არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება შალვა თათუხაშივილის საქმესთან დაკავშირებით

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო და მედიის განვითარების ფონდი გამოვთქვამთ შეშფოთებას იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც შალვა თათუხაშვილის ოჯახისა და ადვოკატის მიერ გავრცელდა მის მიმართ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან სავარაუდოდ განხორციელებულ არასათანადო მოპყრობისა და გარდაცვალების გარემოებების შესახებ. აუცილებლად მიგვაჩნია, რომ ამ საქმეზე გაჩენილი სერიოზული ეჭვებისა და საზოგადოების დიდი ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტმა დააკმაყოფილოს გარდაცვლილის ოჯახის თხოვნა საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, რათა მაქსიმალურად უზრუნველყოს გამოძიების მიუკერძოებლობა და ობიექტურობა.

 


რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია შალვა თათუხაშვილის გარდაცვალების თაობაზე. გარდაცვლილის ოჯახის განცხადებით (1), რომელიც ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა გაახმოვანა, შ. თათუხაშვილი სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებმა ორჯერ გაიტაცეს და მასზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა მოახდინეს იმ მიზნით, რომ მას გამოძიებისთვის ჩვენება მიეცა კონსტიტუციური დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, დათა ახალაიას წინააღმდეგ. ოჯახის განცხადების პარალელურად, შ. თათუხაშვილის ადვოკატმა გამოაქვეყნა ფოტოსურათები, რომლებზეც აღბეჭდილია შ. თათუხაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებები (2), მათ შორის, სავარაუდო დამწვრობის კვალი, რომლებიც აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ სიცოცხლეში შ. თათუხაშვილი გახდა არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი. ფოტოების ავთენტურობას ადასტურებს გვამის დათვალიერების ოქმი (3), რომელშიც იგივე დაზიანებებია აღწერილი და რომელსაც ხელს აწერენ პოლიციის ინსპექტორ-გამომძიებელი, სასამართლო სამედიცინო ექსპერტი, გარდაცვლილის ადვოკატი და ოჯახის წევრი.

 

 

 

შ. თათუხაშვილის ოჯახისა და ადვოკატის მიერ გაკეთებული განცხადების საპასუხოდ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გამოაქვეყნა განცხადება (4), რომელშიც შ.თათუხაშვილის ოჯახის და მისი ადვოკატის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ტყუილად და პროკურატურის დისკრედიტაციის მცდელობად არის შეფასებული. აღნიშნული განცხადებიდან აშკარად იკვეთება მთავარი პროკურატურის მიკერძოებული დამოკიდებულება მოცემული საქმის მიმართ. კერძოდ, გაუგებარია, რა აძლევს საფუძველს მთავარ პროკურატურას სრულიად გამორიცხოს და სრული აბსურდი უწოდეს შ.თათუხაშვილის ადვოკატის და მისი ოჯახის წევრების განცხადებებს გვამზე არსებული დაზიანებების და მათი წარმომავლობის თაობაზე მაშინ როდესაც, როგორც განცხადებაშივეა აღნიშნული, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა ჯერ კიდევ მიმდინარეობს და შესაბამისი დასკვნების გაკეთება დაზიანებების მიყენების ხერხის, ხანდაზმულობისა და სიკვდილის მიზეზების შესახებ შეუძლებელია ექსპერტიზის დასრულებამდე. ძნელია, ობიექტურ გამოძიებას ველოდოთ ორგანოსგან, რომელიც ავრცელებს ამგვარ განცხადებას, სადაც ადვოკატის დისკრედიტაციაზე უფრო მეტი ხაზგასმა კეთდება, ვიდრე გამოძიების მიმდინარეობის შესახებ საზოგადოებისათვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდებაზე. აღსანიშნავია, რომ პროკურატურის ზემოაღნიშნული განცხადება პრობლემატურია შალვა თათუხაშვილის უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვის კუთხითაც. გარდა ამისა, არსებობს კითხვები მოცემული საქმის სხვა გარემოებებთან დაკავშირებით, მათ შორის შ.თათუხაშვილის სავარაუდო გატაცების თაობაზე ჩატარებული მოკვლევის შესახებაც, რომელიც მთავარი პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ (5) განახორციელა და რომელმაც, სავარაუდოდ, მხოლოდ შ.თათუხაშვილის გამოკითხვით დაადგინა გატაცების ფაქტის არარსებობა.

 


2014 წლის 2 აპრილის განცხადებით მთავარმა პროკურატურამ, საქმის ვითარების გარკვევის ნაცვლად,დამატებითი კითხვის ნიშნები გააჩინა შ.თათუხაშვილის საქმესთან მიმართებაში. ამგვარად, გაურკვეველია,რა სამართლებრივი საფუძველი გახდა 17-დან 18 მარტის ღამეს შ.თათუხაშვილის ლილოში მდებარე ღამისბარში დაკავების და შემდგომ, მისი მთავარ პროკურატურაში გადაყვანის მიზეზი. მთავარი პროკურატურა,ასევე, ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას ავრცელებს იმის თაობაზე, იყო თუ არა 18 მარტს შ.თათუხაშვილიჯერ კიდევ ჩართული მომწმის დაცვის სპეციალურ პროგრამაში, მაშინ, როცა მისი პროკურატურაში წარდგენისმიზეზად სწორედ აღნიშნულ პროგრამაში ჩართვა სახელდება. ასევე, საეჭვოა და ზეწოლაზე მიუთითებს ისგარემოებაც, რომ ღამენათევი, ნასვამი შ.თათუხაშვილი 18 მარტს ჯერ გამომძიებელმა დაკითხა საათნახევრისგანმავლობაში – 14:30 სთ-დან 15:50 სთ-მდე, როგორც ეს დაკითხვის ოქმზეა მითითებული, ხოლო შემდგომ –პროკურატურის გენინსპექციამ.

 


აღსანიშნავია, რომ შალვა თათუხაშვილის საქმე არ არის პირველი, სადაც გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვები პროკურატურაში მიმდინარე თუ ჩატარებული გამოძიების ეფექტიანობისა და მიუკერძოებლობის კუთხით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას ჯეროვნად დაიცვას მასზე დაკისრებული ვალდებულებები და უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა სერიოზულ დარღვევებთან დაკავშირებული საქმეების ეფექტიანი და მიუკერძოებელი გამოძიება, რაც, სხვა ასპექტებთან ერთად, გულისხმობს გამოძიების მწარმოებელი ორგანოს რეალურ დამოუკიდებელობას და გამოძიებისა და მისი დასკვნების მიმართ საზოგადოებრივი კონტროლის სათანადო ხარისხის უზრუნველყოფას.

 

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI)
მედიის განვითარების ფონდი (MDF)
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)