„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ განცხადება მეთორმეტეკლასელი გოგონას რელიგიის ნიშნით დისკრიმინაციის თაობაზე

2016 წლის 23 დეკემბერს ინტერნეტგამოცემა „სამხრეთის კარიბჭემ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვით, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფ. მოხის საჯარო სკოლის დირექტორმა ნათია რეხვიაშვილმა მეთორმეტე კლასში მისაღებად თეონა ბერიძეს თავსაფრის მოხდა მოსთხოვა.

 

მსგავსი მოთხოვნა არღვევს კონსტიტუციის მე-19 მუხლით აღიარებულ რელიგიის თავისუფლებას და ამავდროულად დისკრიმინაციულია.

 

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის თანახმად:

 

„1. მოსწავლეს, მშობელს და მასწავლებელს კანონით დადგენილი წესით აქვთ რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლება, ნებისმიერი ან არც ერთი რწმენისა თუ მსოფლმხედველობის ნებაყოფლობით არჩევის და შეცვლის უფლება.
2. დაუშვებელია, მოსწავლეს, მშობელს და მასწავლებელს დაეკისროთ ისეთი ვალდებულებების შესრულება, რომლებიც ძირეულად ეწინააღმდეგება მათ რწმენას, აღმსარებლობას ან სინდისს, თუ ეს არ ლახავს სხვათა უფლებებს, ან ხელს არ შეუშლის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მიღწევის დონის დაძლევას.“

 

ზემოაღნიშნული ნორმა, ისევე, როგორც კონსტიტუცია, აღიარებს და იცავს მუსლიმი მოსწავლეების უფლებას, სასწავლო პროცესის დროსაც ატარონ მუსლიმი ქალების ტრადიციული თავსაბურავი, რაც ბევრი მათგანისთვის რწმენისა და აღმსარებლობის განუყოფელი ნაწილია.

 

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის იურისტები ადგილზე შეისწავლიან თეონა ბერიძის მიმართ განხორციელებული დისკრიმინაციის ფაქტს და სამართლებრივ დახმარებას აღმოუჩენენ დისკრიმინაციის მსხვერპლს.

 

განსაკუთრებით საგულისხმოა, რომ აღნიშნული ინციდენტი დაფიქსირდა სოფელ მოხეში, რომელიც მუსლიმი თემის დისკრიმინაციის გამო არაერთხელ გამხდარა ყურადღების საგანი. მოხეს მუსლიმი თემი, რომელიც სოფლის მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენს, წლების განმავლობაში ითხოვს ისტორიული მეჩეთის შენობის დაბრუნებას ან მინიმუმ მის კონსერვაციას, განადგურების თავიდან არიდების მიზნით, თუმცა უშედეგოდ.

 

gdi.ge/ge/news/gancxadeba-moxeshi-muslimta-uflebebis-uxeshi-dargvevis-taobaze.page

gdi.ge/ge/news/religiuri-sheuwynareblobis-faqtebze-arasamtavrobo-da-religiuri-organizaciebi-parlamentisgan-reagirebas-moitxoven.page

gdi.ge/ge/news/sakonsultacio-shexvedrebi-sofel-moxeshsa-da-chelashi.page

gdi.ge/ge/news/saqartvelos-demokratiuli-iniciativis-gdi-gancxadeba-sofel-moxeshi-mimdinare-movlenebis-taobaze.page