2022 წლის 30 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებმა გოჩა ჯეირანაშვილმა, ლაშა თავართქილაძემ და ოთარ სიჭინავამ (თავმჯდომარე) არ დააკმაყოფილეს შპს “ფორმულას”, შპს “მთავარი არხის” და ლევან ხაბეიშვილის სააპელაციო საჩივარი და ძალაში დატოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.
საქმე ეხება თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებას, რითაც სასამართლომ დააკმაყოფილა გრიგოლ ლილუაშვილის სარჩელი შპს “ფორმულას”, შპს “მთავარი არხის” და ლევან ხაბეიშვილის წინააღმდეგ. კერძოდ, სარჩელში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, გრიგოლ ლილუაშვილი, სადავოდ ხდიდა მედიაში გავრცელებულ განცხადებებს, რომლებიც დანაშაულებრივ სქემაში, ე.წ ქოლ-ცენტრების საქმეში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და მისი, როგორც ამ უწყების ხელმძღვანელის, სავარაუდო ფიგურირებას უკავშირდება. პირველმა ინსტანციამ მოსარჩელის მიმართ დაადგინა ცილისწამების ფაქტი და მოპასუხეებს დააკისრა იმავე მედიასაშუალებების მეშვეობით გავრცელებული ცნობების უარყოფა და მორალური ზიანის ანაზღაურება.
სააპელაციო სასამართლოში, მედიის წარმომადგენლები, ითხოვდნენ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებას, ასევე იმ განჩინების გაუქმებას, რომლითაც თბილისის საქალაქო სასამართლომ უარი თქვა საქმის წარმოების შეწყვეტაზე.
სააპელაციო საჩივარში მედიის წარმომადგენლები უთითებდნენ, რომ არასწორი იყო პირველი ინსტანციის შეფასება გაკეთებული განცხადებების ფაქტებად მიჩნევასთან დაკავშირებით, ვინაიდან ისინი იყო ჟურნალისტის მოსაზრებები და დასკვნები, რაც საკმარის ფაქტობრივ გარემოებებს ეყრდნობოდა და რის გამოც დაუშვებელია მათ სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროთ.
სამწუხაროდ, ამ შემთხვევაშიც, თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მედიის წარმომადგენლების მოსაზრებები და მათი არგუმენტაცია და პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
საყურადღებოა, რომ როგორც საქალაქო სასამართლოში, ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლოშიც დავის მიმდინარეობისას მსგავსი ძირითადი პრობლემები გამოიკვეთა, რაც მიგვანიშნებს, რომ ცილისწამების საქმეებთან დაკავშირებით, ეროვნული სასამართლოების მიერ ერთგვარი ტენდენცია ყალიბდება, კერძოდ:
სააპელაციო სასამართლოშიც, მოსამართლეებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიჩინეს სუს-ის ხელმძღვანელის წინააღმდეგ შეტანილი საჩივრის მიმართ. ამ შემთხვევაშიც, საქმე დადგენილი პრაქტიკისგან განსხვავებით, არაორდინალურად სწრაფად, შემჭიდროებულ ვადებში, განიხილეს;
სასამართლომ ისევ არ მიიღო მხედველობაში, რომ სახეზე არ გვაქვს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა, რომელიც განცხადების ცილისწამებლურად აღიარების შესაძლებლობას იძლევა. მათ შორის, არ დასტურდება ზიანი, რომელიც თითქოს გრიგოლ ლილუაშვილს მიადგა გავრცელებული განცხადებებით. ვერც ის დამტკიცდა, რომ მოპასუხეები მოქმედებდნენ აშკარა და უხეში დაუდევრობით, მიუხედავად ამისა, სასამართლომ მაინც დაადგინა, ცილისწამების ფაქტი;
მოსარჩელემ თავისი პოზიცია დაამყარა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილებების მანიპულაციურ განმარტებებს, რაც სასამართლოს შეცდომაში შეყვანის მცდელობას წარმოადგენდა, და როგორც ჩანს სასამართლომ ისინი გაიზიარა;
სასამართლომ არ გაითვალისწინა მსგავსი გადაწყვეტილების მიღებით გამოწვეული საფრთხეები. მათ შორის ყურადღება არ გაუმახვილებია იმაზე, რომ სარჩელი შეტანილია სუს-ის ხელმძღვანელის მიერ, რომელსაც მედიაში გავრცელებული კრიტიკული მოსაზრებების მიმართ მეტი თმენის ვალდებულება გააჩნია.
საყურადღებოა, რომ ხელისუფლებისა და მასთან დაკავშირებული სხვა გავლენიანი პირების წინააღმდეგ გაკეთებული კრიტიკული განცხადებები არაერთხელ ყოფილა სასამართლო დავის დაწყების საფუძველი. მსგავსი ტენდენცია არის სასარჩელო მექანიზმის ბოროტად გამოყენება, რომელიც მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების დაშინების გზით სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების უკანონო შეზღუდვას (ე.წ SLAPP სარჩელები). ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან უსაფუძვლო სარჩელების შეტანის ტენდენციის გათვალისწინებით კი, ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ქმნის განსაკუთრებით საშიშ პრეცედენტს, ვინაიდან არსებობს იმის მოლოდინი, რომ საჯარო პირების მხრიდან გაიზრდება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მართლმსაჯულების ობიექტად ქცევის შემთხვევები, რაც არსებითად შეუშლის ხელს მედიის წარმომადგენლების საქმიანობას და შექმნის „მსუსხავ ეფექტს“ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებისათვის.
ტელეკომპანია „ფორმულას“ ინტერესებს სასამართლოში GDI იცავს. საქმეს GDI, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით აწარმოებს.