ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ გარშემო უკანასკნელ პერიოდში განვითარებული მოვლენების შეფასება

უკიდურესად შემაშფოთებელია უკანასკნელი თვეების მანძილზე „რუსთავი 2-ის“ - ყველაზე რეიტინგული და ამჟამინდელი ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიის გარშემო განვითარებული მოვლენები, რომლის შედეგად ტელეკომპანია საქმიანობის შეჩერების რეალური საფრთხის წინაშე დგას. ამგვარი მდგომარეობა განსაკუთრებით საგანგაშოა წინასაარჩევნო პერიოდში, როდესაც სახელმწიფოს, მის ყველა შტოს, ეკისრება ვალდებულება, უზრუნველყოს სახელმწიფოში პლურალისტური მედიის არსებობა, რაც სამართლიანი არჩევნების აუცილებელი წინაპირობაა.

 

არსებობს საფუძვიანი ეჭვი, რომ „რუსთავი 2-ის“ წინააღმდეგ წარმოებული კერძო სამართლებრივი დავის ძირითადი მიზანი ტელეკომპანიის საქმიანობის შეფერხება ან თუნდაც შეჩერებაა. აღნიშნული სათავეს იღებს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების განცხადებებისგან. მათ არაერთხელ დაუფიქსირებიათ ნეგატიური დამოკიდებულება და უკმაყოფილება კრიტიკულად განწყობილი ტელეკომპანიის საქმიანობის მიმართ. აქვე ხაზგასასმელია, რომ ბიძინა ივანიშვილმა მრავალჯერ გამოხატა დაინტერესება „რუსთავი 2-ის“ მფლობელობის საკითხისადმი, გააკეთა რა განცხადებები მისი „კანონიერი“ თუ „უკანონო“ მესაკუთრეების შესახებ. შესაბამისად, იქმნება რეალური შთაბეჭდილება, რომ 2015 წლის პირველ ოქტომბერს გავრცელებული ინფორმაცია, „რუსთავი 2-ის“ მფლობელი კომპანიის წილების დაყადაღების შესახებ, ხსენებული დაინტერესების ლოგიკური გაგრძელებაა.    

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ, ქიბარ ხალვაშის მიერ დაწყებული სამართალწარმოების ფარგლებში, 2015 წლის 30 სექტემბერს მიიღო განჩინება ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ მფლობელი შპს „საქართველოს“ წილების დაყადაღების შესახებ. საქმე ეხება იმ წილებს, რომლებსაც ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ მფლობელობასთან არანაირი კავშირი არ აქვს. თავის მხრივ, კომპანიის წილები „რუსთავი 2-ში“ დაყადაღდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 6 აგვისტოს განჩინების საფუძველზე. ამდენად, ამჟამინდელი მდგომარეობით, დაყადაღებულია შპს „საქართველოს“ ყველა წილი - ისინი, რომლებიც დაკავშირებულია ან არ არის დაკავშირებული ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ მფლობელობასთან.

 

უნდა განიმარტოს, რომ ყადაღა წარმოადგენს სარჩელის უზრუნველყოფის ერთ-ერთ საშუალებას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად,მოსარჩელის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას[1].

 

ამავე კოდექსის თანახმად, ყადაღა, როგორც სარჩელის უზრუნველყოფის ერთ-ერთი ღონისძიება, შეიძლება დაედოს ქონებას, ფასიან ქაღალდებს თუ ფულად სახსრებს, რომლებიც მოპასუხეს ეკუთვნის და არის მასთან ან სხა პირთან.[2]

 

2015 წლის 30 სექტემბრის განჩინებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაადო ქონებას, რომელიც ეკუთვნოდა არა მოპასუხეს, არამედ მოპასუხის მფლობელ კომპანიას, რომელსაც კავშირი არ აქვს სასარჩელო მოთხოვნასთან. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოხდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების არსის უგულებელყოფა. კერძოდ, დაყადაღებული ქონება არ იყო რა კავშირში მოპასუხე კომპანიასთან, მის გასხვისებას შეუძლებელია რაიმე საფრთხე შეექმნა შემდგომში სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებისთვის.

 

გასათვალისწინებელია, რომ მოსარჩელის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოსადმი შპს „საქართველოს“ წილების დაყადაღების თაობაზე მიმართვა უკავშირდება ხსენებული კომპანიის მფლობელთა გადაწყვეტილებას,  იმ საკუთარი წილების გასხვისების შესახებ, რომელიც არ იყო დაყადაღებული იმჟამინდელი მდგომარეობით. ამ შინაარსის ხელშეკრულების რეგისტრაციის შესახებ დაინტერესებულმა პირებმა საჯარო რეესტრს მიმართეს 2015 წლის 29 სექტემბერს.  ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ წარმომადგენლების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ტელეკომპანია „საქართველოს“ კუთვნილ ქონებაზე დადებული გარიგება ითვალისწინებდა მეორე მხარის მიერ მხოლოდ რუსთავი 2-ის საწესდებო კაპიტალის ზრდას დამატებითი ვალდებულებების დაკისრების გარეშე, რაც, ბუნებრივია, გამორიცხავდა შემდგომში გადაწყვეტილების აღსრულების საფრთხეს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზნებისთვის. ამგვარი მოცემულობით, აშკარაა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისი მოთხოვნების დარღვევა.

 

აქედან გამომდინარე, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ყადაღა, მოსარჩელისა და სასამართლოს ხელში იქცა ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ წინააღმდეგ რეპრესიების განხორციელების, ფინანსური რესურსების შეზღუდვისა და შედეგად, საქმიანობაში ხელშეშლის საშუალებად. მით უმეტეს, რომ ტელეკომპანიას არ გააჩნია ფინანსური ვალდებულებების აღების სამართლებრივი შესაძლებლობა. შესაბამისად, „რუსთავი 2-ის“ წარმომადგენლების განცხადებით, შემოსავლის მიღების ერთადერთ საშუალებას წარმოადგენდა უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, რასაც ითვალისწინებდა ტელეკომპანია „საქართველოს“ წილების გასხვისების შესახებ ხელშეკრულება. 2015 წლის 30 სექტემბრის განჩინების შემდეგ კი, აღნიშნული შესაძლებლობაც აღარ არსებობს.

 

იმავდროულად, ეჭვს აღრმავებს ის ფაქტიც, რომ ხელშეკრულების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრისათვის 2015 წლის 29 სექტემბერს მიმართვის საფუძველზე, 2015 წლის 30 სექტემბერს უკვე იქნა მიღებული განჩინება, ხსენებული ხელშეკრულების საგნის - ტელეკომპანია „საქართველოს“ წილების დაყადაღების შესახებ.

 

გარდა ამისა, ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“, ანუ მოპასუხის წარმომადგენლების მხრიდან არაერთხელ გამოითქვა პრეტენზია მოსარჩელის განცხადების განმხილველი მოსამართლის მიმართ. როგორც 2015 წლის 6 აგვისტოს, ისე 2015 წლის 30 სექტემბრის განჩინებები ქიბარ ხალვაშის სარჩელის უზრუნველყოფის სახით ყადაღის გამოყენების შესახებ, მიღებული იქნა ხსენებული მოსამართლის მიერ.

 

ზემოხსენებულის საპირისპიროდ, სამოქალაქო საზოგადოებას პასუხისმგებელი უწყებების მხრიდან არ მიწოდებია დამაჯერებელი არგუმენტები თუ განმარტებები, რომელიც არსებულ ეჭვებს გააქარწყლებდა.

 

მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ გააცნობიეროს, რომ მხოლოდ და მხოლოდ მრავალფეროვანი მედია გარემოს არსებობის მეშვეობითაა შესაძლებელია ყველა შეხედულება და პოლიტიკური პერსპექტივები იქნეს გაჟღერებული. ხოლო დემოკრატიის განვითარებისა და გაძლიერების უპირობო საფუძველს, კანონის უზენაესობასთან ერთად, თავისუფალი, დამოუკიდებელი და პლურალისტური მედიის არსებობა წარმოადგენს.[3]

 

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

 

მედიის განვითარების ფონდი (MDF)

 

საერთაშორისო გამჭვირვალობა (TI)

 

საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)

 

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)

 

 

[1]საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილი, საქართველოს საკანონმდებლო მაცნე №1106, 31/12/1997

 

[2]საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, საქართველოს საკანონმდებლო მაცნე №1106, 31/12/1997

 

[3]Windhoek Declaration on Promoting Independent and Pluralistic Media, 1991.