"აიისას" საქმე
საქმე №4/3070-18 და საქმე №4ა/291-18
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 4 მაისის და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 15 ივნისის დადგენილებები
მხარეები
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური
და
ი/მ „ანი გაჩეჩილაძე“
ფაქტობრივი გარემოებები
2018 წლის 18 აპრილს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა შეადგინა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი ი/მ „ანი გაჩეჩილაძის“ მიმართ. ოქმის თანახმად ი/მ „ანი გაჩეჩილაძის“ ფეისბუქ გვერდზე, ასევე „აიისა“-ს ბრენდით წარმოებულ პროდუქტზე განთავსებული იქნა არაეთიკური რეკლამა, რითაც დაირღვა რეკლამის წარმოების და გავრცელების წესი. თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლის არგუმენტაცია და ი/მ „ანი გაჩეჩილაძე“ ცნო სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძვლით, რაც გულისხმობს რეკლამის დაკვეთის, წარმოებისა და გავრცელებისათვის დადგენილი წესების დარღვევას. ი/მ „ანი გაჩეჩილაძემ“ აღნიშნული დადგენილება გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოში, რომელმაც ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის დადგენილება.
როგორც საქალაქო, ასევე სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, არაეთიკური იყო ი/მ „ანი გაჩეჩილაძის“ ფეისბუქ გვერდზე და „აიისა“-ს პროდუქციაზე წარმოდგენილი წარწერები და გამოსახულებები, კერძოდ პროდუქტზე დატანილი წარწერა „ჩამოვკრავდი მაგრამ ნათლისღებაა,“ პროდუქტზე დატანილი წარწერა „ძლევაი საკვირველი“ და გამოსახულება - დიდგორის ბრძოლა, პროდუქტზე დატანილი წარწერა „სამეფო კარი თამარში“ და თამარ მეფის გამოსახულება და პროდუქტზე დატანილი ვიზუალი - ქალის მარცხენა ხელის გამოსახულება პრეზერვატივით, რაც სასამართლომ „მაკურთხებელ მარჯვენად“ შერაცხა.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ზემოხსენებული წარწერებისა და გამოსახულებების სექსუალური ხასიათის პროდუქტთან ერთად წარმოჩენა ხელყოფდა საჯარო მორალს და საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ წარმოდგენებს. პროდუქციის ნაწილზე დატანილი წარწერების მიზანი კი, თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურისა და ორივე ინსტანციის სასამართლოს შეფასებით, მორწმუნეთა რელიგიური გრძნობების მიმართ შეურაცხმყოფელი პათეტიკის წარმოდგენა და აშკარა, პირდაპირი და განზრახი დაცინვა იყო.
საბოლოოდ, როგორც თბილისის საქალაქო სასამართლომ, ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლომ ი/მ „ანი გაჩეჩილაძე“ ცნო სამართალდამრღვევად და დააკისრა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.
GDI-მ "აიისას" საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოში წარადგინა სარჩელი “ანი გაჩეჩილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო საქმე “ანი გაჩეჩილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”. სარჩელი შეეხება პრეზერვატივის მწარმოებელ კომპანიას, “აიისას”, რომლის მფლობელიც ორი წლის წინ საერთო სასამართლოებმა არაეთიკური რეკლამის (პრეზერვატივის შეფუთვაზე დატანილი წარწერებისა და გამოსახულებების) გავრცელების გამო დააჯარიმეს. მოსარჩელე ანი გაჩეჩილაძე, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლოში GDI წარმოადგენს, დაობს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობაზე, რომელიც ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას არაეთიკური რეკლამის განთავსებისა და გავრცელებისთვის. სარჩელში ასევე სადავოდ არის გამხდარი სისხლის სამართლის კოდექსის 343-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას სახელმწიფო დროშის ან გერბის შებღავლისათვის.
მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სადავო ნორმები გაუმართლებლად ლახავს გამოხატვისა (საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლი) და შემოქმედების თავისუფლებას (მე-20 მუხლი), ამავდროულად არ პასუხობს კანონის ხარისხის მოთხოვნებს (31-ე მუხლის მე-9 პუნქტი). კერძოდ, არაკონსტიტუციურია საჯარო მორალისა და სხვათა რელიგიური გრძნობების დაცვის მოტივით აღნიშნული უფლებების შეზღუდვა. ამავდროულად, სადავო ნორმები შეიცავს ბუნდოვან დებულებებს (“შებღავლა”, “ჰუმანური და ზნეობრივი ნორმების დარღვევა”), რაც განუჭვრეტელს ხდის მათი გამოყენების სფეროს.ამგვარი ნორმების სამართლებრივ სივრცეში არსებობა კი წარმოადგენს ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საშიშ იარაღს. სწორედ ამიტომ, აღნიშნულ საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღება მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს სამომავლოდ გამოხატვის თავისუფლების კონსტიტუციური სტანდარტის განვითარებაზე.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე - გაჩეჩილაძე საქართველოს წინააღმდეგ კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევა დაადგინა.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ განვითარებული მსჯელობა, რომლითაც მათ შეუზღუდეს განმცხადებელს გამოხატვის თავისუფლება, არ იყო არც რელევანტური და არც საკმარისი რათა გამართლებულიყო ჩარევა კონვენციის მე-10 მუხლში.
ანი გაჩეჩილძის ინტერესებს სასამართლოში GDI იცავდა. საქმეზე მუშაობა შესაძლებელი გახდა ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით.
სასამართლოს შეფასება
სასამართლომ მიიჩნია, რომ „აიისას“ საჯარო დისკუსიაში შეჰქონდა წვლილი, კერძოდ, პროდუქციის რეალიზაციის დროს კომპანიის განცხადებული მიზანი იყო სექსუალობის სწორ გაგებასთან დაკავშირებული სტერეოტიპების დამსხვრევა. მოსარჩელის პროდუქციის ნაწილი თემატურად ეხებოდა ერთი და იმავე სქესის მქონე ადამიანთა სექსუალურ ურთიერთობას, ნაწილი კი შეიძლება აღქმულიყო, როგორც სოციალური და პოლიტიკური დატვირთვის მქონე კომენტარი სხვადასხვა საჯარო მნიშვნელობის მქონე საკითხზე. ამდენად, ხელისუფლების დამოკიდებულება, რომ მოსარჩელის გამოხატვა მხოლოდ კომერციული გამოხატვის ჭრილში უნდა იქნეს აღქმული, სასამართლოსთვის არ არის გამართლებული. ევროსასამართლოს აზრით, იმ შემთხვევებში, როდესაც გამოხატვაში ნაწილობრივ მაინც იკვეთება საჯარო ინტერესის მქონე საკითხებზე მოსაზრების დაფიქსირება, სასამართლოების მიხედულების ზღვარი ვიწროა, იმ შემთხვევებისგან განსხვავებით, როდესაც გამოხატვა მხოლოდ კომერციული ხასიათისაა.
პანდას ვიზუალთან დაკავშირებით, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სააპელაციო სასამართლოს არასაკმარის დასაბუთებაზე, რომლის მიხედვითაც, ვიზუალი და თანდართული ტექსტი გაუამრთლებლად შეურაცხყოფდა მორწმუნე მართლმადიდებელი ქრისტიანების ცხოვრების წესსა და რელიგიურ სწავლებას იმის თაობაზე, რომ სექსუალური ურთიერთობები თავიდან უნდა იქნეს აცილებული მნიშვნელოვანი რელიგიური დღესასწაულების დროს. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ სადავოდ გამხდარი ვიზუალი წარმოადგენდა უკვე არსებული ანონიმური მუსიკალური ჯგუფის პროდუქტის სარკასტულ გამოსახვას და საქართველოში გავრცელებული სხვადასხვა შეხედულების კრიტიკას. ყველა ამ გარემოების გათვალისწინებით, სასამართლოს შეფასებით, შიდა სასამართლოების მიერ წარმოდგენილი განმარტება არ არის საკმარისი იმის დასასაბუთებლად, რომ არსებობდა აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება ამგვარი ვიზუალის შესაზღუდად.
კონდომიანი ორი თითის და გვირგვინის გამოსახულებასთან დაკავშირებით, სასამართლოს შეფასებით, ეროვნულ დონეზე სასამართლოებმა ვერ მოახერხეს ეჩვენებინათ, თუ რატომ იწვევდა ქალის ხელის გამოსახვა რელიგიურ სიმბოლოებთან ასოციაციას. მაშინ, როდესაც განმცხადებელი დაობდა, რომ არ არსებობდა არავითარი რელიგიური კონოტაცია, იმ გარემოებაზე დაყრდნობით, რომ სადავოდ გამხდარ ვიზუალში წარმოდგენილი იყო ქალის მარცხენა ხელი, ეროვნული სასამართლოები დაჟინებით მიუთითებდნენ რომ გამოსახულება უნდა მიჩნეულიყო ე.წ “მაკურთხებელი მარჯვენა”, როგორც ქრისტიანული რწმენის სიმბოლო.
ანალოგიურად, განმცხადებლის წინააღმდეგ მიმართული პროცესის განმავლობაში გაურკვეველი დარჩა, თუ რატომ მიიჩნევდა სასამართლო ისტორიულ მოვლენაზე მითითებას ან გვირგვინის სახით კონდომის გამოსახვას არაეთიკურ რეკლამად. სტრასბურგის სასამართლოს შეფასებით, ორივე ამ შემთხვევაში ეროვნულ სასამართლოებს არ განუმარტავთ არსებობდა თუ არა ამ ვიზუალების შეზღუდვის “აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება”, როგორც ეს სასამართლოს პრაქტიკით არის დადგენილი.
თამარ-მეფის გამოსახულებასთან დაკავშირებით სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარეებს ეროვნულ დონეზე არ წარმოუდგენიათ საკმარისი მტკიცებულებები/ანალიზი. შესაბამისად, მასთან მიმართებით სასამართლომ საბოლოო დასკვნისგან თავი შეიკავა.
საბოლოოდ სასამართლო აღნიშნავს: “სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცულ ღირებულებებს შორის ლეგიტიმური ბალანსის დაცვისას, საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებაზე არსებითი გავლენა იქონია საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წევრების შეხედულებებმა ეთიკურ საკითხებთან დაკავშირებით. მსგავსი მიდგომა ეწინააღმდეგება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტს, რომლის მიხევითაც, „დაუშვებელია კონკრეტული პირის ან პირთა ჯგუფის ზნეობრივი ნორმების ან მსოფლმხედველობის საზოგადოების სხვა ჯგუფებზე თავსმოხვევა სახელმწიფო ინსტიტუტების, მათ შორის სასამართლოს მეშვეობით.“ ასევე ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს. სასამართლო იმეორებს, რომ პლურალისტურ დემოკრატიულ საზოგადოებაში, ვინც ირჩევს რელიგიის გამოხატვის თავისუფლებას, უნდა შეეგუოს და მიიღოს სხვების მიერ მათი რელიგიური მრწამსის უარყოფა და სხვების მიერ მათი რწმენისადმი მტრულად განწყობილი დოქტრინების გავრცელებაც კი.“
აღსანიშნავია, რომ ანი გაჩეჩილაძის საქმის განმხილველი მოსამართლე თბილისის სააპელაციო სასამართლოში ლევან მურუსიძე იყო. შესაბამისად ევროსასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება რიგით მეოთხეა იმ გახმაურებული საქმეებიდან (გვირგვლიანის საქმე, მოლაშვილის საქმე, ე.წ. მოსამართლეების საქმე), სადაც ლევან მურუსიძის გვარი ფიგურირებს.