სიახლეები

11
ივლისი2013

GDI-ის მოსაზრებები „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

2013 წლის 04 ივლისს საქართველოს პარლამენტში საქართველოს მთავრობის მიერ განსახილველად წარდგენილ იქნა კანონპროექტი  „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“. აღნიშნული კანონპროექტით ცვლილებები შედის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 332-ე მუხლში და დაკითხვის ახალი წესის ამოქმედებას, რომელიც  მოწმის დაკითხვას  დასაშვებად მხოლოდ სასამართლოს წინაშე მიიჩნევს, ნაცვლად 2013 წლის 01 სექტემბრისა 2014 წლის 01 დეკემბრიდან ითვალისწინებს.

მიგვაჩნია, რომ წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება უარყოფითად აისახება ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობაზე საქართველოში და კვლავ საფრთხის ქვეშ დატოვებს ბრალდებისა და დაცვის მხარის საპროცესო თანასწორობისა და შეჯიბრობითობის პრინციპის რეალურ განხორციელებას.

საქართველოს კონსტიტუციის 85-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპზე დაყრდნობით. აღნიშნული დებულება ცალსახაა, რომ კონსტიტუციის 42-ე მუხლის განუყოფელი ნაწილია და სამართლიანი სასამართლოს უფლების მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს. კონსტიტუციის ზემოხსენებული დანაწესი გულისხმობს ორივე მხარისთვის თანაბარი შესაძლებლობების მინიჭებას მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში თავიანთი პოზიციებისა და ინტერესების დასაცავად.

ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მესამე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად: „ყოველ პირს, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, აქვს, სულ მცირე, შემდეგი უფლებები – დაკითხოს ან დააკითხვინოს ბრალდების მოწმეები და გამოაძახებინოს და დააკითხვინოს დაცვის მოწმეები ბრალდების მოწმეთა თანაბარ პირობებში. აღნიშნული მუხლი ადგენს სტანდარტს,  ბრალდებისა და დაცვის მხარეების თანაბარი უფლების შესახებ მოწმის დაკითხვის პროცესში, რაც ამყარებს შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპს.“  ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში დაადგინა 6.3 მუხლის დ) ქვეპუნქტის დარღვევა იმ მოტივით, რომ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი დაფუძნებული იყო პირთა ჩვენებებზე, რომელთა დაკითხვის საშუალებაც დაცვას არ ჰქონდა[1].

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტმა 2009 წლის ოქტომბერში მიიღო ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, რომელიც სისტემურად განსხვავდება მანამდე მოქმედი 1998 წლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისაგან. თუ 1998 წლის საპროცესო კოდექსი ინკვიზიციურობის პრინციპზე იყო აგებული, ახალი კოდექსი მიმართულია მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრობითობის პრინციპის დანერგვისაკენ.

დღეს მოქმედი რედაქციით, მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის ამოქმედების თარიღად ამავე კოდექსის 332-ე მუხლის თანახმად 2013 წლის პირველი სექტემბრია განსაზღვრული. აღსანიშნავია, რომ ამ ვადამ 2013 წლის 18 იანვარს კოდექსში განხორციელებული ცვლილებებით 2013 წლის დეკემბრიდან 3 თვით გადმოიწია.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, შესატანი ცვლილებების მიხედვით სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 332-ე მუხლის თანახმად (გამოძიებისას დაკითხვის დროებითი წესი)  2014 წლის 01 დეკემბრამდე გამოძებისას დაკითხვა იწარმოებს საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით. სხვაგვარად რომ ვთქვათ, პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით 2014 წლის პირველ დეკემბრამდე ძალაში რჩება მოწმის დაკითხვის მოქმედი წესი, რომელის მიხედვითაც მოწმე იკითხება როგორც გამოძიების დროს მხოლოდ გამომძიებლის მიერ, ასევე სასამართლოს წინაშეც.

დაკითხვის მოქმედი წესი, როდესაც მოწმის დაკითხვა ხდება სასამართლოს გარეშე, გამომძიებელს უტოვებს თვითნებობის არეალს და ზრდის მოწმეზე ზემოქმედების განხორციელებისა  და დაცვის მხარისთვის საზიანო ჩვენების მიცემის შესაძლებლობას. ამავდროულად მოწმე, რომელიც გამომძიებელმა დაკითხა, გარკვეულწილად მის მიერ მიცემული ჩვენების მძევალი ხდება, რადგანაც სასამართლო განხილვის დროს მის მიერ ჩვენების შეცვლა, მისივე სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს.

წარმოდგენილი ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, დაცვის მხარე კვლავ არათანაბარ პირობებში რჩება ბრალდების მხარესთან შედარებით, რაც თავის მხრივ ეწინააღმდეგება ევროპული კონვენციითა და საქართველოს კონსტიტუციით დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლების სულისკვეთებას.

ცალსახაა, რომ ადვოკატთა კორპუსი, ისევე როგორც ადამიანის უფლებათა სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი ორგანიზაციები მოუთმენლად ველოდით 2013 წლის 01 სექტემბერს მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის ამოქმედებას, რომელიც მნიშვნელოვნად შეამცირებდა მოწმეებზე ფიზიკური და ფსიქიკური ზემოქმედების რისკს და დაცვის მხარეს შეუქმნიდა თანაბარ შესაძლებლობებს საკუთარი ინტერესების დასაცავად. აღსანიშნავაია, რომ მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სისტემა, რომელიც ეფუძნება მხარეთა თანასწორობასა და შეჯიბრობითობას, იმდაგვარადაა აწყობილი, რომ მოწმეთა მხოლოდ სასამართლოს მიერ დაკითხვის წესის დროულად აუმოქმედებლობა ფიტავს მის არსს და აკნინებს ადამიანის უფლებათა იმ მაღალ სტანდარტს, რაც ნათლადა მოცემული ამავე კოდექსის პრინციპებში.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, მხარეთა თანასწორობა სამართლიანი სასამართლოს უფლების ფუნდამენტური ასპექტია, რომელიც გულისხმობს შეჯიბრებითობაზე დაფუძნებული სამართალწარმოების განხორციელებას.  წარმოდგენილი ცვლილებების პროექტი არა თუ ვერ უზრუნველყოფს საკანონმდებლო დონეზე დაცვის უფლების განხორციელების ეფექტიანი გარანტიების შექმნას, არამედ კიდევ უფრო მნიშვნელოვნად დასწევს ძირს მართლმსაჯულების განხორციელების ხარისხს სახელმწიფოში. ასევე საგანგაშოა, რომ კანონპროექტის განმარტებით ბარათში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ზოგადად ინსტიტუტის (მოწმეთა დაკითხვა მხოლო სასამართლოს წინაშე) მართებულობაც, რაც მოქმედი კოდექსის სისტემის მთავარი ღერძი და განუყოფელი ნაწილია.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, დაუშვებლად მიგვაჩნია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში წარმოდგენილი ცვლილებების განხორციელება.


[1] Kostovski v. the Netherlands(1989)

Windisch v. Austria (1990)

Saidi v. France (1993)