განცხადება რესტორან „ლა ტრუფში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით

როგორც მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, 2013 წლის 11 მაისის ღამის საათებში, თბილისში, რესტორან „ლა ტრუფში“,  ადგილი ჰქონდა ინციდენტს, რომელიც სტუმრებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს პარლამენტის ორმა წევრმა, ყოფილმა მინისტრმა ზაზა გოროზიამ და სხვა პირებმა.

 

როგორც პარლამენტის წევრები, ასევე მათ სუფრასთან მსხდომი სხვა პირები, მომხდარ ინციდენტს მათ პოლიტიკურ შეხედულებებსა და საქმიანობას უკავშირებენ.

 

საქართველოს დემოკრატიული ინიციატვა გმობს  ძალადობის ნებისმიერ გამოვლინებას და მივიჩნევთ, რომ მსგავსი ფაქტები უარყოფითად აისახება ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე.

 

ასევე ვეხმიანებით საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებას, რომელმაც ერთის მხრივ დაგმო, თუმცა ამავდროულად  გამართლება და ახსნა მოუძებნა მომხდარ ფაქტს. მიგვაჩნია, რომ მსგავსი განცხადებები  საფრთხისშემცველია და შესაძლოა ქვეყანაში  პოლიტიკურ ნიადაგზე ფიზიკური ძალადობის ახალი გამოვლინებები წაახალისოს.

 

ამავდროულად, მოვუწოდებთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, აწარმოოს სწრაფი და ეფექტური გამოძიება რესტორან „ლა ტრუფში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშრებით, რათა მოხდეს სამართალდამრღვევ პირთა დროული იდენტიფცირება და მათი პასუხისგებაში მიცემა.