ანგარიშის „სამართალწარმოება თანასწორობისთვის “პრეზენტაცია

“საქართველოს დემოკრატიული ინიციატივამ“ GDI  -  ანგარიშის  „სამართალწარმოება თანასწორობისთვის“ პრეზენტაცია გამართა. ანგარიში მომზადდა  აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის  ,,კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) მიერ დაფინანსებული პროექტის  „სამართალწარმოება თანასწორობისათვის“ ფარგლებში, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) ჩართულობის და განვითარების ცენტრთან (CPD) პარტნიორობით ახორციელებს.

ანგარიშში მიმოხილულია პროექტის „სამართალწარმოება თანასწორობისთვის“ ფარგლებში განხორციელებული აქტივობები. გაანალიზებულია საქართველოს ექვს მუნიციპალიტეტში (ნინოწმინდა, ახალციხე, ახალქალაქი, ხულო, შუახევი და ადიგენი)  მცხოვრები ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელ ქალთა უფლებრივი და სამართლებრივი მდგომარეობა. წარმოდგენილია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შესახებ GDI-ს მიერ წარმოებული სტრატეგიული საქმეები ასევე, ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებში ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები.

პროექტის ფარგლებში საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის იურისტებმა გასცეს 2104  უფასო იურიდიული კონსულტაცია და 29 ქალს გაუწიეს სრულყოფილი სამართლებრივი დახმარება. პროექტის მიმდინარეობისას GDI-მ  აწარმოა რამდენიმე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საქმე, მათ შორის, მოამზადა კონსტიტუციური სარჩელი ტრანსგენდერი ქალების მიმართ დისკრიმინაციულად, გენდერული ნიშნით ძალადობისგან დაცვის სამართლებრივი მექანიზმებიდან გამორიცხვის თაობაზე და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მოქალაქე თ.ტ.-ს მიმართ სახელმწიფოს მხრიდან ევროპული კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა) და მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლების დარღვევის თაობაზე მიმართა.

პროექტის განხორციელებისას გამოიკვეთა არაერთი მნიშვნელოვანი პრობლემა მაგალითად, ნაადრევი ქორწინება, უფლებებისა და თავისუფლებების თაობაზე ცოდნის სიმწირე, ენობრივი ბარიერის არსებობა ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობისას და სხვა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მიუხედავად სახელმწიფოს პოზიტიური და ქმედითი ნაბიჯებისა, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემა დღემდე განსაკუთრებით მწვავედ დგას უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, სადაც ზოგადი ფონი ისევ დისკრიმინაციულია.

 

ანგარიშის სრული ვერსია