GDI-იმ ევროსაბჭოსთან ერთად საქართველოში პირველი ანტი-SLAPP კონფერენცია გამართა

2023 წლის 29 ივნისს GDI-იმ ევროპის საბჭოს ოფისის მხარდაჭერით პირველ ანტი-SLAPP კონფერენციას უმასპინძლა. 

ღონისძიება გახსნეს საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ სტეფან სირბუმ, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის ხელმძღვანელმა ედუარდ მარიკაშვილმა და საქართველოს სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ  თამარ გვარამაძემ. 

სტრატეგიული სამართალწარმოება სამოქალაქო ჩართულობის წინააღმდეგ (SLAPP) ფართოდ არის აღიარებული, როგორც  გამოხატვის თავისუფლებისა და საზოგადოებრივი მონაწილეობის შეზღუდვის ერთ-ერთი მექანიზმი და გულისხმობს პოლიტიკურად ან ეკონომიკურად გავლენიანი პირების მიერ დაუსაბუთებელი სარჩელების შეტანას საზოგადოების აქტიური წევრების (ჟურნალისტების, არასამთავრობო ორგანიზაციების, აქტივისტების) წინააღმდეგ. SLAPP-ით გამოწვეული საფრთხეებს „მსუსხავი ეფექტი“ აქვს ყველაზე, ვინც აქტიურად არის ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ცდილობს საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს საზოგადოებრივი მნიშვნელობის საკითხებზე. 2021-2023 წლებში, SLAPP-ის ტენდენცია შეიმჩნევა საქართველოშიც. ამ ეტაპზე, საქართველოს საერთო სასამართლოებში ცილისწამების არანაკლებ 38 საქმე განიხილება. აღნიშნულ სარჩელებს მსგავსი მახასიათებლები აქვთ და სისტემურ ხასიათს ატარებენ. 

პირველი ანტი-SLAPP კონფერენციის მიზანია SLAPP-ის სფეროში მთელ  მსოფლიოსა და საქართველოში არსებული ტენდენციების მიმოხილვა. ამასთანავე, ღონისძიება საქართველოში SLAPP-ის პრობლემების შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და გადაჭრის გზების მოძიების პირველი მცდელობაა. პანელურ დისკუსიებში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა დაინტერესებულმა მხარეებმა, მათ შორის, ექსპერტებმა აშშ-დან, ევროპიდან და საქართველოდან, ასევე მედიის, სამოქალაქო საზოგადოების, მართლმსაჯულების სისტემის, ადვოკატთა ასოციაციის და სხვა წარმომადგენლებმა. ღონისძიების ფარგლებში, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა ანტი-SLAPP პლატფორმის ჩამოყალიბების შესახებაც განაცხადეს.

 

კონფერენცია გაიმართა ევროპის საბჭოს პროექტის „მედიის თავისუფლების, ინტერნეტ მმართველობისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში, საქართველოს დემოკრატიულ ინიციატივასთან (GDI) თანამშრომლობით. კონფერენციის მხარდამჭერები იყვნენ: საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი, კოალიცია SLAPPs-ის წინააღმდეგ ევროპაში (CASE), ადამიანის უფლებათა სახლის ფონდი (HRHF)  და USAID-ის კანონის უზენაესობის პროგრამა, რომელსაც ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI).