თბილისის საქალაქო სასამართლომ საკონსტიტუციო სასამართლოს თანამშრომელი, თორნიკე ობოლაშვილი, მტკიცებულებების არ არსებობის მიუხედავად, საქართველოს კონსტიტუციის დარღვევით, სამართალდამრღვევად სცნო

ვეხმაურებით თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, მანუჩარ ცაცუას მიერ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თანამშრომლის, თორნიკე ობოლაშვილის მიმართ 2024 წლის 14 აგვისტოს გამოტანილ უკანონო გადაწყვეტილებას და მიგვაჩნია რომ მოსამართლე, მანუჩარ ცაცუას მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის საშიში პრეცედენტი და გზას უხსნის პოლიციელების თვითნებობას. 

ამასთან, საგანგაშოდ მიგვაჩნია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უმოქმედობა, რომელიც დანაშაულის ნიშნების არსებობის მიუხედავად ამ დრომდე არ იწყებს გამოძიებას, რაც ქვეყანაში ამკვიდრებს დაუსჯელობის სინდრომს და გზას უხსნის პოლიციელების მხრიდან მოქალაქეების მიმართ დანაშაულების ჩადენას. 

თორნიკე ობოლაშვილი 2024 წლის 15 ივლისს, ქ. თბილისში ავტობუსის გაჩერებისკენ მიდიოდა, როდესაც ორმა სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირმა შეაჩერა და საბუთების წარდგენა მოსთხოვა. თორნიკე ობოლაშვილმა მათ ვინაობა ჰკითხა. პოლიციელის სამსახურებრივი მოწმობების წარდგენის შემდეგ, თორნიკე დაემორჩილა მათ მოთხოვნას და გადასცა პირადობის მოწმობა. 

პირადობის მოწმობის გადაცემის შემდეგ პოლიციელებმა ყოველგვარი საფუძვლის გარეშე თორნიკე ობოლაშვილს ჩაუტარეს ზედაპირული დათვალიერება. ზედაპირულ დათვალიერებაზე თორნიკე ობოლაშვილს უარი არ განუცხადებია. შემდეგ პოლიციელებმა თორნიკესგან მოითხოვეს გაეხსნა ჩანთა, რომელიც თან ჰქონდა. თორნიკემ აღნიშნულთან დაკავშირებით მათ უთხრა, რომ ჩანთის გახსნის ვალდებულება არ ჰქონდა. ჩანთის გახსნა წარმოადგენს ჩხრეკას, რომელსაც სჭირდება სასამართლოს განჩინება ან გამომძიებლის დადგენილება. 

პოლიციელები თორნიკე ობოლაშვილს არ უბრუნებდნენ პირადობის მოწმობას. თორნიკემ სცადა ტელეფონით გადაეღო მის მიმართ პოლიციელების უკანონო ქმედება. ამ დროს ძალის გამოყენებით წაართვეს ტელეფონი, დააგდეს ძირს და დააკავეს. თორნიკე ობოლაშვილმა აღნიშნულ პროცესში სხეულზე მიიღო არაერთი დაზიანება. მას არ მისცეს უფლება დაერეკა ადვოკატთან ან ოჯახის წევრებთან, უკანონოდ ყავდათ დაკავებული დაახლოებით 4 საათის განმავლობაში. წაართვეს ტელეფონი შემდეგ ბლოკი მოახსნევინეს მოტყუებით და სრულიად უკანონოდ დაათვალიერეს მისი პირადი ინფორმაცია. 

პოლიციელების მხრიდან ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით თორნიკე ობოლაშვილმა მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. როგორც ჩვენთვის ცნობილია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ამ დრომდე ოფიციალურად გამოძიებაც კი არ დაუწყია, რაც ასევე მძიმე დარღვევას წარმოადგენს. 

თორნიკე ობოლაშვილის მიმართ პოლიციელებმა შეადგინეს სამართალდარღვევის ოქმი, სადაც მიუთითეს, თითქოს იგი არ ემორჩილებოდა პოლიციელების კანონიერ მოთხოვნა და შეურაცხყოფას აყენებდა მათ. აღსანიშნავია რომ სასამართლო პროცესზე შსს-ს არცერთი ობიექტური და ნეიტრალური მტკიცებულება არ წარმოუდგენია, რომელიც დაადასტურებდა თორნიკე ობოლაშვილის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენას. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაამტყუნა თორნიკე ობოლაშვილი და შენიშვნა გამოუცხადა. აღნიშნული პრეცედენტი არის საგანგაშო, ვინაიდან პოლიციას არ ჰქონდა თორნიკე ობოლაშვილის ჩხრეკის უფლება და შესაბამისად მათი ბრძანება რომ თორნიკეს ჩანთა გაეხსნა იყო უკანონო, ამიტომ თორნიკე ობოლაშვილს არ ჰქონდა ვალდებულება დამორჩილებოდა აღნიშნულ ბრძანებას. ამასთან, თორნიკე ობოლაშვილს პოლიციელების მისამართით არცერთი შეურაცხმყოფელი სიტყვა არ უთქვამს, თუმცა აღნიშნულის მიუხედავად პოლიციელებმა მისცეს ჩვენება თითქოს მან შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელებს რაც არ დადასტურდა არცერთი მტკიცებულებით და არ შეესაბამება სიმართლეს. სასამართლომ თორნიკე ობოლაშვილი მხოლოდ იმ პოლიციელების ჩვენებების საფუძველზე გაამტყუნა, რომლებმაც ჩაიდინეს არაერთი სავარაუდო დანაშაული თორნიკე ობოლაშვილის მიმართ.

 

საკონსტიტუციო სასამართლოს თანამშრომლის, თორნიკე ობოლაშვილის ინტერესებს საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) იცავს.