძანების გამოცემის შემდგომ შეიტყო.

 

2019 წლის 20 აგვისტოს მ. მუმლაძის როტაციის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობისა და მისი როტაციამდელ თანამდებობაზე აღდგენის მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართეთ. ბრძანების ბათილად ცნობას მისი უკანონობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით ვითხოვთ. მიგვაჩნია, რომ სასაზღვრო პოლიციის დისკრეცია მოახდინოს თანამშრომლების როტაცია, არის ფართო თუმცა ზღვარდადებული თანამშრომლების კერძო ინტერესებითა და უფლებებით. მ. მუმლაძის შემთხვევაში, კი არ არსებობს რაიმე გონივრული დასაბუთება, რაც საჯარო ინტერესის სასიკეთოდ, მ. მუმლაძის ინტერესებისა და  უფლებების შეზღუდვას და მათ გაუარესებას გაამართლებდა. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ სასაზღვრო პოლიციის უფროსის ბრძანება არის თვითნებური და შესაძლოა რეალურად ემსახურებოდეს სხვა მიზნებს. მათ შორის არ გამოირიცხება, რომ ეს გადაწყვეტილება იყოს მ. მუმლაძის დასჯა მისი ძმის, გიორგი მუმლაძის, სამოქალაქო აქტიურობისა და ხელისუფლების კრიტიკის გამო.

 

ძირითად სასარჩელო მოთხოვნებთან ერთად, თბილისის საქალაქო სასამართლოს, ბრძანების აშკარად უკანონო მოტივის გამო, ვთხოვდით გადაწყვეტილების მიღებამდე შეეჩერებინა სადავო ბრძანების მოქმედება, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, დავით წერეთელმა არ გაითვალისწინა. თუმცა, საყურადღებოა, რომ 2019 წლის ნოემბრის განჩინებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, შოთა გეწაძემ, გააუქმა პირველი ინსტანციის განჩინება და შეაჩერა მ. მუმლაძის მიმართ გამოცემული როტაციის შესახებ სადავო ბრძანების მოქმედება. მოსამართლემ, მიუთითა, რომ აშკარა იყო სადავო ბრძანების უკანონობა და ის მნიშვნელოვნ ზიანს აყენებდა მ. მუმლაძის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს.

 

მ. მუმლაძის ინტერესებს სასამართლოში GDI იცავს. საქმეზე არსებითი განხილვის პირველი სხდომა გაიმართება 2020 წლის 05 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოში.