ჩხარტიშვილი საქართველოს წინააღმდეგ

მარიამ ტაგანაშვილი, ნინო შელია

ფაქტები: 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2023 წლის 11 მაისს გამოაცხადა გადაწყვეტილება საქმეზე „ჩხარტიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ (Application no. 31349/20). საქმე ეხებოდა მომჩივნის - ლაშა ჩხარტიშვილის, სამოქალაქო აქტივისტისა და  2019 წლიდან - ლეიბორისტული პარტიის წევრის ადმინისტრაციული წესით დაკავებას [8-დღიანი პატიმრობის შეფარდებას] 2019 წლის 29 ნოემბერს საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან გამართულ დემონსტრაციაზე საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის  166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (სამართალდამცავის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლების საფუძველზე.

ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, 2019 წლის 14 ნოემბერს საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას, მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით ჩავარდა, რასაც მასობრივი დემონსტრაციები მოჰყვა პარლამენტის შენობის მიმდებარედ. ერთ-ერთი დემონსტრაცია საპროტესტო ტალღის ფარგლებში საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან გაიმართა. დემონსტრანტები პოლიციელების კორდონის დარღვევის გზით ცდილობდნენ ბიბლიოთეკის შენობაში შეღწევას, მას შემდეგ, რაც შენობაში იუსტიციის მინისტრი შევიდა. პოლიციელთა გაფრთხილებას, რომ აქტივისტთა ქმედებები კანონსაწინააღმდეგო იყო და მათ არ უნდა დაებლოკათ გზიდან შენობაში შესასვლელი, შედეგად ექვსი დემონსტრანტის დაკავება მოჰყვა.

აპლიკანტი დაკავებულთაგან ერთ-ერთია. როგორც ვიდეო-მტკიცებულებიდან იკვეთება, მან ლობიოს მარცვლები ესროლა პოლიციელებს და უყვიროდა „სალაფავი მონებისთვის“ (gruel for slaves), „მონების სალაფავი პოლიციელებს“ (slave gruel for the police). ვიდეოდან ჩანს, რომ აღნიშნული ქმედების განხორციელებისთანავე მომჩივანი დააკავეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის მიხედვით, მან დაბლოკა გზაზე გასასვლელი, დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი, შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელებს და არ დაემორჩილა მათ კანონიერ მოთხოვნებს. 

მხარეთა პოზიციები კონვენციის მე-6 მუხლთან მიმართებით:

აპლიკანტი ამტკიცებდა, რომ მას დაერღვა კონვენციის მეექვსე მუხლის პირველი ნაწილი, ასევე, მესამე ნაწილის b და c ქვეპუნქტები შემდეგ ეპიზოდებში:

  1. სასამართლო პროცესიდან გაძევებისას;

  2. ადვოკატთან კონსულტაციის შესაძლებლობა არ მიეცა არც პროცესამდე და არც პროცესის შემდეგ, რის გამოც ადვოკატის მეშვეობით საკუთარი უფლებების დაცვის შესაძლებლობა წაერთვა;

  3. სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანისას მხოლოდ პოლიციელების ჩვენებებს დაეყრდნო.

მთავრობა არ დაეთანხმა მოსარჩელის პოზიციას და განმარტა:

  1. მოსარჩელის სასამართლო პროცესიდან გაძევება გამოწვეული იყო მისი უმართავი და უპატივცემულო საქციელით მოსამართლისადმი. 

  2. მომჩივანმა ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ:

    1. მას სახელმწიფომ ადვოკატთან კონტაქტი აუკრძალა;

    2. ადვოკატთან კონტაქტის მცდელობა ჰქონდა და ვერ განახორციელა;

  3. სასამართლო ჩვენებების გარდა სხვა მტკიცებულებებსაც დაეყრდნო, მათ შორის, ვიდეო მასალებს.

სასამართლოს მსჯელობა კონვენციის მე-6 მუხლთან მიმართებით:

სასამართლო დაეთანხმა მოპასუხის პოზიციას, რომ აპლიკანტს  არ წარმოუდგენია მტკიცებულებები ადვოკატთან კონსულტირების შესაძლებლობის  შეეზღუდვასთან დაკავშირებით. ადვოკატის განმარტებით, მისთვის შეუძლებელი იყო კლიენტთან შეხვედრა, რადგან დაკავების მომენტში უცნობი იყო, თუ სად გადაიყვანეს აპლიკანტი. აღნიშნული მისთვის ცნობილი არ გახდა, მანამ სანამ ეს უკანასკნელი  სასამართლოზე არ წარადგინეს. 

პალატამ დარღვევა არ დაადგინა იმ საფუძვლით, რომ ადვოკატს კლიენტთან შეხვედრის შესაძლებლობა სწორედ მაშინ მიეცა, როდესაც ზემოხსენებული პროცესი  სამი საათით გადაიდო.

რაც შეეხება მოსარჩელის პროცესიდან გაძევების საკითხს, პალატამ მიიჩნია, რომ შეუფერებელი საქციელის გამო პირის სასამართლო დარბაზიდან გაძევება მიღებული პრაქტიკას წარმოადგენდა. პალატამ გაითვალისწინა ისიც, რომ პირმა გაძევებამდე არაერთხელ მიიღო სიტყვიერი გაფრთხილება, რომ არასათანადოდ მოქცევის შემთხვევაში გაძევდებოდა დარბაზიდან, თუმცა  აპლიკანტმა არ გაითვალისწინა მოსალოდნელი შედეგები. გარდა ამისა, პირის ქმედებები სასამართლომ არ მიიჩნია მისაღებ საქციელად და საკმარის საფუძვლად ჩათვალა მისი დარბაზიდან გაძევებისთვის. დამატებით, მისი გაძევების მიუხედავად, აპლიკანტის წარმომადგენელი ადვოკატი სასამართლო დარბაზში იმყოფებოდა. შესაბამისად, არც ამ ნაწილში დაუდგენია კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა.

მე-6 მუხლთან დაკავშირებით ბოლო განსახილველი თემა შეეხებოდა ეროვნული სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას მხოლოდ პოლიციელთა ჩვენებაზე დაყრდნობის საკითხს. პალატამ განმარტა, რომ ასეთ დავებში მტკიცების ტვირთი ეკისრება არა აპლიკანტს, არამედ  ბრალმდებელ ორგანოს. პალატამ არ ჩათვალა, რომ მტკიცების ტვირთი აპლიკანტზე გადანაწილდა. გასათვალისწინებელია, რომ მას მოეხსნა ერთ-ერთი ბრალდება, რომელზეც მტკიცებულებები პოლიციელთა ჩვენების გარდა არ არსებობდა.

რაც შეეხება მსჯავრდების ნაწილს, პალატამ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია, რომ სასამართლო მხარეთა ჩვენებების გარდა ვიდეო მტკიცებულებებსაც დაეყრდნო. აქედან გამომდინარე, არც ამ ნაწილში დაადგინა მე-6 მუხლის დარღვევა.

მხარეთა პოზიციები კონვენციის მე-10 და მე-11 მუხლებთან მიმართებით:

აპლიკანტი დავობდა, რომ მისთვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის სასჯელის დაკისრება წარმოადგენდა გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების შეზღუდვას.

მთავრობა ამტკიცებდა, რომ არ არსებობდა აპლიკანტის უფლებების შეზღუდვის ფაქტი. სახეზე იყო ჩარევა, რომელიც იყო კანონთან შესაბამისი, რადგან არსებობდა ინტერესი საზოგადოებრივი არეულობის პრევენციის, სხვათა უფლებების დაცვის სახით; შესაბამისად, ჩარევა აუცილებელი იყო დემოკრატიულ საზოგადოებაში. მთავრობის მტკიცებით აღნიშნული ინტერესი ასევე კარგად გამოიკვეთა ვიდეოშიც, სადაც ჩანს, როგორ კეტავდა აპლიკანტი გზას და არ ემორჩილებოდა პოლიციელების კანონიერ მოთხოვნებს, იყო აგრესიული და შეურაცხყოფას აყენებდა მათ. შესაბამისად, სანქცია იყო სამართლიანი და პროპორციული.

აპლიკანტის განმარტებით, ის დააკავეს მას შემდეგ, რაც განახორციელა პოლიტიკური პერფორმანსი, კერძოდ ლობიოს მარცვლების „ჰაერში სროლა“. პოლიტიკური პერფორმანსი კი სრულად ექცეოდა მისი გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლების ნაწილში. აღნიშნული ქმედება მიმართული იყო არა კონკრეტული პოლიციელების, არამედ ზოგადად ყველა იმ პოლიციელის მიმართ, რომელთა ქმედებები არ იყო კანონთან შესაბამისი და, რომლებიც ლეგიტიმური ინტერესის გარეშე და არაპროპორციულად  ზღუდავდნენ დემოკრატიულ საზოგადოებაში გამოხატვის თავისუფლებას.

სასამართლოს მსჯელობა კონვენციის მე-10 და მე-11 მუხლებთან მიმართებით:

პალატის განმარტებით, არსებობდა უფლებაში ჩარევის ლეგიტიმური მიზანი - საზოგადოებრივი არეულობის პრევენცია და სხვათა უფლებათა დაცვა. შესაბამისად, პალატამ შეაფასა, რამდენად აუცილებელი და პროპორციული იყო ჩარევა ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად.

პალატამ ყურადღება გაამახვილა დემონსტრაციის ხასიათზე; კერძოდ, იგი ეხებოდა სახელმწიფოს დაპირების „ჩაგდებას“ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით. დემონსტრაციაში მონაწილეობით აპლიკანტმა გამოხატა თავისი აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესები უკეთესად წარიმართებოდა, თუ საარჩევნო რეფორმა განხორციელდებოდა. შედეგად, ამ სახით შეკრების თავისუფლებით სარგებლობამ კიდევ უფრო მეტი ინტერესი წარმოშვა და ხელი შეუწყო საზოგადოებაში მიმდინარე დებატებს.

პალატამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პირები, რომლებიც თავიანთი ოფიციალური უფლებამოსილებების ფარგლებში მოქმედებენ, ექვემდებარებიან მისაღები კრიტიკის უფრო ფართო საზღვრებს, ვიდრე ეს ჩვეულებრივ შემთხვევაში ხდება. აპლიკანტის მიერ გამოყენებული სიტყვები: „სალაფავი მონებისთვის“, „მონები“ ყველა იქ მყოფ პოლიციელს მიემართებოდა და ვინაიდან პოლიციელები სამსახურეობრივი უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებდნენ, მათ ჰქონდათ თმენის ვალდებულება.

პალატა არ უგულებელყოფს იმ ფაქტს, რომ აპლიკანტის ქმედებები არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ ვერბალური გამოხატვით და მოიცავდა ფიზიკურ  ქმედებაშიც, რაც გამოიხატებოდა ლობიოს მარცვლების სროლით პოლიციელების მიმართულებით. პალატა ასევე არ უარყოფს ფაქტს, რომ პოლიციელები თავიანთი სამსახურეობრივი უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებშიც დაცული უნდა იყვნენ თავდასხმებისგან.

თუმცა პალატამ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ პირის დაკავება მის ექსპრესიულ ქცევას მოჰყვა, რაც მიმართული იყო პოლიციელებისკენ და რაც თავსდებოდა კონვენციის მე-10 მუხლის მოქმედების ფარგლებში. 

მართალია, ერთი მხრივ, სახელმწიფოებს აქვთ შესაძლებლობა თავად განსაზღვრონ სანქციები კანონდარღვევისთვის,  თუმცა „მაქარაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილებაზე დაყრნდობით პალატამ განმარტა, რომ  განსაკუთრებული ყურადღებისა და სიფრთხილის ღირსია ისეთი საკითხები, რომლებიც გამოხატვის თავისუფლებასთან არის კავშირში და სანქციად პატიმრობას ითვალისწინებს, რადგან შესაძლოა აღნიშნული საზოგადოებაში „მსუსხავი ეფექტის“ გამომწვევი მიზეზი გახდეს. პალატამ ხაზი გაუსვა, რომ აპელანტის ქმედებები არ იყო ძალადობრივი, მას არ მიუყენებია დაზიანებები პოლიციელებისთვის, ასევე, არც სხვა იქ მყოფი პირებისათვის. გარდა ამისა, პალატამ გაითვალისწინა თვითონ დემონსტრაციის ხასიათიც, რომელიც თავისი არსით მშვიდობიანი იყო.

მაშინაც კი, როცა აპლიკანტის ქმედებამ შეიძლება გაამართლოს უფლებაში ჩარევა, ხელისუფლება განსაკუთრებით უნდა ფრთხილობდეს, როცა სანქციად პატიმრობას განსაზღვრავს. ამ შემთხვევაშიც, რადგან აპლიკანტს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, სახელმწიფო განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მისდგომოდა საკითხს.

 

პალატა არ ეთანხმება ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილებას და მიიჩნევს, რომ სანქციად რვადღიანი პატიმრობის განსაზღვრა, არ იყო პროპორციული, მით უფრო, დამამძიმებელი გარემოებების არარსებობის შემთხვევაში.  შედეგად, აპლიკანტის არაძალადობრივი, თუნდაც ხელისშემშლელი ქცევები, არ არის საკმარისი საფუძველი იმისთვის, რომ პირს პატიმრობა შეეფარდოს. ამრიგად, პალატამ კონვენციის მე-10 და მე-11 მუხლების დარღვევა დაადგინა.