მედიას, საარჩევნო პროცესებში, სხვა აქტორებთან ერთად, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი აკისრია. ამის გათვალისწინებით, საქართველოს კანონმდებლობა მაუწყებლებს არაერთ მოთხოვნას უწესებს წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამის განთავსებასთან, საარჩევნო აგიტაციასა და პოლიტიკური დებატების სათანადო წესით გაშუქებასთან დაკავშირებით. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებას ამ კონტექსტში ზედამხედველობს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, რომლის პრაქტიკის შესწავლაც მნიშვნელოვანია იმისთვის, რათა მაუწყებლები ფლობდნენ წინასწარ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რა შემთხვევაში შეიძლება დააკისროთ კომუნიკაციების კომისიამ (ან მისი გავლით სასამართლომ) პასუხისმგებლობა.
ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელიც დღემდე პრობლემური და ბუნდოვანი რჩება, წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამის შინაარსთან დაკავშირებული მოწესრიგებაა, რომლის ფარგლებშიც მაუწყებლებს რიგი ვალდებულებები აკისრიათ. მართალია, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში გვაქვს დებულება, რომლის მიხედვითაც, მაუწყებელი პასუხს არ აგებს წინასაარჩევნო და სოციალური რეკლამების შინაარსზე,[1] თუმცა აქამდე არსებული პრაქტიკა ცხადყოფს, რომ ეს დებულება სრულად არ ათავისუფლებს მაუწყებელს ვალდებულებისგან, გადაამოწმოს პოლიტიკური რეკლამის შინაარსი ეთერში განთავსებამდე. ხოლო, სწორედ იმის დასადგენად, თუ რისი გათვალისწინება უწევთ მაუწყებლებს წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამის შინაარსთან დაკავშირებით, ქვემოთ წარმოდგენილია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და საერთო სასამართლოების პრაქტიკა.
აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ წინამდებარე დოკუმენტის მიზანი არ არის არსებული პრაქტიკის სისწორისა და კონსტიტუციასთან შესაბამისობის შეფასება, რაც დამოუკიდებლად საჭიროებს კვლევასა და ანალიზს. შესაბამისად, დოკუმენტში არ არის მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად მართებულია სახელმწიფო ორგანოთა მიდგომა. მისი დანიშნულებაა, მედიაორგანიზაციებს და სხვა დაინტერესებულ პირებს მიაწოდოს ინფორმაცია საკითხის ირგვლივ არსებული პრაქტიკის შესახებ, რაც მათ იმის განჭვრეტაში დაეხმარებათ, თუ რა შემთხვევაში შეიძლება დადგნენ კომუნიკაციების კომისიის მხრიდან სანქცირების საფრთხის წინაშე.
ძირითადი მიგნებები:
როგორც საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება, ისე კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ბოლოდროინდელი პრაქტიკა მოწმობს, მაუწყებელმა წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამის განთავსების დროს, რეკლამა უნდა შეაფასოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტებით. კერძოდ, პოლიტიკური რეკლამა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს კონსტიტუციით დაცულ ზოგად პრინციპებსა თუ მოთხოვნებს, რომელიც თავის მხრივ ძირითადად ასახულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში, საარჩევნო კოდექსსა და „რეკლამის შესახებ“ კანონში. ამ პრინციპებსა და მოთხოვნებს შორის სასამართლო ყურადღებას ამახვილებს შემდეგზე. რეკლამა:
ხელს არ უნდა უწყობდეს შუღლის გაღვივებას;
არ უნდა შეიცავდეს:
ომისა და ძალადობის პროპაგანდას;
ხელისუფლების ძალადობით შეცვლისკენ ან დამხობისკენ მოწოდებას;
რელიგიური ან ეთნიკური დაპირისპირებისკენ მოწოდებას;
პორნოგრაფიას;
უხამსობას, რომელიც ლახავს ადამიანის ღირსებას და ძირითად უფლებებს.
უფრო დეტალური ინფორმაციისათვის, მაუწყებლებმა კი ყურადღება უნდა მიაქციონ:
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის VI თავში (48-591 მუხლები) დადგენილ ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებს და შინაარსობრივ მოთხოვნებს;
„რეკლამის შესახებ“ კანონის მე-4 მუხლს (მათ შორის მის მე-8 და მე-11 პუნქტებს) (ზოგადი მოთხოვნები რეკლამისადმი);
და საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლს (წინასაარჩევნო აგიტაცია).
არსებული პრაქტიკის თანახმად, მაუწყებელს დაეკისრება პასუხისმგებლობა, როგორც ისეთი წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისთვის, რომელიც ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტებს, ისე, ისეთი პოლიტიკური რეკლამის განთავსებაზე უარის თქმისთვის, რომელიც არ ეწინააღმდეგება ზემოთ ხსენებულ სტანდარტებს.
[1] „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-3 პუნქტი.