სამოქალაქო ორგანიზაციებმა და მაუწყებლებმა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას რეკომენდაციებით მიმართეს

GDI-ს კოორდინაციით, მედიის თავისუფლებაზე მომუშავე სამოქალაქო ორგანიზაციებმა და მაუწყებლებმა რეკომენდაციებით მიმართეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას. დოკუმენტში ასახულია სიძულვილის ენაზე, ტერორიზმისკენ მოწოდებასა და უხამსობაზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ შემუშავებულ გაიდლაინთან დაკავშირებული კომენტარები/რეკომენდაციები.

აღსანიშნავია, რომ კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შეიმუშავა სახელმძღვანელო პრინციპები, რითაც იხელმძღვანელებს მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის 552 მუხლისა და 561 მუხლის მე-3 პუნქტის აღსრულებისას. აღნიშნული დოკუმენტი გაეგზავნათ როგორც სამოქალაქო ორგანიზაციებს, ისე მაუწყებლებს, რათა გაცნობოდნენ და შესაბამისი კომენტარებით/რეკომენდაციებით მიემართათ მარეგულირებელი კომისიისთვის.

ვაცნობიერებთ რა იმ საფრთხეებს, რაც მსგავსი რეგულაციებით შესაძლებელია შეექმნას გამოხატვისა და მედიის თავისუფლებას, სამოქალაქო ორგანიზაციებმა და მაუწყებლებმა შევისწავლეთ კომისიის მიერ შემუშავებული პრინციპები, რის შემდეგაც რეკომენდაციები ზეპირი ფორმით გავაცანით კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წარმომადგენლებს. აღსანიშნავია, რომ კომისიამ გაითვალისწინა ჩვენს მიერ შეთავაზებული რეკომენდაციების ნაწილი და ასახა ისინი დოკუმენტში.

მიუხედავად ამისა, ვფიქრობთ, რომ აუცილებელია კომისიამ გაითვალისწინოს ჩვენს მიერ შემუშავებულ დოკუმენტში ასახული სხვა რეკომენდაციებიც. დოკუმენტში, ეროვნული და საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზის შედეგად, მითითებულია ის რეკომენდაციები, რომლებიც მნიშვნელოვანია კომისიამ მხედველობაში მიიღოს ახალი რეგულაციების აღსრულებისას, რათა უზრუნველყოს სამართლიანი ბალანსის დაცვა ერთი მხრივ სიძულვილის ენისა და უხამსობის რეგულირებასა და მეორე მხრივ მედიისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვას შორის. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩნდება რისკი, რომ მედიის თავისუფლება უსაფუძვლოდ შეიზღუდება.

ვიმედოვნებთ, რომ მარეგულირებელი კომისია მხედველობაში მიიღებს ჩვენს მიერ შეთავაზებულ რეკომენდაციებს და ასახავს სახელმძღვანელო პრინციპებში. ამასთან, იმედი გვაქვს, რომ მომავალში თუ დადგება  კომისიის მიერ შემუშავებული პრინციპების ცვლილების საჭიროება, ის კვლავ აწარმოებს ინკლუზიური პროცესს სამოქალაქო ორგანიზაციებთან და მაუწყებლებთან.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 19 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შეიტანა ცვლილებები, რომლითაც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მიენიჭა სიძულვილის ენის გამოყენებასა და ტერორიზმისკენ მოწოდებაზე, აგრეთვე უხამსობის შემცველ პროგრამაზე ზედამხედველობის უფლებამოსილება.

რეკომენდაციებზე მუშაობდნენ შემდეგი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და მაუწყებლები:

  1. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
  2.  საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
  3. უფლებები საქართველო
  4. ტელეკომპანია “ფორმულა”
  5. შპს “მთავარი არხი”
  6. შპს “ტელეკომპანია კავკასია”
  7.  შპს “ტელეკომპანია  პირველი”