სისხლის სამართლის პროცესში მხარეთა შეჯიბრობითობისა და თანასწორობის პრინციპის დარღვევა
2016 წლის 21 ივლისს GDI-მ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 120-ე მუხლის მე-10 და 136-ე მუხლის პირველი ნაწილების კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მე-8 პუნქტებთან შესაბამისობის თაობაზე სარჩელით მიმართა.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 120-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე ამოღებული საგნის, ნივთის, ნივთიერების, აგრეთვე ინფორმაციის შემცველი დოკუმენტის პირველად გამოკვლევის უფლება აქვს ბრალდების მხარეს. საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, მხოლოდ ბრალდების მხარე სარგებლობს ამ პრივილეგიით. აღსანიშნავია, რომ სადავო ნორმის მიხედვით, დაცვის მხარეს შესაძლოა დაევალოს ბრალდების მხარეს გამოსაკვლევად გადასცეს შუამდგომლობით ამოღებული ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებებიც, რაც ეწინააღმდეგება თვითინკრიმინაციისგან დაცვის პრინციპს.
მეორე სადავო ნორმის, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი ნაწილის, თანახმად მხოლოდ პროკურორს შეუძლია დასაბუთებული ვარაუდის არსებობის შემთხვევაში განჩინების გაცემის შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს კომპიუტერულ სისტემაში ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახ საშუალებაში სისხლის სამართლის საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის ან დოკუმენტის გამოთხოვა.
GDI-ის მიერ წარდგენილი კონსტიტუციური სარჩელით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით მიგვაჩნია, რომ სადავო ნორმები არღვევს სისხლის სამართლის პროცესში მოქმედ შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპებს, რაც კონსტიტუციის 42-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნული კონსტიტუციური სარჩელი 2016 წლის 25 ნოემბერს არსებითად განსახილველად მიიღო.
2018 წლის 14 დეკემბერს, საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 120-ე მუხლის მე-10 ნაწილი, რომელიც დაცვის მხარის შუამდგომლობით ამოღებული საგნის, ნივთის, ნივთიერების, აგრეთვე ინფორმაციის შემცველი დოკუმენტის პირველადი გამოკვლევის უფლებას ბრალდების მხარეს ანიჭებდა.