2014 წლის 10-11 ოქტომბერს, რომში გამართულ მე-100 პლენარულ სესიაზე, კანონის მეშვეობით დემოკრატიისათვის ევროპულმა კომისიამ (შემდეგში „ვენეციის კომისია“), ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის გენერალური დირექტორატის ადამიანის უფლებათა დირექტორატთან (შემდეგში „დირექტორატი“) ერთად, საქართველოს სახელისუფლებო ორგანოების მიმართვის საფუძველზე, მიიღო ერთობლივი დასკვნები „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში, „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში, ასევე, საქართველოს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით.
საქართველოს სახელისუფლებო ორგანოების მიერ წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები, ძირითადად, ეხება მოსამართლეთა წინააღმდეგ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების კომპეტენციის მქონე ორგანოებს, მათი უფლებამოსილების ფარგლებს, გადაწყვეტილების მიღების წესსა და სამართალწარმოების მონაწილე მხარეთა უფლებებს. გარდა ამისა, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისათვის გათვალისწინებული ცვლილებებით, განისაზღვრა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა მინიმალური რაოდენობა. იცვლება სასამართლოს თავმჯდომარეთა სტატუსი და მათი არჩევის/დანიშვნის, ასევე, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კანდიდატი მოსამართლეების შესახებ ინფორმაციის შეგროვების წესი. იგეგმება „საერთო სასამართლოებში საქმეთა განაწილებისა და უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის დაკისრების წესის შესახებ“ კანონის გაუქმება და საქმეთა ელექტრონულად განაწილების წესის შემოღება. ხოლო რაც შეეხება ზემოხსენებულ საპროცესო კოდექსებს, საქართველოს სახელისუფლებო ორგანოების მიერ წარდგენილი ცვილებები ითვალისწინებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის კრიტერიუმების გაფართოებას.
ზოგადად, ვენეციის კომისია და დირექტორატი მიესალმება საქართველოს სახელისუფლებო ორგანოების მცდელობას, გააუმჯობესონ მართლმსაჯულების შიდა დამოუკიდებლობა და დახვეწონ საკასაციო საჩივრების სისტემა და პოზიტიურად აფასებს წარმოდგენილ ცვლილებებს. თუმცა ერთობლივი დასკვნები ითვალისწინებს რეკომენდაციებსა და შენიშვნებს მთელი რიგი მიმართულებით, უმეტესწილად, ცალკეულ დებულებათა ბუნდოვანების კუთხით, სამართლებრივი სიცხადის პრინციპის გათვალისწინებით. განსაკუთრებით, ხაზგასმითაა აღნიშნული მოსამართლეთა სამწლიანი გამოსაცდელი ვადით დანიშვნის გაუქმების რეკომენდაცია, ვინაიდან, ვენეციის კომისიისა და დირექტორატის შეფასებით, მან შეიძლება დააკნინოს მოსამართლეთა დამოუკიდებლობა.
„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ გთავაზობთ ხსენებული დასკვნების არაოფიციალურ თარგმანს ქართულ ენაზე.