უზენაესი სასამართლოს 3 ახალი წევრის არჩევით პარლამენტი ევროინტეგრაციის პროცესის დაზიანებას განაგრძობს

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის საქართველოს პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს 3 წევრის არჩევას ეხმიანება და მას ევროინტეგრაციის პროცესის დამაზიანებელ მორიგ ნაბიჯად აფასებს. იმის გათვალისწინებით, რომ ევროკომისიისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციები სასამართლო რეფორმის ნაწილად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი პროცესის შემდგომ დახვეწას, ასევე ამავე სასამართლოს მოსამართლეებისა და კანდიდატების მიერ კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმის გავლას ითვალისწინებს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და პარლამენტის მიერ ჩატარებული პროცესი ამ რეკომენდაციების აშკარა უარყოფაა და ძირს უთხრის ქვეყნის ევროპულ მომავალს.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევი კონკურსი 2024 წლის 24 იანვარს, მას შემდეგ გამოაცხადა, როდესაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს - ალექსანდრე წულაძეს ვადამდე შეუწყდა უფლებამოსილება. ის 2023 წლის 28 დეკემბრიდან საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. ამასთან, რადგან 2024 წლის ოქტომბერში უფლებამოსილების ვადა ეწურება უზენაესი სასამართლოს კიდევ 2 მოსამართლეს -  ნინო ბაქაქურსა და ზურაბ ძლიერიშვილს, „პროცედურის ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად“ საბჭომ მიზანშეწონილად ჩათვალა სამივე ვაკანსიაზე შერჩევის პროცესის ერთდროულად, 9 თვით ადრე გამოცხადება[1].

2024 წლის 30 მაისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებად პარლამენტისთვის ბადრი შონიას, გოჩა ჯეირანაშვილის და გიზო უბილავას წარდგენას.[2] პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში კანდიდატების საჯარო მოსმენა 20 ივნისს გაიმართა. გასაუბრების პროცესში მონაწილეობა არ მიუღია საპარლამენტო ოპოზიციას, ასევე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს.  მხარდაჭერილ კანდიდატებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 27 ივნისს, საჯარო განხილვის გარეშე  უყარეს კენჭი და მხარი დაუჭირეს[3]. ამასთან, პარლამენტის განცხადებით, ანბანური წესით არჩეული კანდიდატი - გიზო უბილავა უფლებამოსილების განხორციელებას იმავე დღეს შეუდგა, დანარჩენი 2 წევრი კი უფლებამოსილებას 18 ოქტომბრიდან განახორციელებს.[4]

საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრთა შერჩევის პროცესი წლებია ხარვეზიანად ფასდება როგორც ადგილობრივი სამოქალაქო, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან.[5] ამ კუთხით გატარებული რეფორმის შეფასება და პროცესის შემდგომი დახვეწა ჯერ კიდევ ე.წ. „შარლ მიშელის შეთანხმებით“ განისაზღვრა,[6] რომლის შესრულებაზეც მმართველმა გუნდმა უარი განაცხადა. მართლმსაჯულების ყველა მნიშვნელოვანი რგოლის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა და მოსამართლეთა დანიშვნის (განსაკუთრებით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების ნომინირების) პროცესში არსებული პრობლემების აღმოფხვრა ევროკომისიის 12 რეკომენდაციის ერთ-ერთ საკვანძო ნაწილს წარმოადგენდა,[7] რომელიც ქართულმა ოცნებამ კვლავ არ გაითვალისწინა და მხოლოდ არაარსებითი ხასიათის, კოსმეტიკური ცვლილებებით შემოიფარგლა. ამასთან, ევროკომისიის 2023 წლის ნოემბრის ანგარიშით ცხადად განისაზღვრა, რომ უზენაესი სასამართლოს წევრები და მოსამართლეობის კანდიდატები უნდა დაექვემდებარონ კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმს.[8] შესაბამისად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და საქართველოს პარლამენტის მიერ აღნიშნული რეკომენდაციების უგულებელყოფა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ჩვეულებრივ, არსებული პროცედურებით შერჩევა აშკარა წინააღმდეგობაშია ევროკავშირის რეკომენდაციებთან, კრიტიკულად იქნება შეფასებული კავშირის შესაბამისი უფლებამოსილი ინსტიტუტების მხრიდან და კიდევ უფრო დააზიანებს ევროინტეგრაციის უკვე ისედაც მნიშვნელოვნად გართულებულ პროცესს.

წარმატებული ევროპული ინტეგრაცია და ამ მიზნის მისაღწევად შესაბამისი დემოკრატიული რეფორმების განხორციელება, მართლმსაჯულების ფუნდამენტური რეფორმის ჩათვლით, ქართული საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის მიერ არაერთხელ გამოხატული ურყევი ნებაა, რომელსაც მმართველმა გუნდმა და ხელისუფლების ყველა უფლებამოსილმა შტომ პატივი უნდა სცეს.

 



[2] საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2024 წლის 21 მაისის N1/23 განკარგულება, რომლითაც კანდიდატები კენჭისყრის საბოლოო ეტაპზე გადავიდნენ. ხელმისაწვდომია: http://hcoj.gov.ge/data/%E1%83%A3%E1%83%96%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%98.pdf .

[3] გიზო უბილავამ საქართველოს პარლამენტმა 80 ხმით აირჩია, ბადრი შონია და გოჩა ჯეირანაშვილი კი - 78-78 ხმით.

[4] საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 27 ივნისის განცხადება, ხელმისაწვდომია: https://parliament.ge/media/news/parlamentma-uzenaesi-sasamartlos-sami-tsevri-airchia .

[5] კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართ₾მსაჯულებისთვის, მართლმსაჯულების რეფორმების 10 წელი: გამოწვევები და პერსპექტივები, 2023, გვ. 7-8, ხელმისაწვდომია: https://www.coalition.ge/files/reporma_170x240_geo_3.pdf .

[6] სამომავლო გზა საქართველოსთვის, ხელმისაწვდომია: https://www.eeas.europa.eu/sites/default/files/mediacia_samomavlo_gza_sakartvelostvis.pdf .

[7] Commission Opinion on Georgia's application for membership of the European Union, Brussels, 17.06.2022, COM (2022) 405 final, ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/hwAlATb2 .

[8] Georgia 2023 Report Accompanying the document Communication from the Commission to the European Parliament, the Council, the European Economic and Social Committee and the Committee of the Regions, Brussels, 8.11.2023 SWD(2023) 697 final, გვ. 20-21, ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/jeuop3ix.