ჰომოფობია ბერძნული სიტყვაა. მისი განმარტებაა: უსაფუძვლო შიში, განდგომა ან დისკრმინაცია ჰომოსექსუალთა მიმართ. იგი ძლიან ჰგავს რასიზმის, ქსენოფობიისა და სექსიზმის განმარტებებს.
დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ საუკუნეების განმავლობაში ძალიან ბევრ კულტურაში აკრძალული იყო ჰომოსექსუალური ქცევა. შესაბამისად იმის მტკიცება, რომ ეს, ახალი თემაა“ და ,,ასეთები ადრე არ ხდებოდა“ ისტორიული ფაქტების უგულებელყოფაა.
ჩატარებული კვლევებით დასტურდება, რომ საქართველო ჰომოსექსუალთა მიმართ ტოლერანტობის მაჩვენებლით, მთელ მსოფლიოში ერთერთი ბოლო ადგილზეა. ჩვენ ვებრძვით ადამიანებს, რომლებიც ჩვენგან განსხვავდებიან, არ ერგებიან საზოგადოების მიერ ჩამოყალიბებულ ნორმებს.
ძირითადად ჰომოფობიის წარმომქმნელი ფაქტორებია ტრადიციები, წეს-ჩვეულებები, სოციალურ/პოლიტიკური პროცესები და სხვ.
გვიჩნდება კითხვა - როგორ შეგვიძლია ჰომოფობიის აღმოფხვრა? მისი დაძლევის მთავარ ინსტრუმენტად ხშირ შემთხვევაში განათლება მოიაზრება. რეალურად, ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლა, მთელი საზოგადოების განვითარებისათვის ბრძოლაა. ამ ბრძოლას ხშირად ართულებს ის ფაქტორი, რომ იგი შესაძლოა გამოყენებულ იქნას გარკვეული ჯგუფის პირადი, ვიწრო ინტერესების განსახორციელებლად ან არეულობის გაჩენის მიზნით.
ჰომოფობიის საკითხზე დუმილს გამართლება არ აქვს, რადგან ჩვენ გვერდით, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, ნათესავებს, შვილებსა და ახალგაზრდებს დევნიან ამ ნიშნით, აშანტაჟებენ და აიძულებენ აკეთონ ის, რაც მათ არ სურთ. ასევე, ცნობილია ის ფაქტიც, რომ ჰომოსექსუალებს ფიზიკურ და მორალურ შეურაცხყოფასაც აყენებენ.
ადამიანს აქვს უფლება თავისი აზრი ჰქონდეს ჰომოსექსუალებზე, გამომდინარე მისი კულტურიდან, განათლებიდან, აღზრდიდან თუ სხვა შეხედულებებიდან თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი უფლებები იქ მთავრდება, სადაც სხვისი იწყება. ის ფაქტი, რომ ჩვენ არ მოგვწონს სხვა ადამიანის ქცევა, შეხედულება ან აზრი, არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად უნდა გვძულდეს, ვჩაგრავდეთ და სიცოცხლის უფლებას არ ვაძლევდეთ. რამდენი ადამიანი არსებობს, იმდენი განსხვავებული აზრია. ყველა ერთნაირი აზროვნებითა და იდეებით არ იბადება. პატივი უნდა ვცეთ სხვის შეხედულებებს. არ უნდა შევუზღუდოთ არსებობის საშუალება და უნდა მივცეთ თავისუფლება.
დროა, რომ ჩვენს საზოგადოებაში ამ საკითხზე გულწრფელად ვისაუბროთ. აუცილებელი და საჭიროა, რომ ლგბტ თემის წარმომადგენლებმა თავი დაცულად და საზოგადოების სრულფასოვან წევრად იგრძნონ.
ჩვენმა ქვეყანამ თავისი განვითარების დემოკრატიულ და თანამედროვე მიმართულებაზე გააკეთა არჩევანი. თანამედროვე დემოკრატიაში შეუძლებელია ადამიანის დისკრიმინაცია ნებისმირი ნიშნითა და ფორმით.
საზოგადოებას სჭირდება ცრუ წარმოდგენებისაგან განთავისუფლება. საფუძველმოკლებულია იმის შიში, რომ ჰომსექსუალები საზოგადოებისთვის რაიმე საფრთხეს წარმოადგენენ.
ჩვენს ქვეყანაში ხშირია შემთხვევა, როდესაც სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელთა მიმართ, მშობლებისა და საზოგადოებაში დამკვიდრებული შეხედულებების ზეგავლენით, დანაშაულს ჩადიან არასრულწლოვნები.
ჩემი აზრით მნიშვნელოვანია, რომ სკოლებში მეტი ყურადღება ეთმობოდეს აღნიშნულ საკითხებს. მასწავლებლები უნდა გადამზადდნენ პროფესიონალთა მხრიდან, რათა მოხდეს მოსწავლეების სწორი ინფორმირებულობა. თუმცა დიდი სიფრთხილე გვმართებს ამ საკითხზე საუბრის დროს. გონივრულად უნდა შევარჩიოთ სადისკუსიო თემები, ჩავატაროთ დებატები, განვიხილოთ და გავაანალიზოთ სიტუაციური მაგალითები. უნდა მოვაწყოთ ფილმების ჩვენება, შემდეგ კი მისი ანალიზი. კარგი იქნება როლური თამაშების გამართვა. ისინი ხელს უწყობს: საკითხის ღრმა წვდომას;მის ემოციურ დონეზე გათავისებას. როგორც ცნობილია, როლური თამაშით მოსწავლე ხდება სხვა ინდივიდი, უკეთესად წვდება იმ ადამიანის ხასაითსა და მოტივაციას, ვის როლსაც განასახიერებს. ეს მეთოდი ხელს უწყობს საკითხის ხანგრძლივი დროით დამახსოვრებას, ინფორმაციის შეფასებასა და ორგანიზებას; სასწავლო პროცესში მაქსიმალურად ჩართვას და მოტივაციის ამაღლებას; მოსწავლის კომუნიკაციის დონის ამაღლებას; ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების განვითარებას; ემპათიის, თანაგანცდის განვითარებას. საინტერესო იქნება, ამ საკითხზე ფორუმ თეატრების გამართვა, საზოგადოებაში გავრცელებული სტერეოტიპების მოძიება, განხილვა და დამსხვრევა. შეგვიძლია შემეცნებითი სავარჯიშოს ჩატარება,,მითია თუ რეალობა“. ეს აქტივობა დაეხმარება მოსწავლეებს განასხვავონ ნამდვილი და მოგონილი ინფორმაცია ერთმანეთისგან.
ვფიქრობ, რომ ჩემ მიერ მოყვანილი მეთოდები დაგვეხმარება, მოსწავლეებში გავზარდოთ მგრძნობელობა ჰომოფობიის საკითხთან დაკავშირებით და გარკვეულწილად შევამსუბუქოთ ეს უდიდესი პრობლემა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი