„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ არის დამოუკიდებელი, არასამთავრობო, არასამეწარმეო ორგანიზაცია, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასა და ევრო-ატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას, კვლევის, ანალიზისა და საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების გზით.
ორგანიზაცია მოწოდებულია დაიცვას ადამიანის უფლებები, წაახალისოს ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბება და ტოლერანტული გარემოს განვითარება, გააძლიეროს დემოკრატიული რეფორმები და განამტკიცოს კანონის უზენაესობა, გაზარდოს სახელმწიფო ინსტიტუტების გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება. „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ ამ მიზნებს ემსახურება მონიტორინგის, საჯარო დებატების, ფაქტებზე დაფუძნებული კვლევებისა და პოლიტიკის ანალიზის მეშვეობით.
ორგანიზაცია აერთიანებს მისი საქმიანობის ძირითად სფეროებში კვლევის, ადვოკატირებისა და მონიტორინგის დიდი გამოცდილების მქონე მაღალკვალიფიციურ პროფესიონალებს. გუნდის წევრთა ექსპერტული პოტენციალი, გამოცდილება, მიუკერძოებლობა და სანდოობა განაპირობებს „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ წამყვან როლს საქართველოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული განვითარების პოლიტიკის შესახებ დისკურსში.
ედუარდ მარიკაშვილი "საქართველოს დემოკრატიულ ინიციატივას" 2021 წლიდან ხელმძღვანელობს.
ედუარდ მარიკაშვილი ორგანიზაციას 2014 წლიდან შემოუერთდა და იკავებდა GDI-ს იურისტის პოზიციას. 2017 წლიდან ხელმძღვანელობდა GDI-ს იურიდიული დახმარების ცენტრს. GDI-ს გამგეობის 2023 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილებით ედუარდი ორგანიზაციის ხელმძღვანელად მეორე ვადით აირჩიეს.
ედუარდ მარიკაშვილს აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი. 2019-2022 წლებში იყო თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი. ამჟამად არის სამართლის დოქტორანტი და იკვლევს მედია სამართლის საკითხებს.