საკუთრების უფლება და კონკურენცია

დაგროვებით საპენსიო სისტემაში ჩართვის სავალდებულოობის არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე

GDI „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 (საკუთრების უფლება) და მე-11 (თანასწორობის უფლება) მუხლებთან მიმართებით ითხოვს.

GDI-ს მიაჩნიათ, რომ დაგროვებით საპენსიო სისტემაში სავალდებულოდ ჩართვა და საპენსიო ფონდში სავალდებულო შენატანის დაწესება გაუმართლებლად ზღუდავს დასაქმებულის საკუთრების უფლებას, ხოლო დამსაქმებლისთვის, საკუთრების ჩამორთმევას უტოლდება. ბიუჯეტიდან დასაქმებულის სასარგებლოდ საპენსიო ფონდში სახსრების მიმართვა კი არ ეფუძნება თანასწორობის პრინციპს და მოქალაქეთა ქონებრივი ნიშნით დისკრიმინაციას იწვევს.

დაგროვებითი საპენსიო სისტემა 2019 წლის 01 იანვრიდან ამოქმედდა. 40 წლამდე დასაქმებული მოქალაქეებისთვის დაგროვებით საპენსიო სქემაში ჩართვა სავალდებულოა.  ისინი ვალდებულნი არიან საპენსიო ფონდში დასაბეგრი ხელფასის 2% შეიტანონ. თანხის გადარიცხვას ახორციელებს დამსაქმებელი დასაქმებულის სახელით.

მოქალაქეების იძულებას შექმნან დანაზოგი კანონმდებელი მოქალაქეების კეთილდღეობაზე ზრუნვისა და მათი სიბერის უზრუნველყოფის მოტივით ამართლებს. თუმცა, სახელმწიფო  ადამიანების ნაცვლად არ უნდა წყვეტდეს როგორ განკარგონ საკუთარი ქონება.

კანონმდებელი ახალი საპენსიო სისტემის შექმნის გამართლების ძირითად მიზნებად ჩანაცვლების კოეფიციენტის ზრდას, საბიუჯეტო ფისკალური რისკების შემცირებას და კაპიტალის ბაზრის განვითარებას ასახელებს. თუმცა, საკუთრების უფლების რომელიმე ამ მიზნით შეზღუდვა კონსტიტუციურ სტანდარტებს ვერ პასუხობს.

ჩანაცვლების კოეფიციენტი წარმოადგენს პროპორციულობის მაჩვენებელს დასაქმებულის ხელფასსა და მის პენსიას შორის. სახელმწიფო, საპენსიო რეფორმით მიზნად ისახავს გრძელვადიან პერსპექტივაში გაზარდოს მოქალაქეთა ხელფასის პენსიით ჩანაცვლების წილი. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სპეციალისტთა გათვლებით საპენსიო შენატანების 2% იანი ოდენობა არათუ ზრდის ჩანაცვლების კოეფიციენტს, არამედ 30 წლის შემდეგ, პირიქით, ამცირებს. შესაბამისად, ჩანაცვლების კოეფიციენტის ზრდის მიზანი საკუთრების უფლების შეზღუდვისთვის გამოუსადეგარი საშუალებაა.

საკუთრების უფლების შეზღუდვისთვის არც საბიუჯეტო ფისკალური რისკების შემცირების მიზანია გამოსადეგი. სიცოცხლის საშუალო ასაკის ზრდა და საპენსიო ასაკს მიღწეულ პირთა სიმრავლე ზრდის საბიუჯეტო ფისკალურ რისკებს, რადგან საპენსიო გაცემების ყოველდღიურად ზრდა მძიმე ტვირთად აწვება ბიუჯეტს. ამიტომ, სახელმწიფოები ცდილობენ საპენსიო გაცემების ტვირთი სახელმწიფოდან კერძო სექტორზე გადაიტანონ. თუმცა, შემოთავაზებული საპენსიო რეფორმა ამ მიმართულებითაც ხარვეზიანია. ის არ აუქმებს მოქმედ საბაზისო პენსიას და ამით კვლავ ტოვებს საბიუჯეტო ფისკალურ რისკებს.

რაც შეეხება კაპიტალის ბაზრის განვითარებას, GDI-ს მიაჩნია, რომ მოქალაქეთა იძულებით კაპიტალის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა სცდება სახელმწიფოს უფლებამოსილების ფარგლებს. ამასთან სახელმწიფო მოქალაქეებს ავალდებულებს საკუთარი ქონება დიდი ალბათობით რისკიან კაპიტალდაბანდებად აქციონ და საპასუხოდ მოქალაქეების ქონების დაკარგვის რისკის დაზღვევის და ზიანის ანაზღაურების რაიმე ბერკეტს არ სთავაზობს. საპენსიო ფონდში დაგროვილი თანხის დაკარგვის შემთხვევაში მოქალაქეები ზიანის ანაზღაურებას ვერ შეძლებენ.

GDI ასევე მიიჩნევს, რომ დამსაქმებლისთვის დასაქმებულის სასარგებლოდ ხელფასის 2% -ის საპენსიო ფონდში გადარიცხვის ვალდებულება, მისთვის, დამატებითი ახალი გადასახადის ბუნების მატარებელია. დამსაქმებელი თანხას იხდის სხვა პირთა სასარგებლოდ და ეს არის არა ეკვივალენტური, უპირობო ფულადი შენატანი, რომელიც საბოლოოდ სახელმწიფოს მიზნების შესრულებას ხმარდება და დამსაქმებლის საგადასახადო ტვირთს 2%-ით ზრდის. ამასთან, დამსაქმებელი ვერასდროს დაიბრუნებს მის მიერ გადახდილ თანხას, რაც სხვა არაფერია, თუ არა მისთვის ქონების ჩამორთმევა, კონსტიტუციით დადგენილი საფუძვლების საწინააღმდეგოდ.

GDI-ს მიაჩნია, რომ სახელმწიფოს მხრიდან 2%-იანი და 1%-იანი შენატანების ამ ფორმით განხორციელება ეწინააღმდეგება თანასწორობის კონსტიტუციურ პრინციპს. კანონმდებელი საპენსიო კონტრიბუციის განხორციელებისას არ ითვალისწინებს მოქალაქეთა ქონებრივ მდგომარეობას პენსიაზე გასვლის მომენტისთვის. ეს რიგ შემთხვევებში შეიძლება ნიშნავდეს, რომ პენსიაზე გასვლისას ქვეყნის ყველაზე დაბალშემოსავლიანმა მოსახლეობამ (სოციალურად დაუცველებმა) ვერ მიიღონ სათანადო პენსია, მაშინ, როდესაც უფრო მაღალშემოსავლიანებს გაცილებით დიდი მოცულობის საბიუჯეტო თანხა გადაუნაწილდებათ. სახელმწიფო უთანასწორო პირთა მიმართ ნეიტრალური მოპყრობით, მოქალაქეთა ქონებრივი ნიშნით დისკრიმინაციას ახდენს.

GDI საპენსიო სისტემაში მოქალაქეების იძულებით ჩართვის გაუქმებისა და საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე მისი მოქმედების შეჩერების მოთხოვნით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართავს.