„სამოქალაქო განათლება ყველასთვის“ მესამე ონლაინ ოლიმპიადის გამარჯვებულები

GDI-ის მიერ ორგანიზებული „სამოქალაქო განათლება ყველასთვის“ ონლაინ ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

ონლაინ ოლიმპიადის გამარჯვებული გახდა ვლადიმერ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის #199 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე დავით სამხარაძე, მეორე ადგილზე გავიდა ქ. ქუთაისის შპს ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესის  X  კლასის მოსწავლე გელა კუხიანიძე,  მესამე ადგილზე კი  პაოლო იაშვილის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ არგვეთის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე სალომე გაფრინდაშვილი.

15 ივნისს გაიმართა ელექტრონული რესურსის „სამოქალაქო განათლება ყველასთვის“ (www.civiceducation.ge) 2019-2020 სასწავლო წლის ონლაინ ოლიმპიადის მეორე ტური და გამოვლინდა გამარჯვებულები. აღსანიშნავია, რომ COVID 19 - ის პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების გათვალისწინებით ოლიმპიადის მეორე ტურიც გაიმართა ონლაინ რეჟიმში.

გელა კუხიანიძესა და სალომე გაფრინდაშვილს პერსონალური კომპიუტერები და სხვა საჩუქრები ქუთაისსა და არგვეთაში ჩაუტანეს GDI - ის თავმჯდომარემ გიორგი მშვენიერაძემ და GDI-ის სამოქალაქო განათლების მიმართულების ხელმძღვანელმა ნინო ერემაშვილმა. დავით სამხარაძე კი  ოფისში გვესტუმრა. მას კომპიუტერი და სხვა საჩუქრები გადასცეს GDI-ის თავმჯდომარემ გიორგი მშვენიერაძემ, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების პროგრამების ხელმძღვანელმა მარი კაპანაძემ, სამოქალაქო განათლების მიმართულების ხელმძღვანელმა ნინო ერემაშვილმა და „ჭავჭავაძის ცენტრის“ დამფუძნებელმა ზაზა ბიბილაშვილმა. „ჭავჭავაძის ცენტრის“ მიერ დაწესებულები საჩუქრები გადაეცა ათეულის ყველა მოსწავლეს.

სერტიფიკატები და სხვა საჩუქრები ფოსტით გაეგზავნათ მე-4 - მე-10 ადგილზე გასულ მოსწავლეებს. გამარჯვებულ ათეულში იყვნენ თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, საჩხერის, მცხეთის და ქარელის მუნიციპალიტეტების სკოლების  X–XII კლასის მოსწავლეები. ოლიმპიადაში მონაწილეობა კი მიიღო 1200 - მდე მოსწავლემ.

2019-2020 სასწავლო წლების ოლიმპიადა გაიმართა პროექტის „დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა და გენდერული თანასწორობის წახალისება სამოქალაქო განათლების გზით“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება RFSU- სა და SIDA-ს დაფინანსებით.

GDI-მ civiceducation.ge 2016 წელს შექმნა და 2018 წელს დაამატა ვებ-რესურსის სომხური და აზერბაიჯანული ვერსიები, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. ამჟამად GDI აგრძელებს ვებ - გვერდის განვითარებას, რომელსაც უკვე 16 000- ზე მეტი რეგისტრირებული მომხმარებელი ჰყავს.