საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის 10 წლის მიმოხილვა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო წარმოადგენს საკონსტიტუციო კონტროლის სასამართლო ორგანოს, რომელიც უზრუნველყოფს კონსტიტუციის მოთხოვნათა და დებულებათა ჯეროვან შესრულებას. 2024 წლის 30 იანვარს, საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ (GDI), USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 10 წლის (2012-2023) საქმიანობის შესახებ კვლევის პრეზენტაცია გამართა.

კვლევის პროცესში გაანალიზდა საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული სარჩელები/წარდგინებები, საოქმო ჩანაწერები, განჩინებები და გადაწყვეტილებები, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მოწოდებული საჯარო ინფორმაცია. ამასთანავე, გათვალისწინებული იქნა ექსპერტთა მოსაზრებები.

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომმიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა საქმეთა განსახილველად მომზადების, განხილვის, გადაწყვეტის და კონსტიტუციური სამართალწარმოების პროცედურები, მნიშვნელოვანია გაუმჯობესდეს სარჩელთა რეგისტრაცია, მომხსენებელ მოსამართლეთა დანიშვნა, საქმეთა განხილვის ვადები, მოსამართლეთა დანიშვნა, წარდგინებებით მიმართვა საერთო სასამართლოებიდან, მოსამართლეთა აცილების და დისციპლინური სამართალწარმოების პროცედურები. [...] საკონსტიტუციო სასამართლოს მთავარ გამოწვევად კვლავ საქმეთა გაჭიანურება რჩება, რომელიც განსაკუთრებით გაუარესდა ბოლო 5 წლის განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ საქმეთა განაწილების ელექტრონული სისტემის დანერგვამ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა საქმეთა კოლეგიებში განაწილებისა და მომხსენებელ მოსამართლეთა დანიშვნის პროცედურა, საჭიროა დამატებითი პირობების შეტანა ახალი მომხსენებელი მოსამართლის არჩევისას.”

კვლევაში აღნიშნულია, რომსაკონსტიტუციო სასამართლოს წევრის შერჩევის კრიტერიუმები მკაფიოდ არ არის განსაზღვრული. სუბიექტური კრიტერიუმის შეფასების პრინციპი არ არის ჩამოყალიბებული. პროცესი არ არის გამჭვირვალე და საზოგადოების ნდობით აღჭურვილი. ასევე, გაუმჯობესებას საჭიროებს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურის დასახელების პროცესი. სასამართლოს გამჭვირვალობისთვის მნიშვნელოვანია საქმის პლენუმისთვის გადაცემის მიზნით ინდივიდუალურ მოსამართლეთა და სასამართლოს თავმჯდომარის მიერ შემუშავებული, დასაბუთებული შუამდგომლობებისა და წინადადების გამოქვეყნება. ამასთან, კვლევაში ვკითხულობთ, რომ კონსტიტუციური წარდგინების მექანიზმი არასაკმარისად გამოიყენება საერთო სასამართლოების მოსამართლეების მიერ.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, სახალხო დამცველის და საკონსტიტუციო სასამართლოს წარმომადგენლები.