ჟურნალისტ ვახო სანაიას მიმართ თავდასხმის საქმეზე GDI პროკურატურას მიმართავს და სასჯელის ნაწილში, სასამართლოს განაჩენის გასაჩივრებას მოითხოვს

 საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ მიმართა პროკურატურას და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 25 აგვისტოს განაჩენის გასაჩივრება თბილისის სააპელაციო სასამართლოში. აღნიშნული განაჩენით ვახო სანაიაზე თავდამსხმელ პირებს თავისუფლების აღკვეთის მინიმალური ზომა შეეფარდათ და დატოვეს პენიტენციური დაწესებულება.  

 

ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტ, ვახო სანაიას 2021 წლის 25 თებერვალს დაესხნენ თავს. თავდასხმის დროს ვახო სანაია ოჯახის წევრებთან, მათ შორის მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა. სანაიას მიმართ თავდასხმა მოხდა ჯგუფურად სამი პირის მიერ, დისკრიმინაციული მოტივით, მისი პროფესიული საქმიანობის გამო.

 

ვახო სანაიას თავდამსხმელებს 2021 წლის 25 აგვისტოს განაჩენით, ძირითადი სასჯელის სახით, განესაზღვრათ თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით. GDI-ს პოზიციით სასამართლოს განაჩენი სასჯელის ნაწილში არის დაუსაბუთებელი. სასამართლომ დანაშაულის ჩამდენ პირებს არაპროპორციულად დაბალი სასჯელები შეუფარდა და სასჯელის დანიშვნის დროს არ გაითვალისწინა სასჯელის დამამძიმებელი გარემოებები. სასამართლომ სასჯელის ზომის დასაბუთებისას დამამძიმებელ გარემოებად არ მიიჩნია ის ფაქტი რომ ძალადობრივი დანაშაული მცირეწლოვანი ბავშვის თანდასწრებით მოხდა. სასამართლომ არც იმ ფაქტზე გაამახვილა ყურადღება, რომ მოძალადეები მოქმედებდნენ ჯგუფურად. ამასთან, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ ითვალისწინებს სიძულვილის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ მკაცრ მიდგომებს.

 

GDI-მ, რომელიც დაზარალებულ ვახო საინაიას ინტერესებს იცავს, საქართველოს პროკურატურას მიმართა მოთხოვნით, რომ გაასაჩივროს თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი, ვინაიდან, სასჯელის ნაწილში, გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია.