მსოფლიოს მასშტაბით, ცივილიზებულ საზოგადოებებში მშვიდობიანი შეკრების უფლება განსაკუთრებულ როლს ასრულებს მოსახლეობის მობილიზების შესაძლებლობაში, წუხილებისა და მისწრაფებების ჩამოყალიბებასა და, რაც მთავარია, საჯარო პოლიტიკის განსაზღვრაში. შეკრების თავისუფლება შინაარსობრივად მჭიდროდ არის დაკავშირებული საერთაშორისო სამართლით გარანტირებულ არაერთ უფლებასთან და ამდენად, ხელს უწყობს ბევრი მათგანის პრაქტიკულ განხორციელებას.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებით, “შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებას, როგორც გამოხატვის სპეციალურ ფორმას, ორი თანაბრად მნიშვნელოვანი უფლებისაგან განუყოფელი ასპექტი გააჩნია: შეკრება და მანიფესტაცია, როგორც აზრის გამოხატვის ფორმა (უფლების ფორმალური მხარე) და კონკრეტული აზრი, რომელსაც შეკრება ან მანიფესტაცია ემსახურება. ეს არის ინსტრუმენტული უფლება, რომელიც ამ უფლებით მოსარგებლე პირს (მისი პოლიტიკური, სოციალური, არტისტული, რელიგიური და ა.შ.) გრძნობებისა და შეხედულებების გამოხატვის შესაძლებლობას აძლევს.”
საქართველოს დამოუკიდებლობის 30 წლიან პერიოდში და მანამდეც არაერთი მშვიდობიანი შეკრება-მანიფესტაცია გამართულა სახელმწიფო პოლიტიკის ცვლილებისა თუ კონკრეტული მოვლენიდან მომდინარე იმწამიერი, სპონტანური რეფლექსიის სულისკვეთებით. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ საკმაოდ ხშირად კომპრომისული ნაბიჯების ნაცვლად მშვიდობიანი მომიტინგეები სახელმწიფოსაგან არაპროპორციული ძალის გამოყენების გაკვეთილებს დღემდე იღებენ, რომელთა კვალიც წარუშლელად რჩება მათ ცხოვრებაში.
2019 წლის 20 ივნისის საღამოს გამართული საპროტესტო შეკრება და მისი თანამდევი მოვლენები საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული, წინააღმდეგობრივი და პოლიტიკური შედეგების თვალსაზრისით გამორჩეული იყო. “გავრილოვის ღამის” სახელით ცნობილი საპროტესტო გამოსვლა თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიის დროს რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამის დაკავებასა და საქართველოს პარლამენტში რუსულ ენაზე ასამბლეის სესიის ჩატარებას მოჰყვა.
იმავე საღამოს, სამართალდამცაველებმა პარლამენტის წინ შეკრებილი მოქალაქეების დაშლა დაიწყეს, რა დროსაც, ადგილობირივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების მოსაზრებით, არაპროპორციული საპოლიციო ძალა იქნა გამოყენებული. ხელისუფლების ამ ნაბიჯს მეორე დღიდანვე მოჰყვა საპროტესტო აქციების უწყვეტი ჯაჭვი და პოლიტიკური ცვლილებები, თუმცა დღევანდელ ბლოგი არა ამ მოვლენის პოლიტიკური განვითარების შეფასებას, არამედ იმ საგამონაკლისო შემთხვევას ეთმობა, რომელმაც საპროტესტო აქციების დაშლისას მშვიდობიანი მოქალაქეებისათვის სახელმწიფოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების პრეცედენტი გააჩინა.
ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის მიერ მშვიდობიანი შეკრების შესახებ მომზადებული სახელმძღვანელოს მიხედვით, “სამართალდამცავმა ორგანოებმა თავი უნდა შეიკავონ ძალის გამოყენებისაგან, გარდა მკაცრად გაწერილი აუცილებლობისა. მისი გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ იმ მინიმალური ოდენობით, რაც საჭიროა უფლების შეზღუდვის პროპორციულობის, ზიანის მინიმიზაციისა და სიცოცხლის შენარჩუნების პრინციპების დაცვით.” ამავე სახელმძღვანელოს მიხედვით, “იმ შემთხვევაში, თუ მაინც მოხდა ძალის გამოყენება შეკრებაზე, მას უნდა მოჰყვეს ავტომატური და სწრაფი განხილვის პროცესი. იქ, სადაც სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძალის გამოყენების შედეგად დაზიანებები ან გარდაცვალება ხდება, უნდა განხორციელდეს დამოუკიდებელი, ღია, სწრაფი და ეფექტური გამოძიება. სამართალდამცავი პერსონალი ასევე უნდა იყოს პასუხისმგებელი ჩარევისაგან თავის შეკავების შემთხვევაში, როდესაც ასეთმა ჩარევამ შესაძლოა ხელი შეუშალოს სხვა ოფიცრებს გადაჭარბებული ძალის გამოყენებაში.”
20 ივნისის ღამეს დაშავებულთათვის სხვა მრავალ დაბრკოლებასთან ერთად გამოწვევა იყო დაზარალებულის სტატუსის მიღება და მათ წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულის დროული გამოძიება. მშვიდობიანი შეკრების შესახებ მომზადებულ სპეციალურ ანგარიშში სახალხო დამცველი აღნიშნავდა, რომ მოქმედი კანონმდებლობის აღსრულების დონეზე პრობლემა იყო შეკრება-მანიფესტაციების მართვასთან (მათ შორის საპოლიციო ძალის გამოყენებით დაშლასთან) დაკავშირებით არსებული ნორმების ზოგადი ხასიათი, სპეციალური საოპერაციო პროცედურების, თანამდებობის პირების ფუნქცია-მოვალეობათა განმსაზღვრელი ინსტრუქციების არარსებობა, პოლიციელთა სამუშაოს აღწერილობის არარსებობა, ასევე ტაქტიკური დონის დანაყოფების ხელმძღვანელებზე სპეცსაშუალებების (მათ შორის, არალეტალური ჭურვების) გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილების დელეგირების მაღალი ხარისხი.
ამ ფონზე საყურადღებოა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლის, დავით წერეთლის, 2021 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც, შინაგან საქმეთა სამინისტროს 20 ივნისის აქციის დაშლისას ერთ-ერთი დაზარალებულისათვის მიყენებული ჯანმრთელობის დაზიანის გამო 35 000 ლარის ოდენობით მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრა. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში ნათქვამია, რომ “შეკრების თავისუფლება, როგორც პლურალიზმის გამოვლენის შესაძლებლობა დემოკრატიული სახელმწიფოს და საზოგადოების განუყოფელი ნაწილია და ამ უფლებით დაცული სფერო მათ შორის გულისხმობს შეკრებაში პირების უსაფრთხოდ მონაწილეობის უზრუნველყოფას, რაც ნეგატიური და პოზიტიური თვალსაზრით ევალება სახელმწიფოს ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს შეკრებაში მონაწილე პირების მიმართ ნებისმიერი სახის საფრთხე.”
ამასთან, სასამართლომ განმარტა, რომ შეკრების თავისუფლებით დაცული სფერო, ასევე მოიცავს პირის უფლებას არ გახდეს რაიმე სახის ძალადობის მსხვერპლი იმ შემთხვევაშიც კი, თუ შეკრებაში მონაწილე სხვა, ცალკეული პირები კანონსაწინააღმდეგო მოქმედებებს ახორციელებენ, რომელშიც პირი არ მონაწილეობს. ამ მსჯელობით სასამართლომ ერთგვარად გააბათილა სახელმწიფოს პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ შექმნილი არეულობის პირობებში, მათთვის შეუძლებელი იყო მშვიდობიანი და არამშვიდობიანი მომიტინგეების ერთმანეთისაგან განცალკევება.
როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის, ასევე მოქმედი კანონმდებლობის სისტემური ანალიზის ფონზე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დაზარალებულის მიმართ გამოყენებული საპოლიციო ღონისძიება აბსოლუტურად არაპროპორციული იყო, რამდენადაც მის მიმართ ამგვარი ღონისძიების გამოყენება საერთოდ ვერ უზრუნველყოფდა იმ დროისთვათვის განსაზღვრულ ლეგიტიმურ მიზანს, იგი არ იყო გამსოადეგი და არ იყო აუცილებელი. Ამასთან არ არსებობდა დაზარალებულის მიმართ არალეტალური იარაღის გამოყენების კანონით გათვალისწინებული პირობა.
იმედია, მსგავსი პრეცედენტები წაახალისებს მოქალაქეებს სახელმწიფოს მხრიდან მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა სამართლებრივი ბერკეტი. მეორე მხირვ, მსგავსი გადაწყვეტილებები სამაგალითო უნდა გახდეს სხვა მოსამართლეებისათვის, თუ როგორ უნდა მოხდეს სახელმწიფოსა და ინდივიდს შორის არსებული დავის პირობებში, ადამიანის უფლებებზე და კანონის უზენაესობის პრინციპზე ორიენტირებული გადაწყვეტილების მიღება.