2014 წლის მეორე ნახევრის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა შესახებ ანგარიში

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა წარმოადგენს 2014 წლის მეორე ნახევრის ანგარიშს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომელიც მოიცავს საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს და გამოვლენილ პრობლემებს ადამიანის უფლებათა დაცვისა და კანონის უზენაესობის უზრუნველყოფის კუთხით.  

 

დოკუმენტში მიმოხილულია საანგარიშო პერიოდში დაფიქსირებული რელიგიური თავისუფლების შეზღუდვის და ამ ნიშნით დისკრიმინაციის შემთხვევები, საჯარო მოხელეების დისკრიმინაციული განცხადებები, მედიის როლი უმცირესობების თემატიკის გაშუქების კუთხით, რელიგიური გაერთიანებებისათვის ზიანის ანაზრაურების წესთან დაკავშირებული პრობლემები და ანტიდისკრიმინაციული კანონის იმპლემენტაციის შედეგები. ანგარიშში მნიშნელოვანი ადგილი აქვს დათმობილი სასჯელაღსრულების სისტემაში არსებულ მდგომარეობას, პატიმართა სუიციდისა და არაადამიანური მოპყრობის შემთხვევებს, აგრეთვე სასჯელაღსრულების სისტემაში განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებს. ანგარიშში მიმოხილულია ასევე პოლიციის მიერ ძალის გადამეტების და ოჯახური ძალადობის ფაქტები, ოჯახურის ძალადობის აღმოსაფხვრელად,  პერსონალურ მონაცემთა დაცვის კუთხით და ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით მიღებული ახალი საკანონმდებლო ცვლილებები.

 

საანგარიშო პერიოდში გამოიკვეთა გარკვეული პოზიტიური ძვრები კანონმდებლობაში ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ და პერსონალურ მონაცემთა დაცვის კუთხით, თუმცა მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ არსებული პრობლემები უკავშირდება არა იმდენად საკანონმდებლო ხარვეზებს, არამედ კანონების ეფექტურ იმპლემენტაციასთან დაკავშირებულ დაბრკოლებებს.

 

კვლავაც მნიშვნელოვან პრობლემად რჩება სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა და გახშირებული სუიციდის შემთხვევები, რაც მსჯავრდებულთა ფუნდამენტური უფლებების არასათანადო დაცვაზე მიუთითებს.

 

საშიშ ტენდეციას წარმოადგენს ასევე ბოლო ორი წლის განმავლობაში გახშირებული რელიგიურ უმცირესობათა შევიწროვების და რელიგიური კონფლიქტების შემთხვევები, რაც ამ კუთხით სახელმწიფოს მხრიდან პოლიტიკის არასწორი მიმართულებით განხორციელებას და ზოგიერთ შემთხვევაში ხელისუფლების უმოქმედობას უკავშირდება. უკანასკნელ ხანებში განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ რელიგიის საკითხთა რეგულირების სახელმწიფო სააგენტო ამ კონფლიქტების მოგვარების არაეფექტური აქტორია.

 

პოზიტიურად უნდა შეფასდეს ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება, თუმცა მასში არსებული ხარვეზების და შესაბამისი მექანიზმების არაეფექტურობის გათვალისწინებით, იგი უფლებების დაცვის ეფექტურ მექანიზმს ნაკლებად წარმოადგენს.

 

საანგარიშო პერიოდში გამოვლენილი უფლებათა დარღვევის ფაქტები და არსებული ტენდეციები მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლების მხრიდან საჭიროა თითოეული პრობლემის სისტემური გააზრება და მეტი ძალისხმევის გამოჩენა მათ აღმოსაფხვრელად, რათა უზრუნველყოფილ იქნეს კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა სათანადო დაცვა.

 

ანგარიშის სრული ვერსია