GDI-ის განცხადება მიქაუტაძის საქმის საგამოძიებო ქვემდებარეობასთან დაკავშირებით

„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ საქართველოს მთავარ პროკურორს მოუწოდებს, მამუკა მიქაუტაძის უკანონო დაკავებასთან, მის მიმართ არაადამინური და დამამცირებელი მოპყრობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე გამოძიება პროკურატურამ აწარმოოს.

 

გავრცელებული ინფორმაციით მამუკა მიქაუტაძის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია აწარმოებს. ამავდროულად საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 7 ივლისის #34-ე ბრძანების (სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და ტერიტორიული საგამოძიებო ქვემდებარეობის განსაზღვრის თაობაზე) მე-2 პუნქტის თანახმად, პროკურატურის გამომძიებლის ქვემდებარეა საქმე, თუ დანაშაული სავარაუდოდ ჩადენილია პოლიციელის მიერ.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში “ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ“ აღნიშნა: “იმისათვის, რომ გამოძიება ეფექტიანი იყოს, გამოძიებაზე პასუხისმგებელი და მისი წარმმართველი პირები დამოუკიდებელნი და მიუკერძოებელნი უნდა იყვნენ, როგორც სამართლის, ისე პრაქტიკის თვალსაზრისით. ეს ნიშნავს, რომ არა მხოლოდ არ უნდა არსებობდეს იერარქიული ან ინსტიტუციური კავშირი მოვლენების მონაწილე პირებთან, არამედ ისინი პრაქტიკულადაც დამოუკიდებელნი უნდა იყვნენ. ეფექტიანი გამოძიება, რომელსაც მოითხოვს მე-2 მუხლი, განამტკიცებს საზოგადოების რწმენას, რომ ხელისუფლებას ძალუძს უზრუნველყოს სამართლის უზენაესობა, რათა აღკვეთოს უკანონო ფარული გარიგებების ნებისმიერი გამოვლინება ან მართლსაწინააღმდეგო ქმედებების მიმართ შემწყნარებლური დამოკიდებულება და როდესაც საქმეში სახელმწიფოს წარმომადგენლების ან სახელმწიფო ორგანოების ხელი ურევია, უზრუნველყოს, რომ მათ პასუხი აგონ თავიანთი ქმედებებისათვის, რომლებსაც შედეგად ადამიანის სიკვდილი მოჰყვა.“[1]

 

გამომდინარე ზემოთქმულიდან მიგვაჩნია, რომ ხსენებულ საქმეზე გამოძიებას უნდა აწარმოებდეს არა შინაგან საქმეთა სამინისტრო,  რომლის სისტემაშიც სავარაუდოდ მოხდა აღნიშნული დანაშაული, არამედ საქართველოს პროკურატურა. გამოძიების პროკურატურის მიერ წარმოება გაზრდის გამოძიების პროცესის მიუკერძოებლად წარმართვის შესაძლებლობას და აამაღლებს მისადმი საზოგადოებრივ ნდობას.

 

როგორც გავრცელებული ინფორმაცია ცხადყოფს, გამოძიება ამჟამად მუშაობს მხოლოდ თვითმკვლელობამდე მიყვანის კუთხით, რაც უკვე აჩენს გარკვეულ ეჭვებს მისი ადეკვატურობის შესახებ. აუცილებლად ვთვლით, რომ გამოძიება ასევე უნდა დაიწყოს მიქაუტაძის უკანონო დაკავებისა და მის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებითაც, რადგან ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის შესაბამისად, სავარაუდოდ სწორედ ასეთი მოპყრობა გახდა მის მიერ ჩვენების მიცემის საფუძველი, ხოლო ჩვენების მიცემის შემდეგ, მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

 

 

 

[1] http://www.justice.gov.ge/files/Documents/adam/gadackvetilebebi-new/ekukidze_da_girgvliani.pdf პ.243.