თბილისის საქალაქო სასამართლომ, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე, აქტივისტი გიგა მაქარაშვილი სამართალდამრღვევად ცნო და 2000 ლარით დააჯარიმა

საერთო სასამართლოები მშვიდობიანი სამოქალაქო აქტივისტების დევნას, გასამართლებას და უმკაცრესი სანქციებით დასჯას აგრძელებენ. კერძოდ, 2021 წლის 10 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა გიგა მაქარაშვილი, პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო, ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 2000 ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა.

 

2021 წლის 3 ივნისს, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან იმართებოდა აქცია, სადაც სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები ნინოწმინდის ბავშვთა სახლის გარშემო განვითარებულ მოვლენებს აპროტესტებდნენ. გიგა მაქარაშვილი სარგებლობდა შეკრების კონსტიტუციური უფლებით, რა დროსაც, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, პოლიციის თანამშრომლებმა გადაუტრიალეს ხელები და დააკავეს. დაკავების დროს მოტეხეს ხელი, ხელში კი ურტყამდნენ ხელბორკილს, რითიც მიაყენეს ფიზიკური დაზიანებები. აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება პოლიციელების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტით. მიუხედავად ადვოკატის მოთხოვნისა, გენერალური პროკურატურა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის დარღვევით, გიგა მაქარაშვილს დაზარალებულის სტატუსს არ ანიჭებს და არ აძლევს საქმის მასალების გაცნობის უფლებას.

 

გიგა მაქარაშვილს, არც დაკავებამდე და არც დაკავების შემდეგ, პოლიციელებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია და აღნიშნული დადასტურდა თავად შსს-ს წარმომადგენლების მიერ სასამართლო პროცესზე წარმოდგენილი ვიდეო მასალითაც. სხვადასხვა ტელეკომპანიის ოპერატორის მიერ გადაღებული ვიდეოებიდან ირკვევა, რომ გიგა მაქარაშვილი მშვიდობიანად დგას და პოლიციის თანამშრომლები ყოველგვარი გაფრთხილების ან მოწოდების გარეშე აკავებენ მას.

 

მოსამართლე დაეყრდნო მხოლოდ ერთი პოლიციელის ჩვენებას, რომელიც მონაწილეობდა გიგა მაქარაშვილის დაკავების პროცესში და იყო დაინტერესებული პირი. ამასთან, მისი ჩვენება ეწინააღმდეგებოდა თავად შსს-ს წარმომადგნელების მიერ პროცესზე წარმოდგენილ ვიდეო მტკიცებულებებს.

 

მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა არ დააკმაყოფილა გიგა მაქარაშვილის ადვოკატის არცერთი შუამდგომლობა, რომელიც ეხებოდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან სისხლის სამართლის საქმის მასალების ამოღებას, პროკურატურის მოქალაქეთა მისაღებ შენობაზე განთავსებული ვიდეო კამერებით გადაღებული ვიდეო ჩანაწერების ამოღებას და გიგა მაქარაშვილის დაკავების ბრძანების გამცემისა და ერთ-ერთი უშუალო დამკავებლის, გოგა მემანიშვილის დაკითხვას.

 

GDI აგრძელებს გიგა მაქარაშვილის უფლებების დაცვას და სასამართლოს გადაწყვეტილებას თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.   საქმის წარმოება მიმდინარეობს ,,ღია საზოგადოების ფონდის" ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის - ,,იურიდიული დახმარების ქსელი აქტივისტებისათვის" - ფარგლებში.