სქესობრივი განათლებისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სწავლება საქართველოს სკოლებში სერიოზული გამოწვევაა. მოსწავლეებს შესაძლო სექსუალური ძალადობისგან მათთვის სანდო და სწორი ინფორმაციის მიწოდებით დავიცავთ. ამ ტიპის ძალადობისგან დაცვის პირველი გზა არის ის, რომ ბავშვმა შეძლოს მოსალოდნელი ძალადობის ამოცნობა.
შვიდი წლის წინ ხარაგაულში, ერთ-ერთი სკოლის მოსწავლემ, 11 წლის გიორგიმ, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მან ვერ დაიცვა თავი მოძალადისგან, რომელიც მასზე სექსუალურად ძალადობდა. სავარაუდოდ, სირცხვილისა და შიშისგან ასეთი გამოსავალი მოძებნა.
მოზარდს რომ სცოდნოდა, რა არის სექსუალური ძალადობა, მეტი ინფორმაცია რომ ჰქონოდა მოსალოდნელი საფრთხის შესახებ, შეიძლება დღეს ცოცხალი ყოფილიყო. სამწუხაროდ, ჩემი კოლეგების უმრავლესობამ ეს ფაქტი სოფლის სირცხვილად მიიჩნია. სიღრმისეულად არავის უფიქრია იმაზე, როგორ ვიხსნათ მოზარდები ასეთი ფაქტებისგან.
ხშირად ვფიქრობ, ნეტა რა იყო გიორგის ბოლო ფიქრები სიკვდილის წინ, როცა თოკის ყულფს კრავდა. ჩვენ რას ვიზამდით, უფროსები, ბავშვს რომ თავისი ტკივილი მოეყოლა - დავუჯერებდით, თუ სირცხვილის შიშით გავაჩუმებდით?!
აი, თამარმა კი ყველას გვაჯობა - თანატოლებს, მასწავლებლებს, თანასოფლელებს. მასწავლებელს, რომელიც მის მოფერებას ხან გაკვეთილზე, ხანაც გზაში ცდილობდა, უჩივლა. დღეს მოძალადე ციხეშია. თამარმა თავის დაცვა შეძლო. არ მოერიდა, რომ მასწავლებელი მისი მეზობელი იყო, არც იმას, თუ რას იტყოდნენ მასზე. ამ საქციელით მან მაგალითი მისცა სხვებს, რომ არ უნდა გაჩუმდნენ, არ შეშინდნენ და მოძალადე ამხილონ.
მშობლები ასეთ თემებზე შვილებთან საუბარს ერიდებიან. რა არის სექსუალური ძალადობა და როგორ ამოვიცნოთ ძალადობის ნიშნები, ამის შესახებ ინფორმაცია საბავშვო ბაღში 5-6 წლის ასაკიდან უნდა ისწავლებოდეს. სკოლებში კი სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ განათლების სრულყოფილი, ცალკე სასწავლო კურსის დანერგვა აუცილებელია.
ძალიან მნიშვნელოვანია ასევე მოზარდების ჯანმრთელობის დაცვა. სქესობრივი საკითხების შესახებ ინფორმაციის არ ქონა ზოგჯერ ნაადრევი ქორწინების მიზეზი ხდება. არასრულწლოვნებმა არ იციან, როგორ დაიცვან თავი სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან, როგორ მოუფრთხილდნენ საკუთარ ჯანმრთელობას.
განათლების სამინისტრო დუმს და ამ მიზნით ცალკე სასწავლო კურსის დანერგვას, ჯერჯერობით, არ აპირებს. ნაადრევ ქორწინებასთან და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხების ბიოლოგიისა და სამოქალაქო განათლების გაკვეთილებზე სწავლება არასაკმარისია.
მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია მოზარდებს, თუ გვინდა, რომ თამარის მსგავსად შესაძლო ძალადობის მსხვერპლმა თავი დაიცვას, დავამსხვრიოთ სტიგმა, დავიწყოთ საზოგადოების ცნობიერების ცვლილება. ეს გადამწყვეტია, აუცილებელია, უმთავრესია! შემდეგ რომ არ ვინანოთ, რას ფიქრობდა ლევანი თვითმკვლელობამდე და როგორ შეგვეძლო სიცოცხლის გადარჩენა.
ძვირფასო განათლების სამინისტრო, კოლეგებო, ერთად ვიმოქმედოთ!
რაგული კალანდაძე, სსიპ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბორითის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი