სიახლეები

22
ივლისი2013

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა ზუგდიდში 20 ივლისს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა შეშფოთებას გამოხატავს 2013 წლის 20 ივლისს ქალაქ ზუგდიდში და 21 ივლისს ბათუმში განვითარებული მოვლენებისა და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მომხდარ ინციდენტზე არაადეკვატური რეაგირების გამო. 

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2013 წლის 20 ივლისს ქალაქ ზუგდიდში გამართა დაგეგმილი პრაიმერი. პრაიმერის დაწყებამდე, შალვა დადიანის სახელობის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულმა პირებმა გადაკეტეს თეატრის მიმდებარე ტერიტორია და როგორც გავრცელებული ვიდეოჩანაწერები ცხადყოფენ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს და მათ კუთვნილ ავტომანქანებს დაუშინეს წყლით სავსე ბოთლები და ქვები.

აღსანიშნავია, რომ ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, რომელმაც შეძლო კორდონის მოწყობა, რითაც ნაციონალური მოძრაობის დელეგატებს საშუალება მიეცად თეატრში შესულიყვნენ. თუმცა პოლიციამ ვერ შეძლო ადგილზე აღეკვეთა ძალადობა.

ინციდენტის შემდეგ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გააკეთა განცხადება, რომელშიც აღნიშნა რომ ინციდენტში მონაწილე სამართალდამრღვევი პირები კანონის სრული სიმკაცრით დაისჯებოდნენ.

მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავცელა ინფორმაცია, რომ დაკავებულ იქნა ინციდენტში მონაწილე 12 პირი. როგორც გავრცელებული ინფორმაცია ცხადყოფს, აღნიშნული პირები დაკავებლი იყვნენ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის (წვრილმანი ხულიგნობა) და  21 ივლისს სასამართლომ დაკავებულ პირებს 100 ლარიანი ჯარიმა დააკისრა და დარბაზიდან გაათავისუფლა.

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა აღნიშნავს, რომ სამწუხაროდ ბოლო პერიოდში დამკვიდრდა მიდგომა, როდესაც პოლიცია და სასამართლო არაადეკვატურად რეაგირებენ ძალადობის სხვადასხვა ფაქტებზე და დამნაშავეებს მცირე ჯარიმის სანაცვლოდ ათავისუფლებენ.  ამ ტიპის უპასუხისმგებლო მიდგომის გამოვლინება სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ახალისებს ძალადობის ფაქტებს და ვერ უზრუნველყოფს სამომალოდ მსგავსი შინაარსის სამართალდარღვევათა პრევენციას.

განსაკუთრებით დამაფიქრებელია ის ფაქტი, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად, აღნიშნულ ფაქტებზე არასათანადო რეაგირების შემთხვევები წინასაარჩევნო პერიოდში ზრდის  პოლიტიკურ ოპონენტებს შორის ძალადობის ესკალაციის რისკს.

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს მყისიერი და ეფექტური რეაგირება მოახდინოს თითოეულ მსგავს გამოვლინებაზე, სამართალდამრღვევთა მიერ ჩადენილი ქმედებების მიმართ განახორციელონ სათანადო სამართლებრივი შეფასება და მისცენ შესაბამისი კვალიფიკაცია, ასევე გამოიყენონ ადეკვატური სანქციები.