არასამთავრობო ორგანიზაციათა ერთობლივი განცხადება

ხელმომწერი არასამთავორობო ორგანიზაციები შეშფოთებას გამოვთქვამთ ივანე მერაბიშვილის მიერ 16 დეკემბერს გახმაურებულ ბრალდებებზე ხელისუფლების მხრიდან  არასათანადო რეაგირების გამო.

 

არასამთავრობო ორგანიზაციებმა არაერთხელ მოვითხოვეთ ამ ინფორმაციაზე გამოძიების დაწყება. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობა ცალსახად ავალდებულებს პროკურატურას და სასჯელაღსრულების სამინისტროს შესაბამის საგამოძიებო დანაყოფს მსგავს შემთხვევებში დაიწყოს გამოძიება, ფაქტია, რომ აღნიშნულ  ინფორმაციასთან დაკავშირებით დღემდე არ ჩატარებულა სრულფასოვანი გამოძიება.  სამწუხაროდ, ხელისუფლება მხოლოდ სასჯელაღსრულების სამინისტროს მიერ ჩატარებული ეგრეთწოდებული სამსახურეობრივი მოკვლევით შემოიფარგლა.

 

სასჯელაღსრულების სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგებმა საზოგადოებაში დამატებითი შეკითხვები გააჩინა და კიდევ ერთხელ დაადასტურა სრულფასოვანი და დროული გამოძიების ჩატარების აუცილებლობა. არსებული ეჭვები კიდევ უფრო გააღრმავა სასჯელაღსრულების მინისტრის ურთიერთგამომრიცხავმა განცხადებებმა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და უშუალოდ მერაბიშვილის საკანში დამონტაჟებული სათვალთვალო კამერის ჩანაწერების შენახვის განსხვავებულ ვადებთან დაკავშირებით.

 

ხელმომწერი ორგანიზაციები კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, კანონის მოთხოვნათა დაცვით დაიწყონ გამოძიება აღნიშნულ ფაქტზე,  რათა უზრუნველყოფილი იყოს ივანე მერაბიშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაციის სრულყოფილი შესწავლა და ამომწურავი პასუხი გაეცეს ამ ფაქტის გამო საზოგადოებაში გაჩენილ არაერთ ლეგიტიმურ შეკითხვას.

 

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

 

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

 

საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო (TI-GEORGIA)

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)

 

მედიის განვითარების ფონდი (MDF)

 

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)