ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული ხელისუფლების მხრიდან მედია საშუალებების სარედაქციო პოლიტიკაზე ზეგავლენის მცდელობების შესახებ. ამ მხრივ გამორჩეულია აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი დირექტორისა და შემდგომში სხვა თანამშრომლების გათავისუფლების, აგრეთვე მათი შევიწროების ფაქტები. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მნიშვნელოვან ადგილს უთმობს მედია კომპანიების მენეჯერების/მფლობელების მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლებრივ დევნას და განსაკუთრებით გამოჰყოფს გიორგი რურუასა და ნიკა გვარამიას წინააღმდეგ მიმდინარე საქმეებს. ანგარიშში ასევე საუბარია კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და თბილისის მერის მცდელობებზე, დაუპირისპირდნენ კრიტიკულ მედიას. ანგარიშში ასევე ხაზგასმულია ჟურნალისტებზე თავდასხმის შემთხვევები და ამ მხრივ გამოუძიებელი საქმეები.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ყოველწლიურად აქვეყნებს ანგარიშს ადამიანის უფლებათა შესახებ სხვადასხვა ქვეყანაში, რომლის მომზადების დროსაც ეყრდნობა იმ წყაროებს, რომელსაც მიიჩნევს სანდოდ.