სხდომათა მიმდინარეობის პრობლემურობა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში - მაისი

სასამართლოს (მოსამართლის) დამოუკიდებლობის, მართლმსაჯულების ხარისხისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფის, მოსამართლეთა თანამდებობაზე დანიშვნის, მოსამართლეთა თანამდებობიდან გათავისუფლების, მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდების ორგანიზების, სასამართლო რეფორმის გასატარებლად წინადადებების შემუშავებისა და კანონით დადგენილი სხვა ამოცანების შესრულების მიზნით იქმნება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. 

იუსტიციის უმაღლესი საბჭო მისი უფლებამოსილების განხორციელების მიზნით მართავს საბჭოს სხდომებს. 

საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს სხდომას იწვევს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე (ნინო ქადაგიძე) ან მისი დავალებით – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი (ნიკოლოზ მარსაგიშვილი). 

საბჭო ვალდებულია სხდომის გამართვამდე არანაკლებ 3 სამუშაო დღით ადრე ოფიციალურ ვებგვერდზე (http://hcoj.gov.ge/ka) გამოაქვეყნოს ინფორმაცია სხდომის გამართვის თარიღისა და სხდომის დღის წესრიგის შესახებ. 

2023 წლის მაისის თვეში საბჭომ სხდომა 5-ჯერ გამოაცხადა, თუმცა მხოლოდ სამჯერ ჩაატარა. 

 

05.05.2023

  • სხდომის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა 4 მაისს, სამუშაო საათების შემდეგ;

  • სხდომა დაიწყო 40 წუთის დაგვიანებით;

  • სხდომას არ ესწრებოდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - ნინო ქადაგიძე და წევრი ქეთევან ცინცაძე;

  • სხდომაზე ყველა გადაწყვეტილება მიღებული იქნა ერთხმად.

 

სხდომის დღის წესრიგი:

  1. საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარის წერილები: 

პირველი საკითხი შეეხებოდა საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სამუშაო შეხვედრათა დაგეგმარებას. 2023 წლის ბიუჯეტში არ იქნა გათვალისწინებული აღნიშნული შეხვედრების ორგანიზებისთვის საჭირო ხარჯი, შესაბამისად სსიპ - საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარე ილია დევიძემ წერილით მიმართა საბჭოს, რათა ფინანსთა სამინისტრომ გამოყოს შესაბამისი თანხები. წლიურად აღნიშნული შეხვედრების ორგანიზებისთვის საჭირო თანხას შეადგენს 1 500 000 ლარი, შესაბამისად წლის ბოლომდე მსგავსი შეხვედრების ორგანიზებისთვის საბჭოს ესაჭიროება 900 000 ლარის დამატებით გამოყოფა. საბჭოს წევრმა - ლევან მურუსიძემ აღნიშნა, რომ მსგავსი სამუშაო შეხვედრები/ერთგვაროვანი პრაქტიკის შემუშავება წარმოადგენს ქართული სასამართლოს რეალურ საჭიროებას. მისი შეფასებით აღნიშნული შეხვედრები არის მართლა აუცილებელი და არა ფასადური, რაც ხდება ხოლმე ზოგიერთი ორგანიზაციის მხრიდან. ნიკოლოზ მარსაგიშვილმა განაცხადა, რომ 5 მაისის სხდომამდე ჩატარდა 2 სამუშაო შეხვედრა, სამოქალაქო, სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ საქმეთა პრობლემურ საკითხებზე. მისი შეფასებით სასურველია მსგავს შეხვედრებს მიეცეს მუდმივი ხასიათი, რათა არ იყვნენ დამოკიდებული მხოლოდ ე.წ. დონორ ორგანიზაციებზე რომლებიც თვითონ ადგენენ დღის წესრიგს და შესაძლებელია შესთავაზონ ისეთი საკითხები, რომელიც სასამართლო პრაქტიკასთან შემხებლობაში არ არის.

მეორე საკითხი შეეხებოდა მოსამართლესა საკვალიფიკაციო გამოცდის ორგანიზებასა და ხარჯების განსაზღვრას;

მესამე საკითხი შეეხებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოში საბანკო მომსახურების გაწევის მიზნით 3 ცალი ჩასარიცხის აპარატის განთავსებას. 

  1. განკარგულების პროექტი: „სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე სსიპ - საერთო სასამართლოების დეპარტამენტისათვის თანხმობის მიცემის შესახებ“ 

შეეხებოდა მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის პროცედურას;

  1. იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები

“საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 6615-ე მუხლის შესაბამისად სკოლაში მისაღებ იუსტიციის მსმენელთა საერთო რაოდენობა განისაზღვრა 130-ი ერთეულით, რაც წარმოადგენს მოსამართლეთა ვაკანსიების სავარაუდო რაოდენობაზე (107-108 ვაკანტური თანამდებობა) 20%-ით მეტს;

  1. ზოგიერთ ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის შესახებ - მოიხსნა;

  2. ზოგიერთ რაიონულ (საქალაქო)/სააპელაციო სასამართლოებში პალატების/კოლეგიების შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ - მოიხსნა;

  3. საორგანიზაციო საკითხები:

პირველი საკითხი შეეხებოდა 60-70 მოსამართლისთვის მაისის თვეში სამუშაო შეხვედრის ორგანიზებას სამოქალაქო, სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით. საბჭოს წევრმა ლევან მურუსიძემ განაცხადა, რომ ჩატარებულმა შეხვედრებმა ძალიან კარგი შედეგი გამოიღო და მსგავსი შეხვედრები კიდევ უნდა ჩატარდეს, რაც შეიძლება ინტენსიურად. 

მეორე საკითხი შეეხებოდა საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის შემადგენლობას, რაც დახურულ სხდომაზე განხილიება.

24.05.2023

  • სხდომის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა 23 მაისს, სამუშაო საათების შემდეგ;

  • სხდომა დაიწყო საათის და 10 წუთის დაგვიანებით;

  • სხდომა ჩატარდა ახალი შემადგენლობით, მას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის მიერ დანიშნული ახალი არამოსამართლე საბჭოს წევრებიც (გიორგი გზობავა, ტრისტან ბენაშვილი, ზურაბ გურასპაშვილი).

  • სხდომას არ ესწრებოდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - ნინო ქადაგიძე;

  • სხდომის მიმდინარეობისას საბჭოს წევრები საბჭოს ფორმატს გარეთ აქტიურად საუბრობდნენ. რიგ შემთხვევებში, საბჭოს წევრები მათთვის განსაზღვრული ადგილიდან დგებოდნენ და სხვა წევრებთან ერთად სხდომის მიმდინარეობის პარალელურად საუბრობდნენ. 

  • ყველა გადაწყვეტილება (ფარული კენჭისყრის პროცედურის გარდა) მიღებული იქნა ერთხმად .

 

სხდომის დღის წესრიგი:

  1. სსიპ – საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარის წერილი:

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სამუშაო შეხვედრათა ორგანიზების მიზნით მოთხოვნილი თანხა 900 000 ლარიდან შემცირდა 400 000 ლარამდე. თანხა შემცირდა, რადგან შეხვედრათა ორგანიზებისთვის საჭირო თანხა დაკორექტირდა უკვე ჩატარებული სამუშაო შეხვედრების ორგანიზებისთვის გაწეული ხარჯის შესაბამისად. 

  1. ზოგიერთი მოსამართლის უფლებამოსილების თაობაზე: 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილი გათავისუფლდა დაკავებული პოზიციიდან კანონით დადგენილი ასაკის მიღწევის საფუძველზე. 

  1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ქ. კოპალიანის წერილი:

საცხოვრებელი და სამუშაო ადგილის გათვალისწინებით მოითხოვა საწვავისთვის გამოყოფილი თანხის გაზრდა.

  1. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 37-ე მუხლით გათვალისწინებული საკითხები: 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ 2022 წლის 12,13 და 27 ოქტომბერს მიღებული იქნა განკარგულება რაიონული (საქალაქო) სასამართლოს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე მოსამართლის კონკურსის გარეშე დანიშვნის საკითხის ინიცირების თაობაზე. ახალი წევრების დამატების შემდგომ აღნიშნულ საკითხზე კენჭისყრა გაიმართა. საბჭომ არცერთ კანდიდატს მხარი არ დაუჭირა, რადგან კანდიდატებთან გასაუბრებას ახალი საბჭოს წევრები არ ესწრებოდნენ. 

მოსამართლის კონკურსის გარეშე დანიშვნის თავდაპირველი პროცედურის ფარგლებში ახალციხის რაიონული სასამართლოს მაგისტრატ მოსამართლეს ასპინძის მუნიციპალიტეტში გიორგი ლობჟანიძეს განაცხადი ჰქონდა შეტანილი ბათუმის საქალაქო სასამართლოში გადანიშვნის შესახებ. 2023 წელს იგი კონკურსის ფარგლებში დაინიშნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის პოზიციაზე ქობულეთის მუნიციპალიტეტში. სხდომის მიმდინარეობისას საბჭოს არ ჰქონდა სრული ინფორმაცია, სურდა თუ არა გიორგი ლობჟანიძეს აღნიშნულ პოზიციაზე მოსამართლის კონკურსის გარეშე დანიშვნის პროცედურაში კანდიდატის სახით კიდევ ერთხელ მიეღო მონაწილეობა. სხდომის მიმდინარეობისას საბჭოს მდივნის ნიკოლოზ მარსაგიშვილის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება სატელეფონო საუბრით დაეზუსტებინა აღნიშნული ფაქტი მოსამართლე გიორგი ლობჟანიძესთან. გიორგი ლობჟანიძემ თანამდებობაზე მოსამართლის კონკურსის გარეშე დანიშვნის პროცედურაში კანდიდატად მონაწილეობაზე უარი განაცხადა. 

ფარული კენჭისყრის ფარგლებში საბჭოს 12-მა წევრმა საკუთარი პოზიცია შემდეგი პრინციპით დააფიქსირა:

  • თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში 3 ვაკანტურ თანამდებობაზე კენჭისყრისას:

    • გიორგი ბუხრაშვილმა მიიღო - 1 ხმა, 11 ბათილია; 

    • მანუჩარ ცაცუამ მიიღო - 2 ხმა, 10 ბათილია;

    • ციცინო როქვაძემ მიიღო - 2 ხმა, 10 ბათილია;

    • სერგო მეთოფიშვილმა მიიღო - 1 ხმა, 10 ბათილია.

  • ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში 2 ვაკანტურ თანამდებობაზე კენჭისყრისას:

    • ეკატერინე მაღარძემ მიიღო - 1 ხმა, 11 ბათილია;

  • ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში 1 ვაკანტურ თანამდებობაზე კენჭისყრისას:

    • გულიკო კაჟაშვილმა მიიღო - 1 ხმა, 11 ბათილია;

  • ფოთის საქალაქო სასამართლოში 1 ვაკანტურ თანამდებობაზე კენჭისყრისას: 

    • გულიკო კაჟაშვილმა მიიღო - 1 ხმა, 11 ბათილია;

 

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დააინიცირა ვაკანტურ თანამდებობაზე მოსამართლის კონკურსის გარეშე დანიშვნის პროცედურა. განაცხადების მიღება გამოცხადდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო (2 ვაკანტური თანამდებობა), ადმინისტრაციულ (3 ვაკანტური თანამდებობა), სისხლის და საგამოძიებო სამართლის საქმეთა პალატებში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის, საგამოძიებო, სამოქალაქო და ადმინისტრაციული  სამართლის პალატებში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო (2 ვაკანტური თანამდებობა),  ადმინისტრაციულ და სისხლის საქმეთა კოლეგიებში, ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში და ფოთის საქალაქო სასამართლოში. 

  1. იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები: 

იუსტიციის უმაღლესმა სკოლამ განმარტა, რომ ამჟამად სკოლის ბიუჯეტი და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა არ იძლევა 30-ზე მეტი იუსტიციის მსმენელის მიღების შესაძლებლობას. 

ამასთანავე, 2020 წელს გამოცხადდა იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მსმენელთა მისაღები კონკურსი. ნიკოლოზ მარსაგიშვილის განმარტების თანახმად აღნიშნული კონკურსი არ დასრულდა და შემდგომ საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე კონკურსის გარკვეული ეტაპები განისაზღვრა იუსტიციის უმაღლესი სკოლის კომპეტენციად. საბჭოს წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა განმარტა, რომ იუსტიციის უმაღლესი სკოლის კანდიდატს ჩაბარებული უნდა ქონდეს მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა და ამ გამოცდის შედეგი უნდა იყოს ძალაში. გამოცდის ჩაბარებიდან 10 წლის განმავლობაში, თუ პირი არ ჩაირიცხა სკოლის მსმენელად ან არ გამწესდა მოსამართლედ, გამოცდის შედეგი ძალას კარგავს. 2020 წელს გამოცხადებული კონკურსის მონაწილე 41 კანდიდატიდან რამდენიმეს შედეგი ძალადაკარგულად გამოცხადდა. საბჭომ 2020 წლის კონკურსი შეწყვეტილად გამოაცხადა და იუსტიციის უმაღლეს სკოლაში იუსტიციის მსმენელთა მისაღები ახალი კონკურსი გამოცხადდა (30 ერთეულით). 

  1. ზოგიერთ ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის შესახებ - მოიხსნა;

  2. ზოგიერთ რაიონულ (საქალაქო)/სააპელაციო სასამართლოებში პალატების/კოლეგიების შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ - მოიხსნა;

  3. საორგანიზაციო საკითხები : 

იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარემ ვასილ მშვენიერაძემ და ამავე საბჭოს წევრმა ბადრი შონიამ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წერილით მიმართეს. ბადრი შონიამ მოითხოვა სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს წევრის პოზიციიდან განთავისუფლება, რადგან მას დამატებით ადმინისტრაციული ფუნქცია აქვს (იგი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარეა). ხოლო, ვასილ მშვენიერაძემ მიმართა საბჭოს ბადრი შონიას გათავისუფლებისა და დამოუკიდებელი საბჭოს ახალი წევრის დანიშვნის თხოვნით. იუსტიციის საბჭომ აღნიშნული მოთხოვნა დააკმაყოფილა და რამოდენიმე წუთიანი შესვენების გამოცხადების შემდგომ კანონის ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობით (დამოუკიდებელი საბჭოს 7 წევრიდან 2-ს (1 მოსამართლე წევრს და 1 არამოსამართლე წევრს) ირჩევს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო საკუთარი შემადგენლობიდან) აირჩია დიმიტრი გვრიტიშვილი (იგი 2021 წლის ნოემბრიდან 2022 წლის ნოემბრამდე იყო ამავე საბჭოს თავმჯდომარე. აღნიშნული პოზიცია მან დატოვა მოსამართლეთა კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად აირჩევამდე რამოდენიმე დღით ადრე. ამჟამად ის ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარეა).  

 

29.05.2023 

  • სხდომის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა 28 მაისს, სამუშაო საათების შემდეგ;

  • სხდომა დაიწყო 40 წუთის დაგვიანებით;

  • სხდომას არ ესწრებოდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - ნინო ქადაგიძე;

  • სხდომის მიმდინარეობისას საბჭოს წევრები ტელეფონზე საუბრობდნენ, სხდომა შეფერხებით მიმდინარეობდა;

  • ყველა გადაწყვეტილება მიღებული იქნა ერთხმად .

 

სხდომის დღის წესრიგი:

  1. სსიპ – საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარის წერილი:

პირველი საკითხი შეეხებოდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინების საფუძველზე  შპს “ა-ისთვის თანხის ანაზღაურებას. ”სსიპ – საერთო სასამართლოების დეპარტამენტს დაეკისრა შპს “ა-ისთვის” 62 408.06 ლარის ანაზღაურება. დეპარტამენტმა დაკისრებული თანხა დაუბრუნა  შპს “ა-ის”, თუმცა საჭირო გახდა წარმოქმნილი დანაკლისის შევსება 50 000 ლარით. 

მეორე საკითხი შეეხებოდა სსიპ – საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობის სარემონტო სამუშაოების ხარჯებს, რომელიც ასევე საჭიროებდა დამატებით 50 000 ლარით გაზრდას. 

  1. ზოგიერთ ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის შესახებ - მოიხსნა;

  2. ზოგიერთ რაიონულ (საქალაქო)/სააპელაციო სასამართლოებში პალატების/კოლეგიების შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ - მოიხსნა;

  3. საორგანიზაციო საკითხები : 

პირველი საკითხი შეეხებოდა მოსამართლის კონკურსის გარეშე დანიშვნას. პროცედურაზე განცხადებების მიღების ვადაში მხოლოდ 2 პირი დარეგისტრირდა. აქედან გამომდინარე, ნიკოლოზ მარსაგიშვილმა საბჭოს წევრებს შესთავაზა განაცხადების მიღების ვადის გახანგრძლივება. 

სხდომის დაწყვებიდან 10 წუთში შესვენება გამოცხადდა. 

შესვენების შემდგომ, საბჭომ საორგანიზაციო საკითხების განხილვისას მოსამართლის კონკურსის გარეშე დანიშვნის პროცედურაში კიდევ ერთი ცვლილება შეიტანა. დაინიცირდა განცხადებების მიღება მცხეთის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიაში და ამავე სასამართლოს თიანეთის მუნიციპალიტეტში კონკურსის გარეშე დანიშვნის შესაძლებლობა. 

მეორე საკითხი შეეხებოდა საბჭოს მიერ ორგანიზებულ მოსამართლეთა სამუშაო შეხვედრებს. 28-30 ივნისის ფარგლებში დაიგეგმა გასვლითი სამუშაო შეხვედრა ადმინისტაციული სამართლის პრობლემურ საკითხებზე. სავარაუდოდ აღნიშნულ სამუშაო შეხვედრაში 80 მოსამართლე მიიღებს მონაწილეობას. 

 

30.05.2023

  • სხდომის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა 29 მაისს, სამუშაო საათების შემდეგ;

  • სხდომა ჩაინიშნა 30 მაისს სამ საათზე;

  • 30 მაისის სამ საათზე სხდომის დაწყების თარიღმა გადაიწია ამავე დღის 5 საათამდე;

  • 5 საათზე სხდომა გაუქმდა.

 

სხდომის დღის წესრიგი:

  1. სსიპ – საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარის წერილები; 

  2. სსიპ - საერთო სასამართლოების დეპარტამენტთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხები;

  3. ზოგიერთ ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის შესახებ;

  4. საორგანიზაციო საკითხები.



31.05.2023

  • სხდომის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა 30 მაისს, სამუშაო საათების შემდეგ;

  • სხდომა ჩაინიშნა 31 მაისს სამ საათზე;

  • 31 მაისის სამის ნახევარზე სხდომის დაწყების თარიღმა გადაიწია ამავე დღის 5 საათამდე;

  • 5 საათზე სხდომა გაუქმდა.

 

სხდომის დღის წესრიგი:

  1. სსიპ – საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარის წერილები; 

  2. სსიპ - საერთო სასამართლოების დეპარტამენტთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხები;

  3. ზოგიერთ ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის შესახებ;

  4. საორგანიზაციო საკითხები.