შსს-მ ტელეკომპანია “ფორმულას” წინააღდეგ დაწყებული სასამართლო დავა წააგო

2024 წლის 10 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე სოსო ღურწკაიამ არ დააკმაყოფილა შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნის სარჩელი ცილისწამების შესახებ ტელეკომპანია ფორმულას წინააღმდეგ. 

საქმე ეხება 2021 წლის იანვრისა და მარტის თვეში ტელეკომპანია ფორმულას მიერ მომზადებულ სიუჟეტების ციკლს, სადაც საუბარი იყო კოვიდპანდემიისას, კომენდატის საათის დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ პროსტიტუციაში ჩაბმული პირების გამოძახების ადგილზე გაცილებისა და უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფის შესაძლო ფაქტზე. 

აღსანიშნავია, რომ ტელეკომპანია “ფორმულას” მიერ არ ყოფილა გავრცელებული ინფორმაცია აღნიშნულ საქმიანობაში კონკრეტული პირის ჩართულობის შესახებ, არამედ საუბარი იყო ზოგადად სახელმწიფო უწყებასა და უწყების ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც საგამოძიებო ჟურნალისტიკის ფარგლებში შემჩნეულ იქნა სექსმუშაკის  გამოძახების ადგილას. 

ამის მიუხედავად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანმა, გ.ღ-მ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა სარჩელით და ითხოვდა ტელეკომპანია ფორმულას მიერ გავრცელებული ინფორმაციის ცილისწამებად ცნობას. 

საბოლოოდ, 3-წლიანი დავის შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე სოსო ღურწკაიამ არ დააკმაყოფილა შსს-ს თანამშრომლის მოთხოვნა და განმარტა, რომ საქართველო ხელმძღვანელობს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ამერიკული მოდელით, რითაც საჯარო მოხელეებს გააჩნიათ მაღალი თმენის ვალდებულება. გარდა ამისა, მოსამართლის თქმით, საქმეში არ დადგინდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ცილისწამებისათვის აუცილებელი კუმულატიური წინაპირობების არსებობა.  

მიგვაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება არის დადებითი პრეცედენტი და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს თუ რა სტანდარტებით უნდა ხელმძღვანელობდნენ მოსამართლეები მაღალი თანამდებობის მქონე პირების მიერ ინიცირებული სარჩელების განხილვისას.  

მსგავსი გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებითაც, რომ ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც პოლიტიკურად გავლენიანი პირები თუ ინსტიტუტები მიმართავენ საერთო სასამართლოებს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესაზღუდად, ე.წ SLAPP (სტრატეგიული სარჩელები სამოქალაქო ჩართულობის წინააღმდეგ) სარჩელებით. კრიტიკული მედიის წინააღმდეგ დეფამაციურმა სარჩელებმა ბოლო სამი წლის განმავლობაში სისტემური ხასიათი მიიღო, რასაც ხშირ შემთხვევაში საფუძვლად ხელისუფლებისა და მასთან დაკავშირებული პირების სხვა გავლენიანი პირების წინააღმდეგ გაკეთებული კრიტიკული განცხადებები უდევს. საყურადღებოა, რომ  ასეთი სარჩელის სამიზნეები ძირითადად კრიტიკული მედიის წარმომადგენლები ხდებიან („მთავარი არხი“, „ტვ პირველი“, „ფორმულა“). 

 

ტელეკომპანია „ფორმულას“ ინტერესებს თბილისის საქალაქო სასამართლოში GDI იცავდა.