ხელისუფლებამ პანდემიის მიზეზით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა კრიტიკული აზრის შესაზღუდად არ უნდა გამოიყენოს

GDI მიუღებლად მიიჩნევს, 2020 წლის 01 აპრილს,  ქუთაისში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ,  გოგი წულაიას მიმართ გამოხატვის თავისუფლების უკანონო შეზღუდვის ფაქტს.  მიგვაჩნია, რომ ამ შემთხვევაში პოლიციის თანამშრომლები საგანგებო მდგომარეობის ფარგლების დარღვევით მოქმედებდნენ.

 

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, გოგი წულაიას ადმინისტრაციული წესით დაკავების თაობაზე. თუმცა, განსაკუთრებულ ყურადღებას დაკავებამდე განვითარებული მოვლენები იმსახურებს. დაკავებამდე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები გოგი წულაიას საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევაში ადანაშაულებდნენ. გავრცელებულ ვიდო მასალაში ნათლად ჩანს, რომ სამართალდამცავი გ.წულაიას ინდივიდუალურად პროტესტის გამოხატვის გამო საგანგებო მდგომარეობის წესებისადმი დაუმორჩილებლობაზე მიუთითებს.

 

შეკრების თავისუფლება, როგორც აზრის გამოხატვის თავისუფლების სპეციალური ფორმა საქართველოს კონსტიტუციის ცალკე მუხლით არის დაცული. პროტესტი, თუ ის გამოხატულია ინდივიდუალურად, ერთი ადამიანის მიერ და  არ უკავშირდება ადამიანთა შეკრებას, დაცულია არა შეკრების, არამედ აზრის გამოხატვის თავისუფლებით. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ საგანგებო მდგომარეობით შეიზღუდა მხოლოდ შეკრების თავისუფლება და ის აზრის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას არ შეხებია. შესაბამისად, პოლიციელთა მითითება, თითქოს გ. წულაიას არ ჰქონდა საჯარო სივრცეში ინდივიდუალურად პროტესტის გამოხატვის უფლება, რადგან შეკრების თავისუფლება შეზღუდულია საგანგებო მდგომარეობით, არის უკანონო და შეიცავს ადამიანის უფლებების დარღვევის მნიშვნელოვან საფრთხეს.

 

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, განსაკუთრებული პასუხისმგებლობითა და სიფრთხილით მოეკიდოს საგანგებო მდგომარეობის პირობების დაცვასა და მის აღსრულებას, რათა მაქსიმალურად გამოირიცხოს ადამიანის უფლებების დარღვევის მომეტებული რისკი.