გამოხატვის თავისუფლება

"აიისას" საქმე

საქმე №4/3070-18 და საქმე №4ა/291-18

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 4 მაისის და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 15 ივნისის დადგენილებები

მხარეები
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური
და
ი/მ „ანი გაჩეჩილაძე“

ფაქტობრივი გარემოებები

2018 წლის 18 აპრილს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა შეადგინა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი ი/მ „ანი გაჩეჩილაძის“ მიმართ. ოქმის თანახმად ი/მ „ანი გაჩეჩილაძის“ ფეისბუქ გვერდზე, ასევე „აიისა“-ს ბრენდით წარმოებულ პროდუქტზე განთავსებული იქნა არაეთიკური რეკლამა, რითაც დაირღვა რეკლამის წარმოების და გავრცელების წესი. თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლის არგუმენტაცია და ი/მ „ანი გაჩეჩილაძე“ ცნო სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძვლით, რაც გულისხმობს რეკლამის დაკვეთის, წარმოებისა და გავრცელებისათვის დადგენილი წესების დარღვევას.   ი/მ „ანი გაჩეჩილაძემ“ აღნიშნული დადგენილება გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოში, რომელმაც ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის დადგენილება.

როგორც საქალაქო, ასევე სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, არაეთიკური იყო ი/მ „ანი გაჩეჩილაძის“ ფეისბუქ გვერდზე და „აიისა“-ს პროდუქციაზე წარმოდგენილი წარწერები და გამოსახულებები, კერძოდ პროდუქტზე დატანილი წარწერა „ჩამოვკრავდი მაგრამ ნათლისღებაა,“ პროდუქტზე დატანილი წარწერა „ძლევაი საკვირველი“ და გამოსახულება - დიდგორის ბრძოლა, პროდუქტზე დატანილი წარწერა „სამეფო კარი თამარში“ და თამარ მეფის გამოსახულება და პროდუქტზე დატანილი ვიზუალი - ქალის მარცხენა ხელის გამოსახულება პრეზერვატივით, რაც სასამართლომ „მაკურთხებელ მარჯვენად“ შერაცხა.

სასამართლომ აღნიშნა, რომ ზემოხსენებული წარწერებისა და გამოსახულებების სექსუალური ხასიათის პროდუქტთან ერთად წარმოჩენა ხელყოფდა საჯარო მორალს და საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ წარმოდგენებს. პროდუქციის ნაწილზე დატანილი წარწერების მიზანი კი, თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურისა და ორივე ინსტანციის სასამართლოს შეფასებით, მორწმუნეთა რელიგიური გრძნობების მიმართ შეურაცხმყოფელი პათეტიკის წარმოდგენა და აშკარა, პირდაპირი და განზრახი დაცინვა იყო.

საბოლოოდ, როგორც თბილისის საქალაქო სასამართლომ, ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლომ ი/მ „ანი გაჩეჩილაძე“ ცნო სამართალდამრღვევად და დააკისრა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.