ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ საკონსულტაციო კომიტეტმა დასკვნაში სამოქალაქო პლატფორმის “არა-ფობიას!” რეკომენდაციები გაითვალისწინა

2024 წლის ივნისში ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ საკონსულტაციო კომიტეტმა გამოაქვეყნა დასკვნა, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სიტუაციის შესაბამისობას ჩარჩო კონვენციასთან. საგულისხმოა, რომ 2023 წლის მაისში, სამოქალაქო პლატფორმის „არა ფობიას!“ წევრმა ორგანიზაციებმა საქართველოს გაეროს ასოციაციასთან (UNA Georgia) თანამშრომლობით კომიტეტს საქართველოს მიერ ჩარჩო კონვენციის იმპლემენტაციის შესახებ ალტერნატიული ანგარიში წარუდგინეს, რომელიც კომიტეტის მიერ კონვენციის აღსრულების მონიტორინგის მე-4 ციკლის ფარგლებში მომზადდა. ამავე ციკლის განმავლობაში საქართველოს მონიტორინგისთვის ეწვია კომიტეტის დელეგაციაც. მონიტორინგის ფაზის შემდეგ კი გამოქვეყნდა კომიტეტის დასკვნა.

„არა ფობიას!“ მიერ წარგდენილ ალტერნატიულ ანგარიშში შეფასებულია საქართველოს ხელისუფლების მიერ კონვენციის იმპლემენტაცია, კერძოდ, დოკუმენტში სხვა საკითებთან ერთად საუბარი იყო ანტი-დისკრიმინაციული კანონმდებლობისა და უფლებათა აღდგენის/დაცვის სამართლებრივი მექანიზმების შესახებ საზოგადოების ცნობიერებაზე, სამოქალაქო სექტორის ჩართულობა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2021-2023 წლების სახელმწიფო სტრატეგიის იმპლემენტაციაში, კერძოდ 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავებაში, ღვთისმსახურებისთვის შენობების/ადგილების გადაცემის/გამოყოფის საკითხებზე, რელიგიური ორგანიზაციებისთვის საკუთრების რესტიტუციის პროცესზე, მართლმსაჯულების/გამოძიების არასათანადოდ განხორციელება სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების საქმეებზე, მათ შორის ვიტალი საფაროვის მკვლელობასა და სამირა ბაირამოვას მიმართ მუქარის შემთხვევაზე, კოვიდ პანდემიის მართვისას გამოვლენილ დისკრიმინაციასა და არასათანადო პოლიტიკაზე მიგრანტების, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების მიმართ და ანტისემიტიზმის გამოვლინებებზე.

საგულისხმოა, რომ „არა ფობიას!“ ალტერნატიულმა ანგარიშმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა კომიტეტის დასკვნის მომზადების პროცესში. კერძოდ, დასკვნაში განხილულია ყველა საკითხი, რაზეც სამოქალაქო პლატფორმა ალტერნატიულ ანგარიშში საუბრობდა. 

ალტერნატიულ ანგარიშში მიმოხილული იყო საზოგადოებაში ცნობიერების ზრდა ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობასთან დაკავშირებით. პლატფორმის წევრები შესაბამის წყაროებზე მითითებით აცხადებდნენ რომ საზოგადოებაში არ არსებობდა საკმარისი ცოდნა ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობასთან მიმართებით. ამავდროულად, ალტერნატიული ანგარიშის თანახმად, ადამიანებს არ აქვთ ხელმისაწვდომობა შესაბამის ტრენინგებთან ან შეხვედრებთან, საიდანაც ისინი შესაბამისი ინფორმაციის მიღებას შეძლებდნენ. პლატფორმის წევრების მსგავსი დასკვნა წარმოადგინა კომიტეტმაც, რომელმაც ზუსტად იმავე წყაროებზე მითითებით, მოუწოდა სახელმწიფო ინსტიტუტებს მეტი ყურადღება გაამახვილონ საზოგადოების ცნობიერების ზრდაზე ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობისა და თანასწორობის უფლების კუთხით.

გარდა ზემოაღნიშნულისა, ალტერნატიულ ანგარიშში ყურადღება გამახვილებული იყო სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე. პლატფორმის წევრები აცხადებდნენ, რომ სახელმწიფომ სტრატეგია და გეგმა სამოქალაქო საზოგადოების აზრის გაუთვალისწინებლად მიიღო. კერძოდ, სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული 8 დღიანი ვადა, მოსაზრებების წარსადგენად არაგონივრულად დაბალი იყო, რაც მოსაზრებების წარდგენას შეუძლებელს ხდიდა. კომიტეტმა სტრატეგიაზე მსჯელობისას, „არა ფობიას!“ ალტერნატიული ანგარიში დააციტირა და სახელმწიფოს მოუწოდა მიიღოს კონკრეტული ზომები უმცირესობების უფლებების უზრუნველსაყოფად.

„არა ფობიას!“ წარდგენილ დოკუმენტში ყურადღება გამახვილებული იყო კოვიდ-19-თან დაკავშირებულ საკითხებზეც. კერძოდ, პლატფორმის წევრები ხაზს უსვამდნენ, რომ კოვიდ-19-ის პერიოდში უმცირესობები არ იყვნენ საკმარისად ინფორმირებული რეგულაციების შესახებ. ამასთან, ხდებოდა მათი რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია გამონაკლისების დაშვებისას. აღნიშნულ საკითხზე ხაზი გაუსვა კომიტეტმაც და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული კამპანიები რეგულაციებთან დაკავშირებით ცნობიერების ზრდასთან დაკავშირებით, არ იყო საკმარისად ფართო და ვერ ახერხებდა უმცირესობებისთვის ინფორმაციის მიწოდებას.

„არა ფობიას!“ მსგავსად, კომიტეტის ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზეც. ორივე დოკუმენტში განხილულია რელიგიური და ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის საფუძველზე ჩადენილი დანაშაულები, ამასთან, ხაზია გასმული მსგავსი დანაშაულების არასათანადო გამოძიებაზე. სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე მსჯელობის ნაწილში, კომიტეტის დოკუმენტში დაციტირებულია „არა ფობიას!“ ანგარიშიდან ამონარიდიც, რომელიც ვიტალი საფაროვის მკვლელობას შეეხება.

გარდა ზემოაღნიშნულისა, „არა ფობიას!“ წარდგენილ დოკუმენტში განხილული იყო რელიგიური უმცირესობების საკუთრების საკითხიც. ალტერნატიული ანგარიში ყურადღებას ამახვილებდა სახელმწიფოს მხრიდან საკუთრებასთან დაკავშირებით რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის საკითხზე. აღნიშნული ყველაზე კარგად ვლინდება რელიგიური შენობების მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის მაგალითში. კომიტეტმა თავის ანგარიშში აღნიშნულ საკითხზე იმსჯელა და სახელმწიფოს მოუწოდა ნებართვების გაცემის საკითხი განიხილოს დროულად, გამჭვირვალედ და თანასწორობის უფლების დაცვით.

კომიტეტი ყურადღებას ამახვილებს რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების განათლებაზე ხელმისაწვდომობის საკითხზეც, რაც ასევე ერთ-ერთი წამყვანი საკითხი იყო ალტერნატიულ ანგარიშშიც. კერძოდ, ალტერნატიული ანგარიშში მიმოხილული იყო ეთნიკური უმცირესობებისთვის განათლებაზე ხელმისაწვდომობის პრობლემა, რაც დასტურდებოდა შესაბამისი სტატისტიკური მონაცემებით. კომიტეტის ანგარიშში განვითარებულია იდენტური მსჯელობა და მოხმობილია იდენტური მაგალითები, შედეგად, კომიტეტმა სახელმწიფოს მოუწოდა ეთნიკური უმცირესობებისთვის თანაბრად უზრუნველყოს ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა. და ბოლოს, ორივე ანგარიში მიმოიხილავს ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების ჩართულობას პოლიტიკურ პროცესებსა და გადაწყვეტილებების მიღების საკითხში. 

ვიმედოვნებთ, რომ ალტერნატიულ ანგარშსა და კომიტეტის დასკვნაში მითითებული რეკომენდაციები არ დარჩება უყურადღებოდ და სახელმწიფო ინსტიტუტები დაიწყებენ მათ შესრულებას, ხოლო კომიტეტი გააგრძელებს პლატფორმასთან თანამშრომლობას.