მართლმსაჯულების სფეროში ქართული ოცნების მიერ გატარებული ცვლილებები ვენეციის კომისიის დასკვნებთან კვლავ შეუსაბამოდ რჩება

საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროკომისიის რეკომენდაციის გაცემამდე რამდენიმე კვირა რჩება. ვენეციის კომისიის 2023 წლის 9 ოქტომბრის დასკვნის მიხედვით კი, მართლმსაჯულების სფეროში ხელისუფლების მიერ გატარებული ცვლილებები კვლავ ფრაგმენტულია. ცვლილებები არ პასუხობს ვენეციის კომისიის მანამდე არსებულ რეკომენდაციებს და საქართველოს მართლმსაჯულებაში არსებულ რეალურ გამოწვევებს.

ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად 2022 წლის 17 ივნისს საქართველოს  12 პრიორიტეტული საკითხი განესაზღვრა. მათგან ერთ-ერთი არის მართლმსაჯულების რეფორმა და სასამართლოს დამოუკიდებლობა. 

კერძოდ, ევროკომისიამ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას:

  • მიიღოს და განახორციელოს მართლმსაჯულების რეფორმის გამჭვირვალე და ეფექტიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა 2021 წლის შემდგომი პერიოდისათვის, რომელიც დაეფუძნება ფართო, ინკლუზიურ და პარტიათა შორის წარმართულ საკონსულტაციო პროცესს;

  • უზრუნველყოს, რომ მართლმსაჯულების მთელი ჯაჭვი იყოს სრულებით, ჭეშმარიტად დამოუკიდებელი, ანგარიშვალდებული და მიუკერძოებელი, ასევე დაიცვას შტოებს შორის ძალაუფლების განაწილება;

  • სახელდობრ, უზრუნველყოს ყველა სასამართლო და საგამოძიებო ინსტიტუტის ჯეროვანი ფუნქციონირება და კეთილსინდისიერება, განსაკუთრებით უზენაესი სასამართლოსი და გადაჭრას ყველა პრობლემა, რომელიც გამოვლინდა მოსამართლეთა ნომინირების ყველა დონეზე, ასევე გენერალური პროკურორის შემთხვევაში;

  • გაატაროს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ჯეროვანი რეფორმა და დანიშნოს უმაღლესი საბჭოს დანარჩენი წევრები. 

ყველა ეს ზომა უნდა გატარდეს ევროპული სტანდარტებისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრული დაცვით.

ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის მიღებიდან 15 თვის შემდგომ, ვენეციის კომისიის არაერთი დასკვნის არსებობის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლება კვლავ არ ასრულებს კომისიის მიერ გაცემულ მნიშვნელოვან რეკომენდაციებს. ამიტომ, კომისია მოუწოდებს ხელისუფლებას დაუსაბუთებელი შეფერხების გარეშე გაატაროს რეფორმის სტრატეგია. 

ვენეციის კომისიამ გუშინ, 2023 წლის 9 ოქტომბერს გამოქვეყნებულ დასკვნაში, რომელიც მოიცავს როგორც 2023 წლის ივნისის ცვილელებებსა და 2023 წლის სექტემბრის კანონპროექტს, აღნიშნა, რომ:

არ შესრულდა - 2 ძირითადი რეკომენდაცია რომელიც შეეხებოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოვლისმომცველ რეფორმასა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილებას მოსამართლეთა გადაადგილების ან მივლინების პროცესში. ასევე, არ შესრულდა 4 რეკომენდაცია, რომელიც შეეხებოდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კვალიფიკაციას, ჩიხსაწინააღმდეგო მექანიზმს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ კანდიდატთა ნომინირების გადაწყვეტისას, მოსამართლის თანამდებობის დაკავების წესს და უზენაესი სასამართლოს პრეზიდენტის/თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადას. 

ნაწილობრივ შესრულდა / ცვლიებების გათვალისწინებით შეიძლება შესრულდეს - 2 ძირითადი რეკომენდაცია რომელიც შეეხებოდა დისციპლინური გადაცდომის ახალ საფუძვლებს და უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებების სავალდებულო ხასიათსა და დანიშვნის პროცედურის შეჩერებას. 

შესრულდა - 1 ძირითადი რეკომენდაცია რომელიც შეეხებოდა მოსამართლეთა ჩამოცილებას საქმიდან და 3 დამატებით რეკომენდაცია, რომელიც შეეხებოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შეცვლილ შემადგენლობას განმეორებით გასაჩივრებისას, მოსამართლეთა დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების ათვლას და სასამართლო გადაწყვეტილებათა ხელმისაწვდომობას. 

კომისიამ პრიორიტეტულად გამოყო პირველი რეკომენდაცია და აღნიშნა, რომ კვლავ შეუსრულებელი რჩება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოვლისმომცველი რეფორმა. 

ვენეციის კომისიის დასკვნა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას გადაიხედოს საბჭოს უფლებამოსილება, ფუნქციები, გადაწყვეტილების მიღების პროცედურა და წევრთა არჩევის წესი. კომისიის თანახმად კანონში შეტანილი მცირე ან ტექნიკური ცვლილებები არ დააკმაყოფილებს ამ რეკომენდაციას. რეფორმის პროცესი უნდა იყოს სიღრმისეული და ინკლუზიური, ყველა შესაბამისი დაინტერესებული მხარის ჩართულობით.