საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა სარჩელი საქმეზე - „შპს მთავარი არხი“, „შპს ტელეკომპანია პირველი“, „შპს ტელეკომპანია კავკასია“, „შპს ფორმულა“, ირაკლი საღინაძე, გიორგი ლიფონავა და ქეთევან დევდარიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”. საქმეში მოსარჩელეთა ინტერესებს GDI იცავდა.
დავის საგანი
კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გამხდარი ნორმები ადგენდა მაუწყებლის მიერ ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის გავლენისაგან ბავშვის დაცვის, სამაუწყებლო პროგრამათა კლასიფიკაციის კრიტერიუმების გამოყენებისა და პროგრამების სამაუწყებლო ბადეში, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, განთავსების ვალდებულებებს. სადავო ნორმები ასევე უკრძალავდა მაუწყებელს ბავშვისათვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის/პროგრამის გადაცემას. გასაჩივრებული ნორმების მიხედვით, მაუწყებელს უნდა განესაზღვრა პროგრამათა კატეგორიები და სამაუწყებლო ბადეში პროგრამათა განთავსებისას ეხელმძღვანელა კანონით დადგენილი დროითი შეზღუდვებით. გასაჩივრებული ნორმები ასევე ითვალისწინებდა მაუწყებლის მიერ კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების დარღვევის გამო, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მაუწყებლისთვის შესაბამისი სანქციის დაკისრების შემთხვევებს.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 18 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებლად მიიჩნეოდა შემდეგი პროგრამები, რომელიც შეიცავდა ა) სქესობრივი აქტის, სექსუალური სცენის ან სექსუალური ძალადობის სცენის გრაფიკულ გამოსახულებას; ბ) ისეთი სექსუალური ურთიერთობის ამსახველ სცენას, რომელშიც არასრულწლოვანი მონაწილეობს ან რომელიც გაუკუღმართებული ფორმით ხორციელდება; გ) უხამს ქმედებას ან/და ისეთ ძალადობრივ ან სახიფათო ქმედებას, რომლის იმიტირება არასრულწლოვნისთვის იოლია და სხვა. მაგალითისთვის, მოცემული ნორმების დარღვევის საფუძველზე კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ტელეკომპანია ფორმულა დააჯარიმა სერიალი “ჩემი ცოლის დაქალების” ეთერში გაშვება, რადგან ის მოიცავდა ბილწსიტყვაობის შემცველ სცენებს. ამავე ნორმების საფუძველზე დაჯარიმდა ტელეკომპანია ჯი-დი-ეს-თივი ეთერში მხატვრული ფილმის “მამაცი გულის” განთავსებისთვის.
რა გადაწყვიტა საკონსტიტუციო სასამართლომ
მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელეები ითხოვნენ ზოგადად მაუწყებლისთვის არარსულწლოვნისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის გავრცელებისთვის სანქციის დაკისრების შესაძლებლობას, საკონსტიტუციო სასამართლომ გასაჩივრებული ნორმებიდან მხოლოდ ის ნორმატიული შინაარსი სცნო არაკონსტიტუციურად, რომელიც ითვალისწინებდა მაუწყებლისთვის სანქციის დაკისრების შესაძლებლობას არასრულწლოვანისათვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის/მასალის პირდაპირი ეთერის მიმდინარეობისას გადაცემისათვის ისეთ პირობებში, როდესაც მაუწყებელმა, შესაბამის გარემოებებში სიფრთხილის ყველა შესაძლებელი ღონისძიების მიმართვის მიუხედავად, ვერ განჭვრიტა და არ შეეძლო წინასწარ განეჭვრიტა ამგვარი მასალის ეთერში მოხვედრის შესაძლებლობა.
საკონსტიტუციო სასამართლომ მართალია არ გაიზიარა მოსარჩელეთა არგუმენტი, რომ სადავო ნორმებით გათვალისწინებული სანქცია მისი სიმძიმიდან გამომდინარე „მსუსხავ ეფექტს“ ქმინდა მოსარჩელეთა სარედაქციო პოლიტიკაზე, თუმცა განმარტა, რომ გასაჩივრებული ნორმებით მოსარჩელეებზე დაკისრებული ვალდებულების დაცვა პირდაპირი ეთერის მიმდინარეობისას მაუწყებლებისთვის დაკისრებულ გონივრულ ტვირთს არ წარმოადგენდა.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა პირდაპირ ეთერში მაუწყებლების წარმომადგენლების მიმართ ყველაფრის წინასწარ განჭვრეტის შეუძლებლობაზე და განმარტა, რომ „დაბალია იმის რეალური საშუალება, მაუწყებლის წარმომადგენელმა ყოველთვის წინასწარ განჭვრიტოს მოსალოდნელი მოვლენები პროგრამის გადაცემის დროისა და ადგილის გათვალისწინებით, რის გამოც არსებობს იმის რეალური მოლოდინი, რომ მაუწყებლისგან დამოუკიდებლად, პირდაპირი ეთერის მიმდინარეობისას გადაცემაში მოხვდეს ისეთი განცხადებები, სიუჟეტები თუ მოვლენები, რომლებიც ნამდვილად უქმნის საფრთხეს არასრულწლოვანთა ინტერესებს, რომელმაც შესაძლოა ზიანი მიაყენოს მათ ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, ინტელექტუალურ და სულიერ განვითარებას, ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობასა და სოციალიზაციას“. საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე მივიდა დასკვნამდე, რომ სადავო ნორმებით გათვალისწინებული სანქციის მაუწყებლებისთვის პირდაპირ ეთერში გადაცემული ინფორმაციის საფუძველზე დაკისრებით, მაუწყებლებზე შექმინდა ისეთ გავლენას, რომლის გათვალისიწნებითაც პირდაპირი ეთერის მიმდინარეობისას გავრცელებული ინფორმაციის გამო მოსალოდნელი სანქციის შიშით, მაუწყებლები ვერ განახორციელებდნენ თავიანთ სარედაქციო პოლიტიკას კონსტიტუციით განსაზღვრულ ფარგლებში.
აღნიშნულ არგუმენტაციაზე დაყრდნობით საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნორმები ნაწილობრივ ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციით დაცულ გამოხატვის თავისუფლებას.