GDI წარმოგიდგენთ სპეციალურ ანგარიშს საქართველოში SLAPP საქმეების შესახებ.
მაღალი პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირების, “ქართული ოცნების” წევრებისა, და მათთან დაკავშირებული სხვა პირების მიერ ცილისწამების მოტივით დაწყებული სამართლებრივი დავები ბოლო პერიოდში მედიის თავისუფლების შეზღუდვის ერთ-ერთ იარაღად იქცა. GDI-ს დაკვირვებით, 2021-2023 წლებში საქართველოში დაიწყო და მნიშვნელოვნად გაიზარდა კრიტიკული მედიისა და უფლებადამცველების წინააღმდეგ ე.წ. SLAPP (Strategic Litigation against Public Paritipation) სარჩელებით სასამართლოსთვის მიმართვის ტენდენცია. SLAPP-ად განიხილება პოლიტიკური თუ ფინანსური თვალსაზრისით გავლენიანი პირების მიერ აღძრული აშკარად უსაფუძვლო სარჩელები (ცილისწამების შესახებ), რომელთა მიზანიც არის არა პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის დაცვა, არამედ აქტიური მოქალაქეების გაჩუმება და მათთვის ფინანსური ბარიერების შექმნა. თუმცა SLAPP-ებს ინდივიდუალური შემთხვევების მიღმა აქვთ „მსუსხავი ეფექტიც,“ რაც ძირს უთხრის ჯანსაღი და პლურალისტური გარემოს ჩამოყალიბებას, რომელშიც მოქალაქეებს შეეძლებათ სამოქალაქო ინიციატივების განხორციელება.
აღნიშნულის გათვალისწინებით, GDI-ს მიერ მომზადებული ანგარიში მიზნად ისახავს საქართველოში მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმართული კოორდინირებული, სტრატეგიული სამართალწარმოების პრაქტიკის შესწავლას, რომლის მიზანიც სამოქალაქო ჩართულობის ხელშეშლაა. ანგარიში მიმოიხილავს SLAPP-თან დაკავშირებულ სამართლებრივ თავისებურებებს, უფლებადამცველთა და ჟურნალისტთა უფლებრივ მდგომარეობას და საქართველოში SLAPP საქმეების სასამართლო პრაქტიკას. ამ მიზნით ანგარიში ეფუძნება GDI-ს მიერ საერთო სასამართლოებში წარმოებულ სტრატეგიული სამართალწარმოების შედეგების განხილვას, აღნიშნული სამართალწარმოების ფარგლებში დაგროვილ გამოცდილებას, ქართული და უცხოური კანონმდებლობებისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო პრაქტიკის ანალიზს. ანგარიში მეტწილად ეყრდნობა 2021 წლის იანვრიდან 2023 წლის აპრილამდე საერთო სასამართლოებში წარმოებულ საქმეებს. GDI-ს ინფორმაციით, ამ ეტაპზე საერთო სასამართლოებში სულ მცირე 38 ცილისწამების საქმე განიხილება, რომელთაგან 12 მიმდინარე საქმეზე GDI უკვე უწევს მედიებსა და ჟურნალისტებს სამართლებრივ დახმარებას. აღნიშნული საქმეების შესწავლის შედეგად იკვეთება, რომ დავების უმეტესობა გამოირჩევა მსგავსი მახასიათებლებით, რაც მათ კამპანიურობაზე მიუთითებს. მათ შორის ნიშანდობლივია, რომ:
დავების დაახლოებით 31,5% ინიცირებულია ქალაქის მერების მიერ; 13% - დეპუტატების მიერ; 13% - მინისტრების/სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელების მიერ; 8% - პოლიციელების მიერ; 26% - „ქართულ ოცნებასთან“ სავარაუდოდ დაახლოებული პირების/ინსტიტუტების მიერ.
დავების ინიციატორების 56% ითხოვს მოპასუხეებს დაეკისროთ მორალური ზიანის ანაზღაურება დიდი ოდენობით, რათა ფინანსური დაბრკოლებები შეუქმნან მათ;
სარჩელთა 92%-ის ადრესატები სამი კრიტიკული მედია (“მთავარი არხი”, “ტვ პირველი” , ”ფორმულა”) და მათი ჟურნალისტები არიან.
საყურადღებოა, რომ SLAPP დავების გაზრდილი რაოდენობის ტენდენცია კიდევ უფრო საგანგაშოა საერთო სასამართლოების მიდგომის გათვალისწინებით. მოსამართლეები ფაქტიურად არ მსჯელობენ და უგულებელყოფენ იმ საფრთხეებს, რომელიც თან ახლავს მსგავს დავებს სამოქალაქო ჩართულობისთვის. შედეგად, ისინი უგულებელყოფენ გამოხატვის თავისუფლების დაცვის შესახებ საქართველოში არსებულ სტანდარტებსაც, და აკმაყოფილებენ უსაფუძვლო სასარჩელო მოთხოვნებს.
ანგარიშში ვრცლად არის მიმოხილული სასამართლოს მიდგომასთან დაკავშირებით არსებული ძირითადი პრობლემები, რომელიც SLAPP დავების აქტიური დაკვირვების შემდეგ გამოიკვეთა:
საერთო სასამართლოების მოსამართლეები მომეტებულ ინტერესს იჩენენ ხელისუფლებასთან დაკავშირებული პირების მიერ შეტანილი სარჩელების მიმართ და არაორდინალურად სწრაფად, შემჭიდროებულ ვადებში იხილავენ მათ;
საერთო სასამართლოები უგულებელყოფენ საკანონმდებლო დანაწესს მტკიცების ტვირთის გადანაწილებასთან დაკავშირებით და მას მოპასუხეებს აკისრებენ;
სასამართლოები სარჩელის აშკარად უსაფუძვლობის შეფასებისას საკითხს ფორმალურად უდგებიან და არ იკვლევენ იმას თუ რეალურად რა მიზანი შეიძლება ჰქონოდა მოსარჩელეს ცილისწამების საფუძვლით დაწყებული სარჩელით;
სასამართლოები გადაწყვეტილების მიღებისას არ იცავენ ბალანსს პირადი ცხოვრების უფლებასა და გამოხატვის თავისუფლებას შორის;
სასამართლო დავის შეწყვეტის საფუძვლების არსებობაზე სათანადოდ არ მსჯელობს;
SLAPP დავების მიმდინარეობისას საერთო სასამართლოები ზოგიერთ შემთხვევაში არ აძლევენ მონაწილე მხარეებს თანაბარ შესაძლებლობებს მტკიცებულებების წარმოსადგენად, რაც შესაძლოა მხარეთაშეჯიბრებითობის პრინციპის დარღვევას წარმოადგენდეს;
სასამართლოები მხედველობაში არ იღებენ სადავო განცხადებების გამოქვეყნებამდე ჟურნალისტების მიერ მიღებულ ზომებს და, ხშირ შემთხვევაში, ირიბად ავალდებულებენ მათ გაამჟღავნონ კონფიდენციალური წყარო;
სასამართლოები არ ათავისუფლებენ მოპასუხეებს პასუხისმგებლობიდან კანონის მოთხოვნის მიუხედავად (კვალიფიციური პრივილეგია) და არ მსჯელობენ იმაზე, თუ რა წვლილი შეაქვს დემოკრატიული საზოგადოების განვითარებაში სადავო განცხადებებს;
მიუხედავად საკანონმდებლო ჩანაწერისა, რომლის თანახმადაც ცილისწამების დავებზე სათანადო მოპასუხედ ითვლება მედიის მესაკუთრე, მოსამართლეები ჟურნალისტებსაც აკისრებენ პასუხისმგებლობას და ამდენად არ მსჯელობენ არასათანადო მოპასუხის საკითხზე;
სასამართლოები მოპასუხეებს დიდი ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურებას აკისრებენ .
ანგარიში მომზადებულია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) მიერ, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ანგარიშის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია GDI და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებებს.
ანგარიშის სრულ ვერსიას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.