ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2025 წლის 15 ივლისს გიორგი მჟავანაძისა და ნოდარ რუხაძის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა.
საქმე ეხება 2020 წლის 9 ნოემბრის დემონსტრაციაზე თბილისში დაკავებულ აქტივისტებს - გიორგი მჟავანაძესა (პირველი მომჩივანი) და ნოდარ რუხაძეს (მეორე მომჩივანი), რომლებიც ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად სცნეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე, რომლებიც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. ეროვნულმა სასამართლომ პირველ მომჩივანს სამდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, ხოლო მეორე მომჩივანი 1500 ლარით დააჯარიმა.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ორივე მომჩივნის მიმართ დაირღვა კონვენციის მე-11 მუხლი (შეკრების თავისუფლება), აგრეთვე, ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი (სამართლიანი სასამართლოს უფლება) მეორე მომჩივნის მიმართ.
ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც სასამართლომ მნიშვნელოვანი განმარტებები გააკეთა კონვენციით დაცულ უფლებებთან მიმართებით.
სასამართლომ მეორე მომჩივანთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ პოლიციელის ჩვენების გარდა საქმეში არ არსებობდა სხვა მტკიცებულებები; შესაბამისად, დაადგინა კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა. პრობლემას წარმოადგენა ფაქტიც, რომ სამხრე კამერები არ მუშაობდა/არ იყო ჩართული მომჩივნის დაკავების მომენტში. სასამართლომ მიზანშეწონილად არ ჩათვალა ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება, გამამტყუნებელი განაჩენი დაეყრდნო მხოლოდ პოლიციელის ჩვენებაზე, რომელიც ამავე დროს ბრალდების მხარეს წარმოადგენა. საქმეში არ არსებობდა არავითარი დამატებითი მტკიცებულება, მაგალითად, ვიდეო ჩანაწერი. ევროპულმა სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამხრე კამერების მიზანი არის ის, რომ ასახოს სწორედ ის გარემოებები, რომლებიც შესაძლოა მოგვიანებით სამსჯელო გახდეს. მეორე მომჩივნის შემთხვევაში კი ვიდეო ჩანაწერი მხოლოდ მისი დაკავების შემდგომ პერიოდს ასახავდა. შესაბამისად, ყოველივე აღნიშნულმა, მეორე მომჩივანი ჩააყენა იმ მდგომარეობაში, რომ ემტკიცებინა საკუთარი უდანაშაულობა პოლიციელის ბრალდებების გარშემო, ბრალდების მხარის მონათხრობის გარდა არანაირი სხვა მტკიცებულებების არსებობის პირობებში.
სასამართლოს მსჯელობა სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, თუ რამდენად ფუნდამენტურია დაკავებული პირების უფლებების დაცვა პროცესზე, მით უფრო, მაშინ, როდესაც პირების მიმართ არ არსებობს მტკიცებულებები, რაც მათ სამართალდარღვევას დაადასტურებს. სასამართლომ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ არ შეიძლება პირის ბრალდება მხოლოდ პოლიციელის ჩვენებას დაეყრდნოს, სხვა მტკიცებულებების არარსებობის პირობებში. ამ საქმის გათვალისწინებით, პოლიციელთა ჩვენებისთვის მეტი დატვირთვის მინიჭება და მტკიცების ტვირთი ბრალდების მხრიდან მომჩივანზე გადატანა, ამ უკანასკნელს არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს ბრალდების მხარესთან შედარებით.
გარდა ამისა, განსაკუთრებით ყურადსაღებია პოლიციელების მიერ სამხრე კამერების გამოყენების მანკიერი პრაქტიკა. განსაკუთრებით ადმინისტრაციული დაკავებებისას, სამხრე კამერები ძირითადად არ არის ჩართული. შესაბამისად, არ არსებობს პირების დაკავების ამსახველი ვიდეომტკიცებულებები, რაც მათ სამართალდარღვევასა და დაკავების მომენტს ზედმიწევნით გადმოსცემს.
ამრიგად, ევროსასამართლოს მსჯელობები მე-6 მუხლთან დაკავშირებით ცხადჰყოფს, რომ მხოლოდ პოლიციელთა ჩვენებების გათვალისწინება საკმარისი არ არის და პირის მიმართ ბრალდება განმტკიცებული უნდა იყოს სხვა მტკიცებულებებით. სამართალდამრღვევად ცნობის შესახებ სასამართლოს დადგენილება უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულებათა ერთობლიობის არარსებობის პირობებში ქვედა ინსტანციებმა სამართლებრივად მყიფე გადაწყვეტილებების მიღება კი არღვევს ინდივიდების სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტურ უფლებას.
საინტერესოა, რომ ევროპულმა სასამართლომ ორივე მომჩივნის მიმართ დაადგინა შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების (კონვენციის მე-11 მუხლი) დარღვევა. სასამართლომ განმარტა, რომ მართალია, საჯარო ადგილას ნებისმიერმა დემონსტრაციამ შეიძლება გამოიწვიოს ჩვეულებრივი ცხოვრების გარკვეული დოზით დარღვევა, მაგრამ ეს ფაქტი თავისთავად არ ამართლებს შეკრების თავისულების უფლებაში ჩარევას, რადგან მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ გამოიჩინოს გარკვეული ტოლერანტობა. მომჩივნებთან მიმართებით ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს მომჩივნების მიერ განზრახ ქმედებებზე, რამაც პოლიციის მანქანის გარდა შეაფერხა სატრანსპორტო მოძრაობა. ამ მხრივ, სასამართლომ დაასკვნა, რომ მომჩივნების ქმედებები თავსდებოდა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სასამართლოს განმარტება, რომ ნებისმიერ სანქციას, დაკავებას, პატიმრობას, ჯარიმას თუ სხვ. შესაძლოა „მსუსხავი ეფექტი“ ჰქონდეს სამომავლო დემონსტრაციებსა და პირთა მიერ მათი უფლებებისა და თავისუფლებების განხორციელებაზე. ევროპული სასამართლოს დასკვნით, დაწესებული ჯარიმების ხასიათი არის ის ფაქტორი, რომელიც უნდა იქნეს გათვალისწინებული ჩარევის პროპორციულობის შეფასებისას მის მიზნის მიმართებაში.
შესაბამისად, სასამართლომ ორივე მომჩივანთან მიმართებით დაადგინა კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევა, ვინაიდან დაასკვნა, რომ არ არსებობდა მათ მიერ შეკრების თავისუფლებით სარგებლობაში ჩარევის აუცილებლობა და მათ წინააღმდეგ გამოყენებული სანქციები ატარებდა „მსუსხავ ეფექტს“ ამ უფლებით სარგებლობისათვის, არ იყო აუცილებელი და პროპორციული.
ევროპული სასამართლოს განმარტებები შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობასთან დაკავშირებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არსებული რეალობის გათვალისწინებით, ვინაიდან აშკარაა, რომ დემონსტრანტების წინააღმდეგ ადმინისტრაციული დაკავებებისა და ჯარიმების მანკიერი პრაქტიკა ერთ-ერთი მძლავრი იარაღია, ქვეყანაში კრიტიკული ხმის ჩასახშობად და სამოქალაქო საზოგადოების დასაშინებლად. სახელმწიფო ორგანოები არათუ არ იჩენენ საჭირო „ტოლერანტობის ხარისხს“ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დასაცავად, არამედ მიზანმიმართულად აკისრებენ პირებს არაპროპორციულ ჯარიმებს და უფარდებენ მათ უკვე მრავალდღიან ადმინისტრაციულ პატიმრობებს.
ევროპული სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ შეხსენებაა, რომ ადამიანის უფლებები და თავისუფლებები ღირებული სიკეთეა დემოკრატიულ სახელმწიფოში და აუცილებელი და მნიშვნელოვანია ამ უფლებების პატივისცემა სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და გაძლიერებისათვის, რომელიც, თავისთავად, ძლიერი სახელმწიფოს საწინდარია.