ცვლილებები მამხილებელთა დაცვის ეფექტიანი საკანონმდებლო მექანიზმისთვის

GDI წარმოგიდგენთ ანალიტიკურ დოკუმენტს ცვლილებებისა და რეკომენდაციების შესახებ, რომლის მიზანი საქართველოში მამხილებელთა დაცვის ეფექტიანი საკანონმდებლო მექანიზმის ჩამოყალიბებაა.

მხილება წარმოადგენს კერძო ან საჯარო სექტორში დასაქმებული პირების მიერ ინფორმაციის მიწოდებას ამავე სექტორის ორგანიზაციებში ჩადენილ კორუფციულ, უკანონო ან თაღლითურ ქმედებებთან დაკავშირებით (რომლებიც ეხება ან საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ ინტერესებს) იმ ფიზიკური თუ იურიდიული პირებისთვის, რომლებსაც ამ ქმედებებზე რეაგირება შეუძლიათ. მხილება ხელს უწყობს კარგი მმართველობის დამკვიდრებას ქვეყანაში, ასევე, კორუფციული თუ სხვა სახის გადაცდომების, საჯარო ინტერესთან შეუთავსებელი  ქმედებების გამოვლენას როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.

მიუხედავად იმ დიდი სარგებლისა, რაც მამხილებელთა ინსტიტუტს შეიძლება ჰქონდეს საზოგადოებისთვის, ის, ვინც ხმის ამოღებას ბედავს, ხშირად მძიმე შედეგებს იმკის. აქედან გამომდინარე, ბევრი თანამშრომელი მომავალი შურისძიების შიშით, უხეში კანონდარღვევის შემთხვევაშიც კი ჩუმად ყოფნას არჩევს. კანონდარღვევების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისას მამხილებლები ხშირად ექვემდებარებიან დევნას, სამსახურიდან დათხოვნას, ჩამოქვეითებას ან იძულებას, რომ საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვონ სამსახური.

მხილების დამაბრკოლებელი გარემოებების მაქსიმალურად შესამცირებლად უმნიშვნელოვანესია კანონმდებლობა ინდივიდებს სთავაზობდეს ეფექტიანი დაცვის საკანონმდებლო გარანტიებს, რომელშიც სათანადოდ იქნება ასახული ის საერთაშორისო სტანდარტები, რომელიც ჩამოყალიბებულია საერთაშორისო დოკუმენტებში ან/და მამხილებელთა საქმეების ანალიზისა და გამოცდილების საფუძველზე.

ამ მიზნით GDI-გაანალიზა მამხილებელთა დაცვის საკანონმდებლო გარანტიების საერთაშორისო სტანდარტები და საქართველოში არსებული საკანონმდებლო ჩარჩოს ურთიერთმიმართება. კერძოდ, შეაფასა საქართველოს კანონმდებლობის თანხვედრა ევროკავშირის მამხილებელთა დაცვის შესახებ 2019/1937 დირექტივასა  და International Bar Association-ის მიერ შემუშავებულ სტანდარტებთან, რომელიც ჩამოყალიბებულია მამხილებელთა დაცვის თაობაზე კარგი საერთაშორისო კანონმდებლობის კვლევაში.

დოკუმენტში ასევე წარმოდგენილი რეკომენდაციები საქართველოს კანონმდებლობასა და პრაქტიკაში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით.

კვლევა და რეკომენდაციები იხილეთ აქ.