სიახლეები

14
ივლისი2020

მოხმარებისთვის გამოუსადეგარი ოდენობით ნარკოტიკის უკანონო შეძენა/შენახვისთვის 5 წლით მსჯავრდებული პატიმრობიდან გათავისუფლდა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ, რამდენიმე წუთის წინ, დააკმაყოფილა GDI-ს შუამდგომლობა განაჩენის გადასინჯვის თაობაზე. სასამართლომ გააუქმა მსჯავრდებულისთვის სასჯელის სახედ და ზომად დანიშნული 5 წლიანი პატიმრობა და ის გაათავისუფლა პენიტენციური დაწესებულებიდან.

მსჯავრდებული 2017 წლიდან სასჯელს იხდიდა ნარკოტიკული დანაშაულისთვის, კერძოდ მეტამფეტამინის, წონით 0,000036 გრამი და ამფეტამინის, წონით 0,000033 გრამი შეძენისა და შენახვისთვის. სასამართლომ გაიზიარა დაცვის მხარის და ექსპერტის პოზიცია, რომ ნარკოტიკული საშუალებების აღნიშნული ოდენობები არ მიეკუთვნებოდა მოხმარებისთვის ვარგის დოზებს, ხოლო პატიმრობის გამოყენება წარმოადგენდა ღირსების შემლახავი სასჯელის გამოყენებას.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2020 წლის 4 ივნისის განჩინებით, ღირსების შემლახავი სასჯელის გამოყენებად მიიჩნია და არაკონსტიტუციურად ცნო სისხლის სამართლის კოდექსის იმ ნორმის შინაარსი, რომელიც პატიმრობის გამოყენებას ითვალისწინებდა მოხმარებისთვის უვარგისი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებათა უკანონო შეძენისა და შენახვისთვის.

GDI მზად არის განაჩენის გადასინჯვაში დაეხმაროს ყველა იმ პირს, ვინც მოხმარებისთვის უვარგისი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა/შენახვისთვის იხდის სასჯელს.